ფაქტები

აბატი პიერი – უსახლკაროების მღვდელი

№17

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 06.05, 2021 წელი

აბატი პიერი
უსახლკაროებისთვის
დაკოპირებულია

1954 წლის 1 თებერვალს პარიზის რადიო „ლუქსემბურგის“ ეთერში აბატი პიერის მოწოდება გაისმა: „მეგობრებო, დამეხმარეთ, ღამის 3 საათზე სევასტოპოლის ბულვარზე უსახლკარო ქალი გაიყინა!“. მკაცრ ზამთარში უსახლკაროთა გადასარჩენად მას ათასობით ფრანგი გამოეხმაურა. მალე საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ყველა განათებულ ადგილზე გაჩნდა წარწერა: „შენ, ვინც უნდა იყო, შემოგვიარე, დაიძინე, ისადილე, დაიბრუნე ცხოვრების იმედი, აქ შენ უყვარხარ!”.

საფრანგეთში 1956 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც დღემდე „აბატი პიერის კანონის” სახელს ატარებს და რომლის თანახმადაც სასამართლოს და აღმასრულებელ სტრუქტურებს უკრძალავს ნოემბრის თვიდან, აპრილის ჩათვლით იმ ადამიანების გამოსახლებას, ვინც ვერ იხდის ბინის ქირას ან უკანონოდ აქვს დაკავებული საცხოვრებელი ფართი, რადგან სხვაგან წასვლა არ შეუძლია.

აბატი პიერი, იგივე ანრი გრუე, 1912 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ 7 წელი კაპუცინების მონასტერში გაატარა, სადაც თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის წევრი იყო, უამრავი ადამიანი, ძირითადად ებრაელები სიკვდილს გადაარჩინა და შვეიცარიაში გადაიყვანა. ომის დამთავრების შემდეგ ის ეროვნული ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს.

აბატი პიერი მალე მიხვდა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ იყო. პარიზის გარეუბანში ერთი ძველი სახლი იყიდა, გაარემონტა და უპატრონო ბავშვების თავშესაფარი გახსნა, რომელსაც „ემაუსი” უწოდა იმ პალესტინური სოფლის მსგავსად, რომლის ახლოსაც ქრისტეს მოწაფეები მის აღდგომას შეხვდნენ.

1954 წლის ზამთარში პიერმა საფრანგეთის რეკონსტრუქციისა და განსახლების მინისტრი აიძულა, პატარა ბიჭის დაკრძალვაზე მისულიყო, რომელიც დედასთან ერთად ფურგონში გაიყინა. ამის შემდეგ იყო ის ცნობილი რადიომოწოდება, რომელმაც ასეულობით უსახლკარო გადაარჩინა.

მან მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა და ნახევარი საუკუნე სიღატაკესა და უგულობას ებრძოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი