ისტორია

რა ეროვნების იყო ტრაპიზონის იმპერიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ვისი შთამომავლები იყვნენ ამ იმპერიის უკანასკნელი წამებული იმპერატორი, მისი სამი ძე და ძმისწული

№32

ავტორი: გაიოზ მამალაძე 23:00 19.08, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1453 წელს ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ მეორემ დაიპყრო კონსტანტინოპოლი. მისთვის დადგა ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის ჯერი. სახელმწიფოს იმპერია ერქვა, სინამდვილეში ერთი პატარა სამეფო იყო. მასში მხოლოდ ზედაფენა იყო ბერძნული ან ელინიზებული ადგილობრივი მოსახლეობა. იმპერიის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველები, ლაზები იყვნენ. იმპერიას მართავდა იოანე მეოთხე კომნენი, რომელსაც პირველ მეუღლედ ჰყავდა ჩვენი ალექსანდრე პირველი დიდის ასული. 1456 წელს თურქ-სელჩუკებმა შეუტიეს ტრაპიზონს. იმპერატორმა სულთნის ვასალობა და ხარკი იკისრა და დროებით გადაარჩინა თავისი პატარა იმპერია.

1459 წელს გარდაიცვალა იოანე მეოთხე. მალე ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე ავიდა გარდაცვლილი იმპერატორის ძმა - დავითი.

იოანე მეოთხე, მისი ძმები: ალექსანდრე და დავითი იყვნენ ალექსი მეოთხე დიდი კომნენოსის ვაჟები. ალექსი მეოთხის დედა იყო საქართველოს მეფის, დავით მეცხრის ასული – გულქანი, გიორგი ბრწყინვალის შვილიშვილი. 1390 წელს, იმპერატორ ალექსი მესამის გარდაცვალების შემდგომ, გულქანის მეუღლე ტახტზე ავიდა მანუელ მესამის სახელით. დედოფალ გულქანს კორონაციისას უწოდეს ევდოკია. მათ შეეძინათ ვაჟი, მომავალი იმპერატორი ალექსი მეოთხე, იოანე და დავით იმპერატორების მამა.

ტრაპიზონის იმპერიის ქართველი დედოფალი ევდოკია გარდაიცვალა 1392 წელს. მანუელ მესამემ თავისი ერთი ქალიშვილი მიათხოვა ყარა-ყოიუნლუს (შავბატკნიანი თურქმანების) ხანს, ყარა იუსუფს (ეს ის ყარა იუსუფია, ტყვედ ჩავარდნილი, ხელებშეკრული საქართველოს მეფე კონსტანტინე პირველი რომ მოკლა თავისი ხელით). მეორე ქალიშვილი მიათხოვა ყარა-ყოინლუს მტერს, აყ-ყოიუნლუს (თეთრბატკნიანების) მმართველ ალი-ბეგს. უფროსი ქალიშვილი გაათხოვა კონსტანტინოპოლში. ის გახდა იოანე მერვე პალეოლოგოსის რიგით მესამე მეუღლე. ერთი ქალიშვილი სერბეთში გაათხოვა.

იოანე მეოთხემაც სცადა, პოლიტიკური ქორწინებით მოეპოვებინა მშვიდობა და 1458 წელს თავისი ქალიშვილი თეოდორა, იგივე დესპინე, ძმის, დავითის რჩევით, მიათხოვა უზუნ ჰასანს, აყ-ყოიუნლუს ახალ მბრძანებელს. იმ ქორწინების მომხრე იყვნენ ქართველებიც, რადგან მოკავშირეს ეძებდნენ ოსმალთა წინააღმდეგ. დესპინე ულამაზესი ქალი ყოფილა. ქორწინების პირობებით დესპინეს შეეძლო, შეენარჩუნებინა მართლმადიდებლური სარწმუნოება, ქალიშვილებიც ქრისტიანებად აღეზარდა, მიუხედავად იმისა, რომ უზუნ ჰასანი იყო ძალიან მორწმუნე მაჰმადიანი. იმპერატორის ასულს თან გაჰყვა ძალიან დიდი ამალა, მათ შორის მღვდლებიც. უზუნ ჰასანმა საყვარელ ცოლს ნება მისცა, ეკლესია აეშენებინა.

როგორც ვთქვით, პირველ ცოლად იოანე კეისარს ჰყავდა ბაგრატიონის ქალი, რომლის სახელიც არ შემორჩენილა. ის, ალბათ, გარდაიცვალა და იოანე მეოთხემ 1437 წელს, ცოლად მოიყვანა ჩინგიზ ყაენის შთამომავლის, ერთ-ერთი მონღოლი ხანის, დევლეთ ბერდის ასული. ალბათ, იოანეს მეორე ცოლისგან შობილი დესპინე დაიბადა 1439 წელს, ნიჭიერი დიპლომატი, პოლიტიკოსი ყოფილა და დიდი გავლენა ჰქონია ქმარზე. მან დაიყოლია უზუნ ჰასანი ოსმალთა წინააღმდეგ დაკავშირებოდა ევროპელებსა და ქართველებს.

დავით კეისარი ენერგიული მმართველი იყო, ჯერ კიდევ ძმის მეფობისას მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში და ცდილობდა, შეექმნა დიდი კოალიცია ოსმანთა წინააღმდეგ. ამისთვის დაუკავშირდა საქართველოს მეფე-მთავრებს, სინოპის მმართველებს, უზუნ ჰასანს... დავით იმპერატორის უმცროსი ქალიშვილი ერისთავ მამია გურიელს ჰყოლია ცოლად.

დავითს მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთანაც. იმპერატორი ახალი ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდებდა დასავლეთს. ქართველებსაც ჰქონდათ მიმოწერა ევროპელებთან. ქართველები თურქთა წინააღმდეგ ომში 120 000 მეომრის გამოყვანას გეგმავდნენ, ძალიან ძლიერი იყო უზუნ ჰასანიც, დავით კეისარი 30 000 მეომრის გამოყვანას გეგმავდა... მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საქმე არ გამოვიდა...

დავით კეისარი აღიარებდა ოსმალეთის სულთნის ვასალობას და ხარკს იხდიდა. თუმცა, ეს არ იკმარა მეჰმედ მეორემ, რადგან ცნობები ჰქონდა ტრაპიზონის, საქართველოსა და უზუნ ჰასანის შესაძლო კოალიციის შესახებ, ასევე მათ კავშირებზე ევროპელებთან. კონსტანტინოპოლის დამპყრობმა დაასწრო მოწინააღმდეგეებს, დაიკავა სინოპი და გამოაცალა ტრაპიზონს მოკავშირე ამირა. შემდეგ ტრაპიზონის იმპერიას მოულოდნელად მოუარა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, რათა უზუნ ჰასანისგან დახმარება აღეკვეთა, ჩაეკეტა მისთვის გზა და მიადგა ლაზთა იმპერიას. უზუნ ჰასანმაც გაწირა ტრაპიზონი, სამაგიეროდ, მას გზა გაეხსნებოდა საქართველოსკენ.

1461 წლის აგვისტოში ოსმალეთის ჯარმა ტრაპიზონი ხმელეთიდან მოიცვა, ხოლო ოსმალთა ფლოტი განლაგდა ქალაქის წინ, შავ ზღვაში. ალყა გაგრძელდა ერთი თვე. დავით კეისარი მიხვდა – დამარცხდებოდა. სხვა გზა აღარ ჰქონდა, ქალაქის აოხრებისა და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, 15 აგვისტოს ტრაპიზონი ოსმალეთს ჩააბარა. აწ უკვე ყოფილი იმპერატორი დავითი, მისი ვაჟები – ბასილი, გიორგი, მანუელი და მისი ძმისშვილი, მცირეწლოვანი თანაიმპერატორი ალექსი ალექსანდრეს ძე და ტრაპიზონის მიტროპოლიტი კონსტანტინოპოლში წაიყვანეს. კაპიტულაციის პირობების თანახმად, დავით დიდი კომნენისთვის მეჰმედ მეორეს უნდა მიეცა მამული ბალკანეთში. მაგრამ მეჰმედ მეორეს არამყარი ხასიათი ჰქონდა. 1463 წელს ტრაპიზონის დამპყრობმა ტრაპიზონის ყოფილ იმპერატორს ღალატში დასდო ბრალი. ბრალდების მიხედვით, დავით კომნენს მიმოწერა ჰქონდა თავის ძმისშვილთან, თეოდორასთან, უზუნ ჰასანის ცოლთან. თითქოს, დავით კომნენოსი ამგვარად აპირებდა ოსმალეთის წინააღმდეგ ამხედრებას.

დავითი, მისი ვაჟები და ძმისწული დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ბოლო მომენტში მეჰმედ მეორემ, თითქოს, მოწყალება გამოიჩინა და მისცა შანსი დავით კომნენს, ოღონდ მას უნდა ეღიარებინა ისლამი.

ტრაპიზონის უკანასკნელმა იმპერატორმა უარი თქვა ქრისტეს ღალატზე.

1461 წლის 1 ნოემბერს დავითის თვალწინ მოკლეს მაცხოვრის ერთგული პატარა კომნენოსები, მერე დავით დიდ კომნენს მოჰკვეთეს თავი.

2013 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ წმიდანებად შერაცხა დავით, ბასილი, გიორგი, მანუელ და ალექსი კომნენები. იმედია, ქართული ეკლესიაც შერაცხავს მათ წმიდანებად, ვინაიდან, ტრაპიზონის იმპერიის მიწები ისტორიულად ქართულია, კომნენოსები იყვნენ ლაზების ხელმწიფეები და ქართველების ნათესავ-შთამომავლები, ჩვენ დავკარგეთ ტრაპიზონ–ლაზეთის ტერიტორია, მაგრამ ლაზების ისტორია და სიყვარული არ უნდა დავკარგოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი