ისტორია

რა ძალადობა ჩაიდინა ჯალალედინმა ხლათის აღების საღამოს

№47

ავტორი: გია მამალაძე 16:38 23.11, 2020 წელი

ხლათის აღება
დაკოპირებულია

ხლათის მცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ჯალალედინი აღებულ ქალაქებში არა მხოლოდ ქრისტიანებს ხოცავდა ან ტყვედ ჰყიდდა, არამედ მაჰმადიანებსაც. მთელს ისლამურ სამყაროს მოსდებოდა ხმა ჯალალედინის გაუმაძღრობის, დაუნდობლობის, ვერაგობისა და არაკაცობის შესახებ. ამიტომ, ხლათის მაჰმადიანი მოქალაქეები ვერ ენდობოდნენ ჯალალედინს. ერთი-ორჯერ უკვე მოიგერიეს მისი შეტევები და მიზანმიუღწევლად გააბრუნეს უკან სამშობლოწართმეული შაჰი, რომელიც ახალი მიწების დაპყრობებითა და ხალხების დამონებაში ეძებდა მონღოლებთან დამარცხებისგან შვებას. საკუთარ თავს უმტკიცებდა, დიდი მეომარი ვარო. 
ხლათს იმ დროს, არაოფიციალურად, ქართველი ქალბატონი, მართლმადიდებელი ქრისტიანი თამთა ივანეს ასული მხარგრძელი განაგებდა, ხლათის მელიქის მეუღლე. მელიქი დამასკოში იყო, თავის ძმასთან. ქალაქის გამგებლად დანიშნული იყო მელიქის თანაშემწე, იქვე იყო მელიქის ორი ძმა და სხვა სარდლები. 
ქალაქ ხლათში, ამბობენ, ბევრი ქრისტიანიც ცხოვრობდა, რომელთაც თამთა მფარველობდაო. 
ამიტომ, ხლათელებმა უარი უთხრეს ჯალალედინს დანებებაზე. სულთანი ცდილობდა, ხლათელებიც მოეტყუებინა და უგზავნიდა ხალხს დანებების პირობებზე. მაგრამ ამაოდ. 
ალყაშემორტყმული ხლათელები კარგად იყვნენ მომზადებულები ალყისა და ომისთვის. ჯალალედინმა ალყა შემოარტყა ქალაქს. გამართეს ლოდსატყორცნები, ცეცხლის სატყორცნი ჩარხები, დიდი მშვილდისრები და დაიწყეს ჯალალედინის მეომრებმა ქალაქის იერიში. ორივე მხარე გააფთრებით ესროდა ერთმანეთს ცეცხლს, ქვებს, ისრებს და ბოძალებს (ორპირა, ორწვერა ისრებს).
სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი, რომელიც ცდილობდა ჯალალედინის ქება-დიდებას, გვიამბობს ხლათის ომის შესახებ: „ომის ცეცხლის დამნთები მეომრები დღისით და ღამით ესხმოდნენ თავს ქალაქის კარებს. ქალაქელებიც იგერიებდნენ მათ და უძალიანდებოდნენ“.
ქალაქის ალყა რამდენიმე თვე გაგრძელებულა. გადიოდა დღეეები, კვირები, თვეები და ქალაქში საკვები თავდებოდა. „ამასობაში დღეები და თვეები გავიდა და ქალაქში შიმშილმა და სიძვირემ იჩინა თავი“, – წერს ჯუვეინი. 
ხლათელებმა ბაღდადში ხალიფასთან და სხვა მბრძანებლებთან ელჩები გააგზავნეს და დახმარება ითხოვეს – „(ხლათელებმა) უჩუმრად მალემსრბოლები გაგზავნეს ბაღდადში, რუმსა და შამში, სულთანთან გვიშუამდგომლეთო“. 
მაჰმადიანთა სულიერმა ლიდერმა, ხალიფა აბუ ჯაფარ ალ-მუსთანსირ ბილაჰ ალ-მანსურ იბნ ალ-ზაჰირმა და სხვა მაჰმადიანმა მბრძანებლებმა სთხოვეს ჯალელედინს, ხლათისთვის თავი დაენებებინა: „მართლმორწმუნეთა მბრძანებელმა ალ-მუსთანსირ ბილაჰმა და რუმისა და შამის სულთნებმა რამდენიმეჯერ გაგზავნეს ელჩები ხლათელებისათვის დანაშაულის პატიების შუამდგომლობით“. 
მაგრამ, მონღოლების მსახური ჯუვეინი ცდილობს, გაამართლოს თავისი საყვარელი სულთანი: „მაგრამ რაკი მცხოვრებნი დამორჩილებაზე არ ყაბულდებოდნენ, ხლათელ უგუნურებს ზნეობის გახრწნამ ტვინი აურია, პირი გახსნეს აშკარა ლანძღვა-გინებისათვის, ენა დაიგრძელეს საზიზღარი ბოდვით და ცთუნების ეშმაკი ერთბაშად შეუძვრაო ძარღვებსა და გონებაში, მათ დარიგებას წაუყრუეს და ბრძოლაში შეუპოვრები გახდნენ“. 
მაშასადამე, ჯალალედინმა რომ არ შეისმინა მაჰმადიანი მბრძანებლების, მათ შორის ხალიფას თხოვნა, ამაში დამნაშავე, ჯუვეინის თქმით, ყოფილან თვითონ ხლათელები, რომლებიც გადმოდგებოდნენ, ეტყობა, გალავნის ქონგურებზე და აგინებდნენ დამპყრობელ ჯალალედინს, მის ჯარს და თავგანწირულად იცავდნენ საკუთარ ოჯახებს სისხლის მოყვარული სულთნისგან.
ჯუვეინი განაგრძობს: „ამასობაში დაახლოებით ათი თვე გავიდა. ბოლოს ქალაქის მცხოვრებნი უკიდურესობამდე მივიდნენ შიმშილისაგან. სულთანმა ლაშქარს უბრძანა, სხვადასხვა მხრიდან მიეტანათ იერიში და ქალაქში შეჭრილიყვნენ. სულთანი და მისი ამირები ძალიან იყვნენ განრისხებული და გულნატკენი მათი მეთაურების ლანძღვა-გინებით“. 
ჯალალედინმა, როგორც ტფილისში, ხლათშიც მოახერხა მოღალატეების მოძებნა და მათი დახმარებით შეძლო შიმშილისგან დასუსტებულ ქალაქში შეჭრა, 1230 წლის 14 აპრილს. 
ჯუვეინი გვიამბობს: [სულთანმა] ბრძანა, დილიდან შუადღემდე ეჟლიტათ (მოსახლეობა). როცა მისი რისხვის ცეცხლი შენელდა, შეიწყალა ის საცოდავები და ბრძანა მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება.
სულთანი მალიქ აშრაფის სასახლეში ჩამოხდა. მალიქ აშრაფის ძმა მუჯირ ად-დინი და მისი ნასყიდი მონა იზ ად-დინ აი-ბეგი შიდა ციხეში შევიდნენ წყლისა და სანოვაგის გარეშე. მუჯირ ად-დინი გარეთ გამოვიდა, სულთანს ეახლა, რომელმაც წყალობითა და პატივისცემით მიიღო. მან გადასცა იზ ად-დინის მიმართვა, სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნითა და კავშირის წინადადებით.
სულთანი მუჯირ ად-დინს მიუბრუნდა და უთხრა: „სულთნის სახელი რომ გერქვას, ცვედანი ნასყიდი მონისაგან ელჩობის მიღებას როგორ აიტანდა შენი თავმოყვარეობა? იმას რა მოეთხოვება. როგორც უნდა, ისე მოიქცევა, თვითონ იცის“.
რაკი დაინახეს, რომ სულთანი მათ მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, დაატყვეს, ახლა ჯიუტობის დრო არ არისო. აი-ბეგი გარეთ გამოვიდა, თავისიანებს ტანსაცმლის ქვეშ ჯავშანი ჩააცვა და ხელშუბები დააჭერინა, რომ შესვლის დროს არეულობა აეტეხა და სულთანს მოუნელებლად დასხმოდა თავს. მცველებმა თვალი ჰკრეს მათ ტანსაცმელს. მიხვდნენ, რომ ქვეშ ბოროტება იმალებოდა, ხელი შეუშალეს მათს შესვლას და აი-ბეგი მარტო მიჰგვარეს სულთანს.
მან ყურადღებაც არ მიაქცია და იმ ჯგუფის დაპატიმრების ბრძანება გასცა“.
შემდეგ ჯუვეინი ცდილობს, „მხატვრულად“ გადმოგვცეს ჯალალედინის მიერ ხლათის აღების საღამო. საღამოს ასე გვიხატავს – „ზეცის ჯემშიდმა შამისკენ გამგზავრება განიზრახა“. ჯემშიდი სპარსელთა მითიური პირველმეფეა. ანუ, ზეცის მეფემ, მზემ, დასავლეთისკენ, შამისკენ (დამასკოსკენ) წასვლა რომ გადაწყვიტა, ანუ, რომ მოსაღამოვდაო, მაშინ, „მეფეთა მზემ ვახშმის სუფრაზე გაშლილ ტკბილეულს მიაშურა“ – აქ „მეფეთა მზეს“ ჯუვეინი ჯალალედინს უწოდებს, შემდეგ კი ჯუვეინი ჯალალედინის მიერ ჩადენილ ამორალურ დანაშაულს გვამცნობს, თითქოს საქებარი იყოს – „აივანზე ავიდა და ივანეს ქალიშვილთან, რომელიც მალიქ აშრაფის მეუღლე იყო, გაატარა ღამეო“.
ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა უზნეო ჯალალედინმა მალიქ აშრაფს. 
ასეთი შედეგი მოიტანა დიდი საქართველოს დაცემამ. 
შემდეგ:
რადგან, თამთა მხარგრძელის ძმა საქართველოს ათაბაგი იყო; 
რადგან, თამთა მხარგრძელს დიდი გავლენა ჰქონდა ხლათის მოსახლეობაზე; 
რადგან თამთა მხარგრძელი ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალი გახლდათ;
თან, მთლად, მოძალადედ რომ არ გამოსულიყო – ჯალალედინმა ცოლად მოიყვანა თამთა. რა თქმა უნდა, ივანეს ასულს არაფერი ჰკითხა. 
თუმცა, ესეც ძალადობა იყო, ვინაიდან, თამთას უკვე ჰყავდა ქმარი და ქმარს არ განუცხადებია უარი თამთასთან ქორწინებაზე. მაგრამ, ჯალალედინი მაჰმადიანურ წესებსაც არაფრად აგდებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი