ისტორია

რა მისწერა რუსუდან მეფემ რომის პაპს პირველად

№20

ავტორი: გია მამალაძე 22:00 28.05, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გამეფებიდან მალე, დაახლოებით, 1223 წელს, რუსუდან მეფემ წერილი მისწერა რომის პაპს და ჯვაროსნულ ომში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

მისი ძმა, მეფე გიორგი მეოთხე-ლაშა, აპირებდა ჯვაროსნულ ომში მონაწილეობის მიღებას და ემზადებოდა კიდეც, მაგრამ, წმიდა მიწაზე ქართველთა გალაშქრებას ჯერ მონღოლების საქართველოში შემოჭრამ, მერე ლაშა-გიორგის სიკვდილმა შეუშალა ხელი.

იმ დროს რომის პაპის ტახტზე იჯდა ჰონორიუს მესამე, რომელსაც ცხოვრების უმთავრეს მიზნად ჰქონდა წმიდა მიწაზე ქრისტიანთა ძალაუფლების აღდგენა. რამდენიმე წლით ადრე, 1217 წელს, გამოცხადდა მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება. თუმცა, ევროპელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და 1121 წელს მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა. რომის პაპი მაინც ცდილობდა ევროპელი მეფე-მთავრების დარწმუნებას, გაელაშქრათ იერუსალიმის გასათავისუფლებლად. ზოგი შეიპირა, მათ შორის, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი, ფრიდრიხ მეორე, ჰოჰენშტაუფენი, რომელიც სხვადასხვა ვითარებების გამო მანამდე თავს იკავებდა. იგეგმებოდა მეექვსე ჯვაროსნული ომი. პაპის კურიას ძალიან უნდოდა, საქართველოს უძლიერეს ჯარს ჩრდილოეთიდან მაჰმადიანებისთვის შეეტია.

1100-1118 წლებში იერუსალიმს ფლობდა ეგვიპტის სულთანი, აიუბიდთა დინასტიის წარმომადგენელი, იერუსალიმის დამპყრობლის, სალადინის ძმა, ალ-ადილ პირველი, 1118 წლიდან მისი ვაჟი – ალ-ქამილ პირველი.

თამარ მეფეს ჯერ სალადინთან დადებული ჰქონდა ზავი, მერე, 1206 წელს, ალ-ადილთან დადო ახალი, 30-წლიანი ზავი, რომლის ძალითაც, სხვა პრივილეგიებთან ერთად, ქართველ მომლოცველებს წმიდა მიწაზე თავისუფალი მოლოცვის უფლება ენიჭებოდათ.

მაგრამ, ეტყობა, ვითარება შეიცვალა და საქართველოს სამეფო კარმა, ჯერ ლაშას, მერე რუსუდანის დროს გადაწყვიტა, შეჭრილიყო მაჰმადიანების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.

ტფილისსა და რომს შორის მიმოწერა მიმდინარეობდა. ზოგიერთი წერილი, უფრო სწორად, მათი თარგმანები, ქართველმა ისტორიკოსმა მიხეილ თამარაშვილმა აღმოაჩინა ვატიკანის არქივებში და გამოაქვეყნა. ამ მიმოწერიდან ბევრი რამის შეტყობა ან დაზუსტება შეიძლება. რუსუდან მეფე წერდა რომის პაპს:

„უწმიდესს პაპს, მამას და ყველა ქრისტიანების მთავარს, წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. ჩვენ მდაბალი რუსუდან აფხაზთა დედოფალი, თქვენი ერთგული მხევალი და ასული უმდაბლესად თავს გიკრავთ და მოგესალმებით“.

„როგორც უდიდესი და უმაღლესი ბძანდებით, ისე ღვთისაგან იმედი მაქვს, უფალმა შეგისრულოსთ ყოველი თქვენი გულითადი ნატვრა. უკეთუ თქვენდამი წარმოგზავნილი წერილის გამო ჩვენთვის გულმოწყალე ხართ და იკითხავთ ჩვენს ამბავს, ვაუწყებთ თქვენს სიწმიდეს, რომ ძმა ჩემი ქართველთა მეფე მიიცვალა და მისი სამეფო მე მერგო. აწ ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენ ქვეშევრდომ ქრისტიანეთათვის. დამიეტში (დუმიეტა საპორტო ქალაქია ეგვიპტეში) მყოფის თქვენის ელჩისაგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომე ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თქვენც შეიტყეთ, დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენს ერსა და დაგვიხოცეს ექვსი ათასი კაცი. ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა; მაგრამ როდესაც ვსცანით, რომ კარგი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინ შევკრიბეთ ყოველი ჩვენი ძალა და წინ აღვუდექით, ოცდახუთი ათასი კაცი გავუწყვიტეთ, ბევრიც დავატყვევეთ და დანარჩენი მათი მხედრობა ჩვენის ქვეყნიდგან გავდევნეთ: აი ამის გამო აქ დავრჩით და თქვენის ელჩის ბრძანებისამებრ ვერ წამოვედით.“

„ხოლო აწ დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ თქვენის ბრძანებით, იმპერატორი სირიაში უნდა წავიდეს წმიდა ადგილების დასახსნელად. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ როდის უნდა გამოიაროს, იმპერატორმა, რათა ჩვენც წმიდა ადგილების დასახსნელად გავგზავნოთ ჩვენი მხედართმთავარი ივანე მთელის ჯარით იმ ადგილს, საცა თქვენ ინებებთ. აგრეთვე გაუწყებთ, რომ ამ ჩვენმა მხედართმთავარმა და ჩვენის სამეფოს სხვა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა და წასვლას ელიან. ამისთვის ვევედრებით და ვსთხოვთ თქვენს უწმიდესობას, რათა მოგვწეროთ და გვიბოძოთ თქვენი კურთხევა ჩვენ, აღმოსავლეთში მყოფ ქრისტიანებს. ამ წერილის მომტანს, ჩვენს საყვარელს დავითს, ანის ეპისკოპოზს, ისე ერწმუნეთ ყველაფერში, ვითომც ჩვენის პირისგან გსმენოდესთ. თქვენთა წმიდა ლოცვათა შინა მოგვიხსენიეთ”.

რუსუდანის წერილის საფუძველზე, მიხეილ თამარაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკლესიას არ გაუწყვეტია კავშირი რომის ეკლესიასთან, როგორც ეს ბერძნულ-ბიზანტიურმა ეკლესიებმა გააკეთეს 1054 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსუდან მეფე ასე არ მიმართავდა რომის პაპს (შესაძლოა, თარგმანის ცოტაოდენი უზუსტობაც იყოს – გია მამალაძე).

გარდა ამისა, წერილით მტკიცდება ჩვენი თვალსაზრისი, რომ ერთმნიშვნელოვნად, მონღოლებს არ დაუმარცხებიათ ქართული ჯარი ლაშა-გიორგის დროს. არამედ, მხოლოდ ბრძოლის პირველ ეტაპზე დაგვამარცხეს. ისიც, მათი ვერაგული მანევრით, ვითომ გაიქცნენ ბრძოლოს დროს, გაიტყუეს ქართული ჯარი, რომელიც მათ გამოეკიდა, შეიტყუეს ჩასაფრებაში, თვითონაც მოუბრუნდნენ და ისრების წვიმა დააყარეს ჩვენს წინაპრებს. ჩვენები დამარცხდნენ და უწესრიგოდ გამოეცალნენ ბრძოლის ველს. მეფე გიორგი დაიჭრა. თუმცა, მონღოლებმა ვერ შეძლეს ამ წარმატების გამოყენება და შემდეგ შეტევაზე არ გადმოსულან, ვინაიდან, დაჭრილმა მეფემ მოახერხა ჯარის გადაჯგუფება, კვლავ დაიკავა პოზიციები და შეუტია კიდეც. როგორც წერილიდან ჩანს, წარმატებულად და დიდი ზიანი მიაყენა მონღოლთა ჯარს. თუმცა, რუსუდანის წერილში თქმული, თითქოს 25 000 მეომარი გავუნადგურეთ მონღოლებს, გადაჭარბებული უნდა იყოს.

რუსუდანის სიტყვებს ლაშა გიორგის მემატიანე ადასტურებს: „შემოვიდეს უცხო-თესლნი ვინ-მე ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს, ევნო რა-მე მცირედი მათგან-ცა. შექცეულთა მიეწია ბალის წყალთა ზედა და პირველი წყლულება მათგან იქმნა. შემდგომ მოხედვითა ღმრთისათა და ლმობიერ-ქცევითა მეფისა გიორგისითა გააქცივნეს და ამოსწყდნეს გაქცეულნი“.

რამდენიმე თვის შემდეგ, მონღოლებმა შეივსეს რიგები დაქირავებული მეომრებით და კვლავ გაემზადნენ ბრძოლისთვის: „და მეორესა წელიწადსა კუალადცა მომართეს და დადგეს ბარდავის ჭალასა. შეიყარა სამეფო მისი და მოირთნა კარნუქალაქის ლაშქარნი, დადგა ლომთა-გორსა და აგარათა შუა და ვიდრე ზედა მისულადმდე გაექცნეს, განვლეს დარუბანდისა გზა“.

ქართველებს არავინ ეგულებოდათ მათი მომრევი. ახლა იერუსალიმის გათავისუფლება უნდოდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი