ისტორია

რა აპატია დავით აღმაშენებელმა ლიპარიტ ბაღვაშს და რატომ გააგზავნა ის უცხოეთში

№10

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 18.03, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ბაღვაშები (ბაღუაშები), უნდა აღინიშნოს, რომ იყვნენ ძალიან ენერგიულები, კარგი ორგანიზატორები და კარგი სარდლები. საქართველოს (და საერთაშორისო) პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, (საქართველოსთვის) ხან კარგს, ხან ცუდს.

1121 წელს დამპყრობელ ბიზანტიელებთან ბრძოლაში დაიღუპა რატი ბაღუაში, კლდეკარის ერისთავი.

ლიპარიტ მეოთხე ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვნობის დროს, 1028 წელს, შეებრძოლა საქართველოში შემოჭრილ ბიზანტიელებს და დაამარცხა. მაგრამ, შემდეგ ქვეგამხედვარი გახდა და ბაგრატ მეფეს დიდი შინაომი აუტეხა, დაამარცხა კიდეც და განიმტკიცა მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ბიზანტიელების დახმარებით. მეფე იძულებული გახდა, კონსტანტინოპოლში გამგზავრებულიყო ბიზანტიის იმპერატორთან საქმეების დასალაგებლად.

ბიზანტიიდან დაბრუნებულმა მეფემ მოახერხა ლიპარიტის შეპყრობა, მაგრამ არ მოუკლავს, აღკვეცა ბერად, ანტონის სახელით და ბიზანტიაში გააგზავნა. თუმცა, ლიპარიტის თხოვნით, მის ვაჟს, ივანეს აპატია და სარდლადაც დანიშნა. როცა ლიპარიტი გარდაიცვალა, არავის შეუშლია ხელი – მისი ცხედარი გადმოასვენეს საქართველოში და კაცხში, ბაღუაშთა მამულში დაასაფლავეს.

არ იყვნენ ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატიონები ძალიან მკაცრები, უფრო პოლიტიკოსები იყვნენ, ქრისტიანი პოლიტიკოსები.

გავიდა დრო, გიორგი მეორესაც უჯანყდებოდა ივანე, ერისთავად დანიშნული, მაგრამ, ესეც ეპატია.

დავით აღმაშენებლის დროს კლდეკარის ერისთავი იყო ლიპარტ (მეხუთე) ივანეს ძე ბაღვაში. ერისთავობა იყო მეფის მიერ გაცემული თანამდებობა, ადგილზე. რამდენიმე თაობა იღებდნენ ხოლმე ბაღუაშები კლდეკარის ერისთავობას და უნდოდათ, ჰქონოდათ მემკვიდრეობით და თავის ჭკუაზე ემართათ.

როცა დავით მეოთხე ავიდა ტახტზე, ქვეყანა მოოხრებული იყო დიდი თურქობის შედეგად. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს: „რამეთუ მეფე იქმნა რა დავით, მოოâრებულ იყო ქართლი და თïნიერ ციხეთა სადა-მე არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არ-ცა-რა შენებულობა“.

თავიდან, თითქოს, ერთგულებდა ლიპარიტი მეფეს: „და მათ ჟამთა შინა ჰქონდეს თრიალეთი და კლდე-კარნი და მიმდგომი მისი ქუეყანა ლიპარიტს და მეფესა დავითს წინაშე იყო რე-ცა ერთ-გულად“.

ნელ-ნელა ქვეყნის მოშენება დაიწყო ხელმწიფემ. მაგრამ, იმ დროს მეფე, ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ნაკლებად აკონტროლებდა, თურქ-სელჩუკთა პარპაშის გამო. ტფილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სომეხ მეფეთა სახელმწიფო ქვემო ქართლში და კახეთ-ჰერეთის სამეფოც ცალკე არსებობდნენ. ნაჭარმაგევში (დღევანდელ კარალეთში) სანადიროდ წასვლაც კი სახიფათო ყოფილა.

1092 წელს მოკლეს სელჩუკთა სულთანი მელიქ-შა, მოკლეს სელჩუკთა დიდი ვეზირიც, ნიზამ ალ-მულქი, ქართველების სიძე. სელჩუკთა სახელმწიფოს დასუსტება ელოდა. იმის მაგიერ, რომ ლიპარიტ მეხუთეს მთელი თავისი ენერგია დავით მეფისა და სამშობლოს სამსახურისთვის მიეძღვნა, პირიქით მოიქცა, არ ემორჩილებოდა მეფეს. „ხოლო ამა ვითარებასა შინა გარდაâდა წელიწადი ოთხი, მოკუდა სულტანი მალიქ-შა და ლიპარიტ ამირამან იწყო მათ-ვე მამულ-პაპურთა კუალთა სლვა, რამეთუ ზაკïდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა. დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორ-გულება და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. და ვინათგან გულის-ხმის-ყოფა არა ინება კეთილისა, დადგა ყოველსა გზასა არა-კეთილსა“.

დავით აღმაშენებელმა ომი კი არ გააჩაღა, შეაპყრობინა ლიპარიტი და ციხეში გამოკეტა, რათა გონს მოეყვანა. „ამას რა ესე-ვითარებასა ხედვითა დავით, ინება გაწურთა მისი. ამისთïს-ცა პყრობილ ყო იგი ჟამ რაოდენ-მე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვის-მე“.

ლიპარიტმა მოინანია და მეფეს პატიება სთხოვა. მეფემ აპატია, გაუშვა, დიდებულის პატივიც შეუნარჩუნა და საერისთავო და მამულებიც არ ჩამოართვა. „და ესრეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთ-გულობისათïს ღმრთისა შუა-მდგომელად მომცემი განუტევა იგი. და მით-ვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა. რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არ-ცა-ღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინათგან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არ-ცა მეჭუელ“. კეთილი ადამიანი, არათუ მართალს, ბოროტსაც ადვილად ვერ სდებს ბრალს, რადგან ბოროტ საქმეებში გაწაფული არ არის და არც სხვებისგან ელოდება. იმ დროს სულ 20 წლის იყო ჩვენი ხელმწიფე.

მაგრამ, ლიპარიტმა არ მოიშალა და კვლავ განაგრძო მეფისადმი, ანუ სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებელი პოლიტიკის გატარება. დავით მეფის ისტორიკოსი ემოციურად აღწერს: „ხოლო იგი ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწუბა სანგორელსა მწïრისასა”: განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა ზედა თჳსსა“.

რასაც განსაკუთრებით აღნიშნავს დავით მეფის ისტორიკოსი, ესაა მეფის სიმშვიდე. არ აჩქარდებოდა, არ გამოვიდოდა მწყობრიდან, მშვიდად, ცივი გონებით განჭვრეტდა საქმეს და ისე მოქმედებდა. ისევ შეაყრობინა ლიპარიტ მეხუთე, არ მოკლა, არც თვალები დათხარა, არც ხელი მოკვეთა, როგორც ღალატის დროს ხდებოდა ხოლმე. ისევ ციხეში ჩასვა. ორი წელი ჰყავდა ციხეში, მაგრამ, შეატყო, არ გამოსწორდებოდა ლიპარიტი, ამიტომ, ბერად აღკვეცა. ან, შეიძლება, სამუდამო პატიმრობა ელოდა ლიპარიტს, ან, თვითონ, თავისი ასაკიდან გამომდინარე, მიხვდა, უნდა გაცლოდა პოლიტიკას და თვითონვე ითხოვა შემონაზვნება და მეფისთვის გარანტიის მიცემა, წავიდოდა საბერძნეთში, როგორც მისი პაპა, მონასტერში, რათა თავისი შვილისთვის, რატისთვის საშუალება მიეცა, დარჩენილიყო დიდებულად ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში. „იხილა რა მშïდმან და ღმრთივ-განბრძნობილმან მეფემან დავით, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არ-ცა კირჩხიბი მართლად ვალს, მეორესა წელსა კუალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ყო, და საბერძნეთს გაგზავნა. და მუნ განეჴუა ცხორებასა“.

იმ ხანებში ევროპიდან დაიძრნენ ჯვაროსნები და შეუტიეს მაჰმადიანებს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე და წინა აზიაში. აიღეს იერუსალიმი და ანტიოქია. ამან შეღავათი მისცა ჩვენს ქვეყანას. თურქთა დიდი ძალები დაკავდნენ ჯვაროსნებთან ომით. დავით მეფის რაზმიც ეხმარებოდა ჯვაროსნებს. ჩვენმა ხელმწიფემ ისარგებლა და ხარკიც შეუწყვიდა სელჩუკებს. ეს დიდი ეკონომიკური შეღავათი იყო ქვეყნისთვის.

მაშინ კახეთ-ჰერეთში მეფობდა კვირიკე, რომლის ჭეშმარიტ ქრისტიანობას აღიარებს და აქებს დავით მეფის ისტორიკოსი. დავით აღმაშენებელმა წაართვა მას ზედაზნის ციხე. იმ, 1103 წელს, მომკვდარა რატი (მეოთხე) ლიპარიტის ძე, უმემკვიდროდ. ასე დამთავრდა სახლი ბაღვაშთაო, სახლი განმამწარებელთაო, – წერს დავით მეფის ისტორიკოსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი