ისტორია

რა მოსწერა რომის პაპმა რუსუდან მეფეს და რატომ ვერ წავიდოდა ქართული ჯარი წმიდა მიწაზე სალაშქროდ

№29

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 30.07, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გიორგი მეოთხემ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ჩვენს მეფეს უნდოდა უფლის საფლავის კვლავ გამოხსნაში მიეღო მონაწილეობა; გარდა ამისა, ეს იქნებოდა საქართველოს პრესტიჟის კიდევ უფრო ამაღლება და ჩვენი ქვეყნის გავლენის გავრცელება წმიდა მიწაზე და რეგიონში.

მაგრამ, წმიდა მიწაზე გასალაშქრებლად ჩვენი წინაპრები ვერ მოიცლიდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს დაზვერვა ცუდად მუშაობდა, ლაშა-გიორგი კარზე არ იცოდნენ რა ხდებოდა აღმოსავლეთში, აზიაში. 1219 წელს ჩინგიზ ყაენის ჯარმა დაიწყო შეტევა ხორეზმის საშაჰოზე, რომელიც ჩვენგან არცთუ შორს მდებარეობდა.

ლაშა-გიორგი ემზადებოდა ჯვაროსნულ ომში მონაწილეობის მისაღებად. დიდ საომარ კამპანიას, მით უმეტეს, ქვეყნიდან შორს, კარგი მომზადება უნდოდა, შეიარაღების, ცხენების, ურმების, საკვებისა და ასე შემდეგ, მომარაგება. შესაძლოა, რაღაც ცნობები მოვიდა ჩვენს სამეფო კართან ხორეზმში და მერე ადარბადაგანში მიმდინარე ბრძოლების შესახებ და ამან შეაფერხა კიდეც ჩვენი ჯარის გალაშქრება წმიდა მიწისკენ.

1120 წელს საქართველოს მონღოლთა ჯარის ერთი ნაწილი მოადგა. სამწუხარო ისაა, საქართველოს სამეფო კარს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყვნენ მონღოლები, თავიდან ქრისტიანები ეგონათ, ზოგიერთი მონღოლური სიმბოლოს გამო, რომელიც ჯვარს ჰგავდა. არც მათი საბრძოლო ტაქტიკის შესახებ იცოდნენ რამე. მართალია, პირველი მარცხის მიუხედავად, 1121 წელს ლაშა-გიორგიმ მონღოლები მოიგერია, მაგრამ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ჯარს, ქვეყანას. თან, 1221 წლის ზაფხულში ეგვიპტის სულთანმა ალ-კამილმა წარმატებას მიაღწია ჯვაროსნებთან ბრძოლაში და მათ შორის ზავი დაიდო. ჩვენი წინაპრები ვერ წავიდნენ წმიდა მიწის გასათავისუფლებლად.

მაგრამ, ჰონორიუს მესამე ახალი ლაშქრობისკენ მოუწოდებდა ქრისტიან მონარქებს. 1123 წელს რუსუდან მეფემ და ივანე ათაბაგმა წერილები გაუგზავნეს პაპ ჰონორიუს მესამეს და ჯვაროსნულ ომში მონაწილეობაზე თანხმობა განუცხადეს. რუსუდანის კარზე კარგად არ ესმოდათ, რა ხდებოდა მეზობლად, ირანში, ხორასანში, ხორეზმში. სად ეცალა ქართულ ჯარს უცხოეთში წასასვლელად, როცა თავდაცვითი ომები უნდა გაემართა და ამისთვის შესაბამისი მომზადება სჭირდებოდა.

რომის პამა შეიფერა რუსუდანის სამეფო კარის მიერ მისი „ყველა ქრისტიანების მთავრად“ აღიარება. რუსუდან მეფეს გახარებული ჰონორიო მესამესგან საპასუხო წერილი მოუვიდა:

„პაპი ონორიო III. – მამობრივის სახიერებით მივიღეთ და გულმოდგინებით ყურადვიღეთ თქვენი უმაღლესობის წერილი, სავსე მხურვალე მორწმუნეობის სუნელებით.

უფლისამიერ დიდათ განვიხარეთ თქვენის ერთგულებით ჩვენდამი და რომის ეკლესიისადმი, რომელიც არის დედა და მოძღვარი ყოველთა ქრისტიანეთა.

გვასიამოვნა აგრეთვე თქვენმა კეთილმა სურვილმა წმიდა ადგილების დახსნისამ, იმ ადგილებისამ, სადაც, გამოუთქმელის სიყვარულით ჯვარზედ სიკვდილი ინება უფალმა იესო ქრისტემ კაცთა ნათესავის სამარადისო სიკვდილისაგან დახსნისა და ცხონებისათვის.

ხოლო თქვენის ნეტარ ხსენებულის ძმის, საქართველოს მეფის, სიკვდილის გამო გიბრალებთ მამობრივის გულის წვითა; ამასთანვე გაგვახარა იმ ამბავმა, რომ მისი სამეფო თქვენ მშვიდობიანად ჩაგიბარებიათ, ვითარცა გვაუწყეთ თქვენის წერილით.

ვევედრებით ღმერთსა, რომლის ხელშია სამეფონი და ძალნი მათნი, რათა თქვენ და თქვენი სამეფო ერთად დაგიცვასთ თავისს სარწმუნოებასა და ერგულებაზედ და ეგრეთვე მოგმადლოსთ ყოველი სიკეთე და დაგიფაროსთ. თუმცაკი ხორციელად შორს ვართ, გარნა თქვენთან ვიმყოფებით სულითა და გონების თვალით გხედავთ თქვენა და თქვენის სამეფოის ქრისტიანებს; მასთანვე გვახარებს თქვენი მორწმუნეობა, რომელიც გაქვსთ უფლის იესო ქრისტეს სარწმუნოებისადმი და რომელიც დიდათ სათნო საყოფელია, რადგან მას იცავთ ურწმუნოთა შორის, რომლებთანაც სცხოვრებთ, და ბრწყინავთ, როგორც ნათელი სიბნელეში და შროშანი ეკლებში; ამიტომ მოელოდეთ თქვენის სარწმუნოების ბედნიერ აღსასრულს, თქვენის სულის ცხონებას. რაის გამო შევაგულიანებთ უფლის მიერ თქვენს ხელმწიფებას, რათა მტკიცედ სდგეთ აღთქმაზედ ქრისტესსა, რომელმაცა სთქვა: „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა.“

მის აღსარებასა და მისი წმიდა სახელის ქებაში მტკიცედ იყავით, ეგრეთვე თქვენის კეთილის მაგალითით მხნედ დაიცევით თქვენნი ქვეშევრდომნიც, რათა მათთან ერთად ამ წარმავალის ცხოვრების შემდგომ, მოიპოვოთ საუკუნო სასუფეველი. შესახებ იმისა, რომ გსურსთ შეიტყოთ დრო წასვლისა ჩვენის ქრისტეს მიერ საყვარელის შვილის ფრედერიკო ბრწყინვალის, რომის იმპერატორისა და სიჩილიის მეფისა, რათა თქვენც თქვენის მხედრობით შეეწიოთ წმიდა ადგილების დახსნის დროს, მოხარული ვართ თქვენის კეთილის განზრახვისა და გაუწყებთ ამ წერილით, რომ ეს იმპერატორი დიდის ძალით შეიჭურვა და მომავალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულის შემდგომ ერთის წლით მიდის ბევრის სამზადისით და თან მიჰყავს აღურიცხველი მორწმუნე ერი წმიდა ადგილების დასახსნელად. უფლისა მიერ გაგონებთ და გამხნევებთ რომ, თანხმად თქვენის საქებურის დაპირებისა, ეცადოთ და ისე მოამზადოთ თქვენი მხედრობა, რათა თქვენის დიდებულების შესაბამი სამსახური მიაგოთ იესო ქრისტესა. ამ დიდისა და წმიდა საქმისთვის თუ თქვენ და თუ თქვენნი ქვეშევრდომნი რაოდნათაც კარგად, ნებიერად და გულ მოდგინებით მოემზადებით, ეგოდნათ დიდს სასყიდელს მიიღებთ უფლისაგან. ამიტომ ვაუწყებთ თქვენს ერთგულებას, რომ ვინც ამ შრომაში (ჯვაროსნობაში) მიიღებენ მონაწილეობას, ან თვით წავლენ, ან სხვას გაგზავნიან, ან ფულით შეეწევიან და ან სხვისი ხარჯით წავლენ, მათ ყოველთა ვანიჭებთ მოციქულებრივის შენდობით ყველა ცოდვების მოტევებას, უკეთუ ჭეშმარიტად შეინანებენ და აღსარებას იტყვიან.

აწ თქვენ ეს წიგნი წააკითხეთ ყველა თქვენთა ქვეშევრდომთა, რომელთაც, თქვენის თხოვნისამებრ, ვანიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას და გპირდებით თქვენა და მათ ჩვენს პატივისცემას და მფარველობას, როდესაც კი საჭირო იქნება და როგორათაც შეჰფერის სამოციქულო საყდარსა.

12 მაისისა, 1224.“

ჩვენს სამეფო კარზეც გაუხარდათ პაპის წერილი, ის ხომ „მოციქულებრივს კურთხევას, პატივისცემასა და მფარველობას“ ჰპირდებოდა.

საქართველოს სამეფო კარზე კრიზისი იყო. არ არსებობდა ინფორმაცია მსოფლიოს ახალი დამპყრობლების, მონღოლების შესახებ. ჩვენს წინაპრებს მონღოლთა ჯარის ის ნაწილი, რაც ლაშამ 1121 წელს მოიშორა, მთელი მონღოლური არმია ეგონათ.

მალე, საქართველოში მონღოლთაგან დევნილი ჯალალედინი შემოიჭრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი