ისტორია

რა ტრაქტატი შეიქმნა ერეკლე მეორის კარზე საქართველოს ფეოდალურ-ფედერალური გაერთიანების დასაწყებად

№10

ავტორი: გია მამალაძე 22:00 19.03, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

1790 წელს ერეკლე მეორესთან მივიდნენ იმერეთის დიდებულები და სასულიერო იერარქები და მოსთხოვეს იმერეთის შეერთება ქართლ-კახეთის სამეფოსთან. კარგა ხანს ეთათბირებოდა ერეკლე ქართლ-კახეთის სამეფოს დიდებულებს, საბოლოოდ, უარი თქვა იმერეთის შემოერთებაზე.

სამაგიეროდ, ერეკლე მეფემ ცოტა ხანში იმერეთის დიდებულებს, საქართველოს სამეფო-სამთავროების მეთაურებსა და მცხოვრებლებს შესთავაზა გაერთიანების ახალი ფორმულა, ტრაქტატი. ინიციატორი ყოფილა სოლომონ ლეონიძე.

აღნიშნული ტრაქტატით ერეკლე მეფე, ვითარცა ქართულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ძლიერის ხელმწიფე, ყველაზე ავტორიტეტული მეთაური, სხვა ქართული სამეფო-სამთავროების მფარველობას იღებდა საკუთარ თავზე, ჰპირდებოდა მათ, რომ ქართლ-კახეთის მეფე მუდმივად დაეხმარებოდა სხვა ქართულ ქვეყნებს.

ეს ტრაქტატი იყო პირველი ნაბიჯი ქართული სახელმწიფოების პოლიტიკური კოალიციის, ფედერაციულის მსგავსი გაერთიანების შექმნის გზაზე.

იმერეთის მეფემ, ოდიშისა და გურიის მთავრებმაც მოიწონეს ტრაქტატი...

წინამდებარე ტრაქტატი გვაგონებს გერმანიის სამეფო-სამთავროების მიერ გერმანელი ხალხის საღვთო რომის იმპერიას (ფეოდალურ-ფედერაციული გერმანია, ერთიანი ინტერესებით, ერთიანი საგარეო პოლიტიკით, სამხედრო ძალითა და სხვა), რომელიც გერმანელი ხალხის ერთიანობის საშუალება იყო და რომელმაც შემდეგში გერმანიის ერთ იმპერიაში გაერთიანება მოიტანა, თუმცა სხვადასხვა სამეფო-სამთავროებს შიდა სუვერენიტეტი არ დაუკარგავთ. გერმანიაში, ყველა ქვეყანას ჰყავდა თავისი მეთაური, ხელმწიფე, მეფე, მთავარი, ჰერცოგი და ერთად ისინი ქმნიდნენ ძლიერ გერმანულ იმპერიას.

... მაგრამ რუსეთის იმპერიას ეს ხელს არ აძლევდა, ისევე, როგორც ოსმალურ იმპერიას და ირანს...

ერთ-ერთი მოტივი ამ ტრაქტატისა ისიც გახლდათ, რომ ერეკლე მეფესა და სხვა მეფე-მთავრებს სურდათ, ერეკლე მეფის მიერ დადებულ გეორგიევსკის ტრაქტატს იმერეთი, ოდიში (სამეგრელო) და გურიაც შეერთებოდნენ, ანუ შესულიყვნენ რუსეთის მფარველობაში. მეფე ერეკლეს, ალბათ, ისიც უნდოდა, რომ რუსებთან ოდნავ შერყეული მისი ურთიერთობები კვლავ გამოსწორებულიყო. გავიხსენოთ, რომ 1783 წლის ტრაქტატით, რუსეთი ერეკლეს ჰპირდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.

იმ დროს მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომი (1787-1791). ყველა მონაწილე მეფე-მთავრის მიერ დამტკიცებული ტრაქტატის ასლი ერეკლე მეორემ მაშინვე იასიში (ახლა რუმინეთი) ოსმალებთან მოლაპარაკებაზე მყოფ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, თავად პოტიომკინს გაუგზავნა. რუსებს ამ დოკუმენტით უნდა დაემტკიცებინათ, რომ საქართველოს სამეფო-სამთავროები საკუთარი ნებით შევიდნენ რუსეთის მფარველობის ქვეშ და რუსეთის დელეგაციას უფლება ჰქონდა, ემოქმედა მათი სახელით... ერეკლეს აზრით, ეს საჭირო იყო, რათა მოლაპარაკებებში, რუსეთის მეშვეობით, ქართული ქვეყნების ინტერესები ყოფილიყო დაცული...

ეს ყველაფერი აღნიშნულ ტრაქტატს სულაც არ აკნინებს, რადგან, მაინც გაერთიანების შეგნებით იყო შედგენილი.

ტრაქტატში იმიტომ არ ფიგურირებენ სამცხისა და აფხაზეთის მთავრები, რომ იმ დროისათვის აღნიშნული ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი და ამ ძირძველ ქართულ მიწებზე ქართული მმართველობა გაუქმებული იყო. მხოლოდ კონდოტიერ, გამუსულმანებულ-გათურქებულ ქართველებს შეეძლოთ, დაეკავებინათ მაღალი თანამდებობები ამ კუთხეებში, ისევე როგორც საქართველოსთვის უფრო ადრე წართმეულ, ძირძველ ქართულ მხარეში, ტრაპიზონ-ლაზეთში.

აღნიშნული ტრაქტატით ქართული სახელმწიფოების გაერთიანების საქმე დაიწყო. იმერეთის მეფე, ერეკლე მეფის შვილიშვილი – სოლომონ მეორე, სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი, რომელიც ერეკლე მეფის სიძე იყო, ერეკლეს მემკვიდრე ვაჟის, გიორგის ასული, ნინო ჰყავდა ცოლად და გურიის მთავარი სიმონ მესამე გურიელი, ფაქტობრივად, აღიარებდნენ ერეკლეს უპირატესობას, ერთიანობისა და ურთიერთდახმარების აუცილებლობას. მართლაც, სოლომონ მეორე იმერეთის ტახტზე ერეკლე მეფის ხელშეწყობით ავიდა. გრიგოლ დადიანმაც, ერეკლეს სიძემ, ქართლ-კახეთის მეფის დახმარებით შეინარჩუნა ტახტი. სიმონ გურიელს კი ისედაც სჭირდებოდა დამხმარე.

ტრაქტატის ტექსტი:

„ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა

ვინაიდან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერისა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთი მორწმუნეობა, არიან შვილნი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა (სავალდებულო – გ. მ.) სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვარობით შეკრულთა ურთიერთთა შორის.

ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულად ქვეყანათა ივერიისა და მეფენი და მთავარნი დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა სახელით ყოვლად ძლიერისა ღვთისათა აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების.

უფლის იესო ქრისტეს მონა მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა, ირაკლი მეორე ქრისტიანებრითა თანამდებობითა გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა შვილიშვილსა ჩემსა სოლომონს და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს, და მთავარსა გურიის სვიმეონს და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა ქვემოისა იბერიისა ესრეთ:

მუხლი პირველი

შევრაცხოთ ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა, და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მუხლი მეორე

მაქვნდეს ზრუნვა დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა, და ყოვლისა შეძლებისა ჩემისაებრ ვიყო შემწე თქვენდა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მუხლი მესამე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა ვითარცა მამა საზოგადო მათი.

მუხლი მეოთხე

უკეთო აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისაებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.

მუხლი მეხუთე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარიცა მაქვნდეს შეკრულება. ვიყო მწადნელი თქვენდაცა უბედნიერესსა შინა მდგომარეობასა მოყვანებად მფარველობითა ერთბაშად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მუხლი მეექვსე

აღთქმა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობათა თვით ძეთა ჩემთა, თავადთა საქართველოსათა და საზოგადოდ ერთა სჯულვუდებ, საუკუნოდ ერთგავარდ შეერთებასა ამას ქვემოისა ივერისა თანადა ვამცნებ ყოველთავე, რათა მტკიცედ ებნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავ ესრეთ ფიცი ვითარცა თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმიწერისა ამისა ჩემისაებრ.

მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ერეკლე

დედოფალი ქართლისა, კახეთისა და სხვათა დარეჯან

საქართველოს კათალიკოსი ანტონ

ვიცე კანცლერი სოლომონ ლიონიძე“

(ტრაქტატში აღნიშნულ სხვა საკითხებზე სხვა დროს ვისაუბრებთ).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი