ისტორია

რა სთხოვა ბერმა ხუედიოსმა გრიგოლ ხანძთელსა და მის მეგობარ ახალგაზრდა ბერებს

№18

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 13.05, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

759 წელს ქართლის ერისთავის, ნერსე მეორის ცოლის ძმის ოჯახში დაიბადა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მომავალი მნათობი, „უდაბნოს ვარსკვლავად“ წოდებული გრიგოლ ხანძთელი. იზრდებოდა ნერსე ერისთავის კარზე. ბავშვობიდან განსაკუთრებული იყო, არ თამაშობდა, არ ჭამდა ხორცს, არ სვამდა ღვინოს, მუდამ მეცადინეობდა და მარხულობდა.

სრულწლოვანი რომ გახდა, ალბათ, 25 წლის, მღვდლად აკურთხეს. შემდეგ მისი ეპისკპოსად კურთხევა უნდოდათ, მაგრამ, არ მოინდომა და თავის დეიდაშვილთან, იშხნის მეორედ მაშენებელთან, საბა იშხნელთან, თეოდორესთან, ნეძვის მაშენებელთან და ქრისტეფორესთან, კვირკეთის მომავალ მაშენებელთან ერთად კლარჯეთის დაუსახლებელ უდაბნოებს მიაშურა.

გრიგოლ ხანძთელი და მისი მეგობრები კლარჯეთში – ოპიზაში ორი წელი ცხოვრობდნენ. ოპიზასთან ახლოს, ხანცთაში (ხანძთაში) იმ დროს მოღვაწეობდა მარტომყოფი ბერი, წმიდა და მართალი კაცი, რომელსაც ერქვა ხუედიოსი.

ვინც ნამყოფია ხანძთაში, იცის, რა საოცარი ადგილი იყო ის განმარტოებისთვის, ბერული ცხოვრებისთვის, მონასტრისთვის. გარშემო ციცაბო მთები და „ფიცხელი“ კლდეებია, საცხოვრებლად შეუძლებელი, ხანძთა კი მოფარებული წალკოტია, ძნელად მისადგომი და ადამიანთაგან მიმალული, თითქოს საგანგებოდ, უფლის მიერ, რადგან იქ უნდა ჩაყროდა საფუძველი დიდ მოვლენებს.

ნეტარ ხუედიოსს ჰქონდა ხილვა, რომ იმ ადგილას, სადაც შემდეგ ხანძთის ეკლესია აშენდა, იდგა ეკლესია ნათლის ღრუბლით გარსშემოდგმული, საკმევლის ნელსურნელება იფრქვეოდა და ცამდე აღწევდა.

ხმაც ჩაესმა მამა ხუედიოსს: „აქ აშენდება წმიდა ეკლესია, ღვთისნიერი კაცის – გრიგოლ მღვდლის ხელით.” ძალიან გაუხარდა განდეგილს და ელოდა უწყებულის განხორციელებას. მამა გრიგოლსაც ქრისტესგან ეცნობა ნეტარი ხუედიოსის შესახებ. სულიწმიდის წინამძღვრობით მიიწია ნეტარი გრიგოლი ხანცთას და ინახულა წმიდა ხუედიოსი. ძალიან გაიხარეს ერთმანეთის ნახვით.

მოხუცმა ხუედიოსმა თავმდაბლად სთხოვა ახალგაზრდა გრიგოლს, მაკურთხე, შენ ხომ მღვდელი ხარო.

როგორც ძველმა მეგობრებმა მოიკითხეს ერთმანეთი და უამბეს თავ-თავისი ჩვენებების შესახებ...

წმიდა ხუედიოსმა უთხრა მამა გრიგოლს: „შენ შემთხვევით არ მოსულხარ ამ უდაბნო ადგილას, ძალა უფლის ძისა, სულიწმიდის სიბრძნე და მადლი ღვთის მამისა მოგიძღოდა წინ. რომლის წინაშე წარხდომილია ყოველი ცბიერების მანქანება, როგორც ობობას ქსელი ქარში. იცის ბოროტმა შენი სიწმინდის ძალა და ყოველი უკეთური დაითრგუნება შენ ფერხთა ქვეშ, წმიდა მამაო“.

ბერმა ხუედიოსმა სიხარულით გაშალა ტაბლა, აკურთხეს სუფრა და მცირე საკვებით ტკბილად იტრაპეზეს.

შემდეგ კვლავ დაიწყეს სულის საცხონებელ თემებზე საუბარი. დაღამდა ის დღე და გათენდა დილა, ისინი თვალმოუხუჭავად ლოცულობდნენ და გალობდნენ.

განთიადმა გამოაჩინა მშვენიერი სანახები ხანძთისა. ხუედიოსმა დაათვალიერებინა მამა გრიგოლს იქაურობა. ძალიან შეუყვარდა წმიდა გრიგოლს ის არემარე და უთხრა ნეტარ ბერს: - „წავალ ოპიზას და მოვიყვან ჩემს ძმებს, რომ იკურთხონ შენი წმინდა ლოცვით“.

ოპიზას მისულმა ახარა თავის მეგობრებს, რომ ნახა წმიდა ბერი ხუედიოსი და იხილა მშვენიერი ადგილი.

მივიდნენ აბბა გიორგისთან, ოპიზას წინამძღვართან, მიიღეს მისგან კურთხევა და სიხარულით გაეშურნენ ხანძთისკენ. ადიდეს ღმერთი და სიყვარულით მოიკითხეს წმიდა ბერი, ზეცის ანგელოზის მსგავსი.

ბერ ხუედიოსს გაუხარდა ახალგაზრდა ბერების სურვილი მასზე ზრუნვისა, მაგრამ მას სხვაგვარი აღთქმა ჰქონდა, ამიტომ უთხრა: „მინდა, იცოდეთ, რომ ღვთის ნებით სიკვდილამდე თვითონ უნდა მოვუარო თავს. აღთქმული მაქვს უფლისათვის მარტომყოფობა. სულით და გულით თქვენთან ვიქნები, მაგრამ ჩემი აღთქმის შესრულება მინდა“. შემდეგ მამა გრიგოლს სთხოვა, წაეყვანათ იქვე ახლოს მყოფ გამოქვაბულში, რათა იქ გაეტარებინა უკანასკნელი დღეები და მის სიკვდილამდე ბევრი ხალხი არ მიეყვანათ იქ.

მეგობრები არ შეწინააღმდეგებიან. მიიყვანეს გამოქვაბულში.

მეგობრებმა დაიწყეს მონასტრის მშენებლობა. გაუჭირდათ სენაკებისთვის ადგილის დავაკება. დიდი შრომა დასჭირდათ, რადგან იქაურობა კლარჯეთის სხვა უდაბნოებზე რთული რელიეფისაა.

ხანძთის გარშემო მთები, კლდეები და ხევებია, რომ შეუყვები აღმართს ხეობიდან, მკაცრი კლდეებისა და ციცაბო მთების მეტი არაფერი ჩანს, მაგრამ მიუახლოვდები თუ არა ადგილს, სადაც ბერი ხუედიოსი იყო განმარტოებული და სადაც დამკვდრდნენ გრიგოლ ხანძთელი და მისი მეგობრები, სრულიად სხვა სამყაროში ხვდები, თითქოს, საკმაოდ პატარა მონაკვეთი, მონასტრისთვის საკმარისი, ჩაფლულა მწვანეში, მოჩქეფს კამკამა წყარო, თითქოს ღმერთმა შექმნა განდეგილების სამყოფლად. ახლა იქ ჩვენი ისტორიის დიდების ნაშთი შემონახულა.

არ ჰქონდათ არც ცული და არც წერაქვი. ყველაფერი ოპოზელმა მამებმა მისცეს. თვითონაც ეხმარებოდნენ ფიზიკურად და საკვებსაც აწვდიდნენ. მაშინ იმ ტერიტორიაზე სხვა მონასტერი არ იყო გარდა ოპიზისა, არც მოსახლეობა იყო ახლო არემარეში, რადგან კლარჯეთში, შავშეთში და ტაოში არაბების შემოსევების გამო მოსახლეობა მხოლოდ ადგილ-ადგილ იყო შემორჩენილი.

პირველად ააშენეს ხის ეკლესია, შემდეგ პატარა სენაკები და ერთიც დიდი სენაკი – საოსტიგნედ, სატრაპეზოდ, სამზარეულოდ.

შენდებოდა და ვითარდებოდა ხანძთის მონასტერი. რთული შრომა უწევდათ მეგობრებს, თუმცა ყველაფერს ითმენდნენ და სიხარულით აკეთებდნენ.

როგორც ვთქვით, ნეტარი ხუედიოსი ძალიან მოხუცებული იყო და ელოდა გარდაცვალებას. მივიდა მასთან გრიგოლ ხანძთელი თავის მეგობრებთან ერთად, მოიკითხეს და სთხოვეს:

– „გვაკურთხე წმიდა მამაო, რამეთუ უფალთან მიდიხარ“.

წმინდა ხუედიოსმა დალოცა ისინი და უთხრა:

– „ღვთის ხელს ვავედრებ ჩემს სულს, ხოლო თქვენ გავედრებთ ჩემს ხორცს, ღვთის ნებით ერთად ვიხაროთ საუკუნოდ ჩვენ“.

მიიძინა ნეტარმა ხუედიოსმა და აივსო მღვიმე ნელსურნელებით, ანგელოზთა გალობა გაისმა, რომლებმაც სიხარულით წაიყვანეს მისი სული ქრისტესთან. ხოლო გრიგოლ ხანძთელმა და მისმა მეგობრებმა წააბრძანეს ნეტარის ნეშტი და გალობით დაკრძალეს.

ნელ-ნელა მრავლდებოდა ბერთა რიცხვი ხანძთაში. მამა გრიგოლი ცდიდა და მხოლოდ ისე იღებდა საძმოში ადამიანებს. ხანძთაში მხოლოდ უმანკო გულის, უზაკველი და უდრტვინველი სიმდაბლის, მორჩილი, შრომისმოყვარე ადამიანი შეიძლება დარჩენილიყო.

ასე სულიერად ამაღლებულად ცხოვრობდნენ ისინი, თუმცა მატერიალურად დიდ გასაჭირში იყვნენ.

ხანძთასა და კლარჯეთში დიდი ამბები მზადდებოდა.

გაიოზ მამალაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი