ისტორია

რა იყო ყველაზე ძვირფასი დანაკარგი ჩვენთვის, რაც წაიღო თემურლენგმა ტფილისის აღებისა და ძარცვის შედეგად

№7

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 24.02, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1376 წელს ჩინგიზ ყაენის შთამომავალმა, ოქროს ურდოს ყაენმა, ურუს-ხანმა მოაკვლევინა თავისი ნათესავი, მანგიშლაყის მმართველი, ასევე ჩინგიზ ყაენის შთამომავალი, თოი (თუი)-ხოჯა. თოი ხოჯას შვილი, უფლისწული თოხთამიში გაიქცა სამარყანდში, გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის, თარაღაის შვილთან, ამირა თემურთან, რომელიც მართავდა მავერანაჰრს, ისტორიულ ოლქს ცენტრალურ აზიაში, სამარყანდ-ბუხარის რეგიონში. მომავალ წლებში თემური მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობელი გახდა. იგი ახალგაზრდობაში ფეხში დაუჭრიათ და დაკოჭლებულა. ამიტომ უწოდეს ლანგ (ლენგ) თემური – კოჭლი თემური. ლანგი ტაჯიკურად კოჭლს ნიშნავს.

თემურლენგის ჯარით ორჯერ სცადა თოხთამიშმა ოქროს ურდოს ჯარის დამარცხება, მაგრამ, ორივეჯერ დამარცხდა ურუს-ხანის შვილებთან და კვლავ თემურლენგთან გაიქცა. ურუს-ხანმა მოსთხოვა თემურლენგს თოხთამიშის გადაცემა, მაგრამ, უარი მიიღო.

თემურლენგი თვითონ შეიჭრა ოქროს ურდოში. მოულოდნელად ურუს-ხანი მოკვდა. ოქროს ურდოს აღმოსავლეთი მხარე დაემორჩილა თოხთამიშს. 1378 წელს თოხთამიში თემურლენგის დახმარებით შეიჭრა ოქროს ურდოს დასავლეთ მხარეებში და დაიპყრო, მათ შორის დედაქალაქი, სარაი-ბერქე. 1380 წელს თოხთამიში, თემურლენგის დახმარებით, ოქროს ურდოს ყაენი გახდა.

1382 წელს თოხთამიშმა აიღო ქალაქი მოსკოვი და გადაწვა. მონღოლებმა აიღეს მოსკოვის გარშემო ქალაქებიც.

მალე თოხთამიშისა და თემურლენგის ინტერესები ერთმანეთს გადაეკვეთა. ოქროს ურდო და ლენგ თემურის სახელმწიფო ამიერკავკასიასა და წინა აზიაშიც ერთმანეთის მეტოქე აღმოჩნდა, როგორც რუსეთის სტეპებზე. სამხრეთ კავკასიას ამ დაპირისპირებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თოხთამიშმა გადაწყვიდა, თემურლენგს თავად დაპირისპირებოდა. სცადა და დაასწრო თემურს, გადმოიარა ჩრდილოეთ კავკასია, ილაშქრა ჩრდილოეთ ირანში და თავრიზი დაარბია. თოხთამიში ცდილობდა, საქართველო მის მხარეს ყოფილიყო.

იმ დროს საქართველოს მეფე იყო ბაგრატ მეხუთე, გიორგი ბრწყინვალის შვილიშვილი. ცოტა ხნით ადრე, 1365-1366 წლებში, საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა, ისევე, როგორც მთელ იმდროინდელ მსოფლიოში და უამრავი ადამიანი დაიღუპა. ამანაც დაასუსტა ქვეყანა. შავ ჭირს ემსხვერპლა მეფის პირველი ცოლი, დედოფალი ელენეც. შემდეგ მეფეს ცოლად მოუყვანია ტრაპიზონის კეისრის ასული, ანა. ქართველთა ხელმწიფე კარგი სარდალი, მეომარი და მმართველი ყოფილა, რისთვისაც მისთვის ბაგრატ დიდი უწოდებიათ.

1385 თოხთამიშს ირანში ლაშქრობისას, როგორც ჩანს, ეხმარებოდა საქართველოს მეფე, რომელიც უფრთხოდა თემურლენგს, ლენგი უკვე დიდი თურანის მბრძანებელი იყო და იპყრობდა და იპყრობდა ტერიტორიებს.

თოხთამიშისა და საქართველოს მეფის მოკავშირეობა ხელს არ აძლევდა თემურლენგს, ის სამხრეთ კავკასიას, ადაბადაგანს და ირანს საკუთარ სამბრძანებლოდ განიხილავდა. 1386 წელს თემურლენგი სამხრეთ კავკასიისკენ დაიძრა – საქართველოს შემოესია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და სასტიკი დამპყრობელი. თოხთამიშის ჯარი ქართველთა დასახმარებლად არ მოსულა. იმ დროს სომხეთის ერთი ნაწილი ისევ საქართველოს ექვემდებარებოდა. მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის გამო ჩვენი ქვეყანა საკმაოდ დასუსტებული იყო, განსაკუთრებით დემოგრაფიულად, თუმცა გიორგი ბრწყინვალის შემდეგ, საქართველომ ისევ დაიბრუნა კავკასიისა და წინა აზიის რეგიონში ღირსეული სახელი.

სომხეთიდან თემურლენგი მიადგა ქალაქ კარსს (ყარსი) და დაიკავა, რადგან ძალიან მრავალრიცხოვანი, გაწვრთნილი და თანამედროვედ შეიარაღებული ჯარი ჰყავდა. მას, შიშით მიმხრობია სამცხის ათაბაგიც, რომელიც გულუხვად დაუსაჩუქრებია ლენგს. ეტყობა, ათაბაგმა იფიქრა, რომ მსოფლიოს უდიდეს დამპყრობელთან ომს აზრი არ ჰქონდა და ასე იყიდა თავისი სამთავროსთვის მშვიდობა, სავარაუდოდ, საქართველოს მეფესთან შეუთანხმებლად. ზამთარი თემურ დამპყრობელმა ყარსში გაატარა. გაზაფხულზე გადმოვიდა ქართლში და გადმოვლო აბოცი. გამოიარა თრიალეთი ისე, რომ წინ ვერავინ აღუდგა. მოაოხრა ყველაფერი, აიღო და დაანგრია ციხესიმაგრეები.

ბაგრატ მეფე ემზადებოდა ამისთვის, გაამაგრა დედაქალაქი. 1386 წლის შემოდგომაზე დაიწყო შეტევები ტფილისზე. დიდებულთა ნაწილი საკუთარ ციხეებში გამაგრდა და მონაწილეობა არ მიუღია ერთიან თავდაცვით გეგმაში.

კოჭლი თემური ძალიან გაბრაზდა, რომ ბაგრატ მეფე მორჩილების ნიშნად არ მივიდა მასთან.

ალყა კარგა ხანს გაგრძელდა. ბაგრატ დიდი პირადად მონაწილეობდა ხოლმე მტრის წინააღმდეგ შეტევებში. ჩვენი ხელმწიფე და მისი მეომრები გამოდიოდნენ ციხიდან და ასე ებრძოდნენ მტერს. თემურლენგს ძალიან დაწინაურებული არმია ჰყავდა, ძალიან მრავალრიცხოვანი, ძალიან კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი და მოტივირებული. მეომრებს უხდიდა ხელფასს, აძლევდა წილს ნადავლიდან, დაჭრილებსა და დაინვალიდებულებს კი – პენსიის მაგვარ დახმარებას. ჰყავდა კარგი ინჟინრები, რომლებიც ამზადებდნენ საალყე მანქანებს, კიბეებს, ხიდებს, ლოდსატყორცნებს. იყენებდნენ დიდი არბალეტების მსგავს იარაღს. არის შარაფ ად-დინ ალი იეზდის ცნობა, რომ ჰყავდა „მეხისმტყორცნელები“ (რაიდ ანდოზონ). ფიქრობენ, მეხის სატყორცნი შეიძლება, პრიმიტიული ცეცხლსასროლი იარაღი ყოფილიყო.

თემურლენგმა გაამართვინა საალყო მანქანები. ისინი რკინის ჩელტებით დაფარეს, რათა ცეცხლმოკიდებულ ისრებს ვერ დაეწვა და ქვებს არ დაეზიანებინა და შეუტიეს ტფილისს. მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და ხანგრძლივი ალყის შედეგად ტფილისი თემურლენგის ჯარებმა აიღეს.

შარაფ ად-დინ ალი იეზდი წერს: „შეიპყრეს მათი დიდი მალიქი (მეფე) ბუკრატი და მიუყვანეს ხელმწიფეს. მან ბრძანა: „დაიჭირეთ და დაამწყვდიეთ!“.

ტყვედ აიყვანეს დედოფალი და უფლისწული დავითიც. თემურლენგმა არ მოკლა მეფე, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია და ბრძოლა გაუმართა. ტფილისი გაძარცვეს. დაიღუპა უამრავი ტფილისელი. უფროსი მეფისწულები მტერს პარტიზანულ ბრძოლებს უმართავდნენ და ტყვეობას გადარჩნენ.

ტფილისიდან თემურლენგი ყარაბაღს გაემგზავდა და თან წაიყვენა მეფე, დედოფალი და უფლისწული დავითი. დიდი ნადავლი ჩაიგდო ხელში თემურლენგმა. საქართველოს მეფე საკმაოდ მდიდარი იყო. მრავალრიცხოვანი იყო ჩვენი სამშობლოს დედაქალაქიც, რომლის გაძარცვის შედეგად მტერს დიდი ქონება ჩაუვარდა ხელში. ყველაზე ძვირფასი, მეფის უმდიდრესი ბიბლოთეკა, საუკუნეების განმავლობაში ნაგროვები ხელნაწერები, თემურლენგმა სამარყანდში გააგზავნინა (იქნებ მთავრობამ ინებოს და ფოტოპირები მაინც მოიპოვოს, არის ჩვენი თანამემამულის ცნობა, რომ შესაძლებელია არქივებში მოძებნა).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი