ისტორია

რა არჩევნის წინაშე დააყენეს ყველისციხის გმირი დამცველი, წმიდა გობრონი და რა აირჩია მან

№6

ავტორი: გია მამალაძე 22:00 19.02, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

914 წელს, ადარბადაგანის გასულთნებული ათაბეგის, აბუ ლ-კასიმის  ჯარი ოცდაცხრა დღე უტევდა ყველისციხეს. ოცდამეცხრე დღეს ტყვედ აიყვანეს მაჰმადიანებმა ყველისციხის ასოცდაცამეტი მცველი, მათ შორის განსაკუთრებული გაშმაგებით მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გობრონიც, რომლის შეუპოვარ ბრძოლასაც შორიდან აკვირდებოდა გასულთნებული ათაბაგი.

ადარნასე მეფემ დიდი თანხა გადაიხადა ტყვეების გამოსახსნელად. მაგრამ, გობრონისა და ტყვეთა ნაწილის გათავისუფლებას არ დათანხმდა აბუ ლ-კასიმი. გადაწყვიტა ათაბეგმა, დიდი მეომარი გობრონი გაეტეხა, მაჰმადიანად ექცია. ეს ხომ მისთვის დიდი ღვაწლი იქნებოდა, მაჰმადიანთა შორის საამაყო. ჰპირდებოდა შეპყრობილ ქართველ გმირს სიმდიდრეს, ძალაუფლებას, ამქვეყნიურ სიხარულს, მაგრამ წმიდა გობრონი მტკიცედ იდგა ქრისტეს ერთგულებაზე. ეს რომ ადარნასე მეფის მიერ გამოსყიდულებმა გაიგეს, მათაც გაუჩნდათ სურვილი, გობრონთან და სხვებთან ერთად, თვითონაც შესწირვოდნენ ქრისტეს სჯულის ერთგულებას და გადაწყვიტეს, არ მიეტოვებინათ თანამოძმეები. ერთმანეთს მხიარული სახეებით ამხნევებდნენ და ლოცულობდნენ.
არაბებსა და მაჰმადიანებს მაშინ ერთი ჩვეულება ჰქონიათ, დატყვევებულების წამების წინ, თურმე, საომრად გამოეწყობოდნენ, თითქოს ბრძოლაში მიდიოდნენ, თითქოს გადამწყვეტ საღვთო ომში მონაწილეობდნენ, მძიმედ შეიჭურვებოდნენ და ისე აწამებდნენ ტყვეებს.
ათაბეგის ბრძანებით ათაბეგის ჯარისკაცებმა დაიწყეს გობრონის თანამებრძოლების ჩეხვა. ხოცავდნენ ხელფეხშეკრულ ქართველ მეომრებს და თან, ათაბეგის ჩანაფიქრით, ამგვარად აფრთხილებდნენ წმიდა გობრონს, შენც ასეთი სასტიკი წამებით მოკვდები, თუ არ გამაჰმადიანდებიო:

„ვითარცა მხეცნი ბოროტნი განძვინებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრებდეს, რომელნიმე მახვილითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ხორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღვიძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა გაეტაცა“.

ასე ეწამა ქრისტესთვის ათეულობით ქართველი მეომარი. ვერც ამან გატეხა წმიდა გობრონი. სწამდა, მისი თანამებრძოლები მაცხოვრის გვერდით დაიმკვიდრებდნენ ადგილს და კიდევ უფრო მტკიცედ „განუმზადა თავი თვისი ქრისტესთვის სატანჯუელთა“.
აბუ ლ-კასიმისთვის წმიდა გობრონის გამაჰმადიანება უკვე პრინციპის საქმედ იქცა და კიდევ სცადა მისი ცდუნება, თითქოს ებრალებოდა ახალგაზრდა მეომრის სიცოცხლე:

„მეწყალის მე სიკეთეი სიჭაბუკისა შენისაè და მშურს სიკუდილისათვის მხედრობაè შენი, რომელი სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა. და აწ ვითარცა შვილსა საყუარელსა გასწავებ შენ, დაუტევე უგუნურებისა შენისა შჯული, რომლითა ვერა ირგეს მოყუასთა შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯული ხელმწიფებისა ჩუენისაè, რომელსა დამორჩილებულ არს ყოველი“.

ჰპირდებოდა ქართველ გმირს, სიმდიდრეს, ძალაუფლებას, სასახლეებს, ძვირფას კარვებს, მონებს და უამრავ სიმდიდრეს:

„და აღგითქუამ თქუენ... რომლისაცა კაეტისა ინებო მთავრობაè, მიგცე შენ, პალატი, კარვები, მონები, ტაძარი, აქლემები, საჭურველთა შუენიერთა სიმრავლეი, და გყო შენ, ვითარცა ერთი რჩეულთა ჩემთაგანი, საყვარელ იყო ჩემ წინაშე და პატივცემულ ყოველთა ამათგან ლაშქართა“.

მაგრამ, ვერ მოხიბლა ქართველი მეომარი გობრონის სამშობლოს ამაოხრებელმა, გობრონის მეგობრების დამხოცავმა, არაადამიანმა, უგუნურმა, ბრიყვმა დამპყრობელმა.
ათაბეგმა ბრძანა, წაეყვანათ წმიდა გობრონი, ეჩვენებინათ მისი დახოცილი და აჩეხილი თანამებრძოლები, ერთი მხრივ და სიმდიდრე, სასახლეები, ძვირფასი კარვები, მეორე მხრივ, რათა შეშინებოდა და არჩევანი გაეკეთებინა მაჰმადიანობისა და სიმდიდრის სასარგებლოდ და ქრისტესთვის სიკვდილის საწინააღმდეგოდ.
რა თქმა უნდა, არც ამ „არჩევნის საშუალებამ“ გაჭრა. კვლავ სცადეს მისი შეშინება მტარვალებმა. ცოცხლად დარჩენილი მისი თანამოძმეები დახოცეს მის თვალწინ. მათი სისხლი ეპკურებოდა ნეტარ გობრონს, ზოგიერთის მოჭრილი თავი მის ფეხებთან მიგორდა. მაგრამ, ვერ შეაშინეს უშიშარი ქართველი უგუნურებმა. მაშინ ქედი მოუხარეს ხელ-ფეხშეკრულს, მახვილი დაარტყეს ორჯერ, მაგრამ, არ მოკლეს, მხოლოდ დაჭრეს. იქნებ შეეშინდესო, ფიქრობდნენ ურჯულოები.
მაგრამ, გააკვირვა დამპყრობლები გობრონმა: „გამოიძრო ხელი ნეტარმან მან კრულებისა მისგან და სისხლი იგი თვისი გამოიწერა ჯუარის სახედ შუბლსა თვისსა და თქუა:

„გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკუანაèსკნელი ყოველთაè, ნაწილსა ამას მკვიდრობისასა და მოწამებისასა“.

კვლავ ათაბეგთან წაიყვანეს ჩვენი გმირი წინაპარი. რომ მიჰყავდათ, თურმე გაცისკროვნდა მისი სახე ქრისტესადმი სიყვარულითა და ერთგულებით:

„და კუალად მოჰყვანდა იგი წინაშე ამირისა მის და ბრწყინვიდა პირი მისი და შუბლი მისი ელვარედ. და რომელნიმე ქრისტეანეთაგანნი მახლობელ იყვნეს, იხილეს იგი თუალითა სარწმუნოებისაèთა, ვითარცა გვირგვინოსანი ზეგარდამო“.

ვერ შეძლო სომხეთისა და საქართველოს ამაოხრებელმა აბუ ლ-კასიმმა ქართველთა გამოჩენილი ჯარისკაცის გატეხვა. ვერ დაათმობინა ქრისტე, ვერ გაიმარჯვა, ვერ იტრაბახებდა მაჰმადიანთა წრეში, ყველაზე ცნობილი ქართველი მებრძოლი მაჰმადიანად ვაქციეო.
პირიქით, ყველამ იხილა სარწმუნოებრივ ომში ფიზიკურად დამარცხებული, მაგრამ, ფსიქოლოგიურად და მორალურად გამარჯვებული, გაცისკროვნებული სახის, გაუტეხელი ქართველი. პირიქით, ხედავდნენ სხვა ქართველები ამას და უფრო გამტკიცდნენ რწმენაში.
გამწარდა ადარბადაგანის მრისხანე გამგებელი და ბრძანა, ეკლის გვირგვინი დაედგათ ქართველი მეომრისთვის. მისი აზრით, ამით კიდევ ერთ ტკივილსა და შეურაცხყოფას მიაყენებდა გობრონს. არადა, ეკლის გვირგვინი დიდი ბედნიერება გახლდათ გობრონისთვის – მაცხოვარის მსგავსად, ეკლის გვირგვინის ღირსი გახდა, მაცხოვრის ერთგულებისთვის, რამეთუ უფალი იტყვის: „კმა არს მოწაფისა მის, თუ იყოს ვითარცა მოძღუარი თვისი და უფალი თვისი”.
ისევ სცადა აბუ ლ-კასიმმა ჩვენი წინაპრის დარწმუნება. შესთავაზა ნეტარ ქართველს, მოვიყვან მკურნალს და ვუბრძანებ განგკურნოს, შემდეგ კი ყველაფერს მოგცემ, რაც შეგპირდიო. მაგრამ, ისევ მტკიცე იყო გობრონის პასუხი: „იქმოდე, რაèცა გნებავს, მე ქრისტეანე ვარ და არასადა უარ ვყო სახელი მისი”.
მაშინ ბრძანა ადარბადაგანის გასულთნებულმა ათაბაგმა და თავი მოჰკვეთეს წმიდა გობრონს, რომელსაც „ეწოდა პირველად მიქელ და მერმე გობრონ“.
ასევე, ბრძანა აბუ ლ-კასიმმა და გააგზავნეს სამი მთხრელი, შეკრიბეს დახოცილი წმიდა ქართველების წმიდა ნაწილები და ერთიან სამარეში „შთაყარნეს“ ჩვენი წმიდა წინაპრები, მათ შორის გობრონი. აუკრძალეს ყველას მიკარება საფლავთან. მაგრამ, მომხდარა სასწაული „ნათელნი ბრწყინუალენი ღამე ყოველ, ვითარცა ლამპარნი აღნთებულნი” დაადგა მათ წმიდა საფლავს.
ეს ამბავი მოხდა 17 ნოემბერს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი