კრიმინალური ისტორიები

როგორ გაშიფრეს 25 ადამიანის მკვლელი ქართველი მაიორი

ავტორი: ნიკა ლაშაური 15:27 17.11, 2020 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
მკვლელობების სერია
1985-1988 წლებში საბჭოთა კავშირში 20-მდე მსხვილი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს. ძირითადად, ის ადამიანები, ვინც ორგანიზებულ დანაშაულს ედგა სათავეში. კრიმინალური ავტორიტეტების გარდა, სიცოცხლეს გამოასალმეს საბჭოთა მილიციის 3 და უშიშროების 2 მაღალი რანგის ოფიცერი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვლელობები სხვადასხვა ხერხით იყო ჩადენილი, სამართალდამცველები ერთ, ეგრეთ წოდებულ, „ადინოჩკას“ (მარტოხელა) ეძებდნენ. საქმე კი ის იყო, რომ მკვლელი ყოველი დანაშაულის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ტოვებდა ბარათს წარწერით – „სახალხო შურისმაძიებელი“. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მკვლელი იმ ადამიანებს ხოცავდა, ვინც, როგორც იტყვიან, უბრალო საბჭოთა ხალხის სისხლს სვამდა, ანუ მათ ფულს ითვისებდა, ჩაგრავდა მათ და კლავდა კიდეც. ეს აზრი ინკოგნიტო მკვლელმა მის მიერ ჩადენილი პირველი მკვლელობის მერე დატოვებულ ბარათში ჩამოაყალიბა. „სახალხო შურისმაძიებელმა“ 1985 წლის 1 ივლისს ლენინგრადში ვინმე ანტონ ბროვერი მისსავე სახლში „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლა და ეს წერილი იქ დატოვა. შემდგომში კი ინკოგნიტო მკვლელი დატოვებულ ბარათზე მხოლოდ ამას წერდა – „სახალხო შურისმაძიებელი“. გამოძიებას ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებდნენ „კაგებე“ და მილიცია. მკვლელს, ასევე, ეძებდა „შავი სამყაროც“, თუმცა, „სახალხო შურისმაძიებელი“ ისე სუფთად მუშაობდა, რომ შემთხვევის ადგილზე, ფაქტობრივად, არანაირ კვალს არ ტოვებდა, ხოლო ოპტიკურსამიზნიანი შაშხანა და მაყუჩიანი „მაკაროვი“ კი ოფიციალურად არსად იყო რეგისტრირებული. გარდა ამისა, მკვლელი კარგად ალესილ მჭრელ საგანს, სავარაუდოდ, საშუალო ზომის ხანჯალსაც იყენებდა.
სამმაგი განაჩენი
როგორც „კაგებეში“, ასევე მილიციაში ვარაუდობდნენ, რომ ინკოგნიტო მკვლელი ან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მიერ იყო მართული, ან თავადვე იყო ამ სტრუქტურის წარმომადგენელი. ასეთი აზრი კი იმიტომ გაჩნდა, რომ მკვლელი აშკარად კარგად იყო ინფორმირებული თავის მსხვერპლებზე, მათ უშეცდომოდ იხელთებდა და კლავდა. ასეთი ინფორმაციის მიცემა კი მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურის საქმეში ჩახედულ თანამშრომლებს ჰქონდათ. რადგან მკვლელი შავი სამყაროს მაღალ იერარქებსა და მათ ხელშემწყობ ძალოვანი სტრუქტურების მომუშავე პირებს ხოცავდა. 1987 წლის მაისში ამ სამი სტრუქტურის წარმომადგენლები საიდუმლოდ შეიკრიბნენ მოსკოვში, ერთ-ერთი კრიმინალის ბინაში და თითოეულმა სტრუქტურამ ინკოგნიტო მკვლელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამგვარად, „სახალხო შურისმაძიებელს“ სამმაგი სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, თუმცა, მისი ვინაობა დაუდგენელი რჩებოდა და როგორც „კაგებეში,“ ასევე მილიციაშიც ინტენსიურად ეძებდნენ. მიუხედავად ამისა, მკვლელობები გრძელდებოდა და „სახალხო შურისმაძიებელი“ კვლავ მოუხელთებელი იყო.
ახალი ტექნოლოგია
„დეენემის“ კრიმინალისტიკაში გამოყენება პირველად ბრიტანელებმა დაიწყეს – 1984 წელს და მას ოფიციალური სტატუსიც მიანიჭეს. საბჭოთა კავშირში კი ამ ხერხით პირველი დანაშაული 1988 წელს გაიხსნა და „დეენემი“ მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეს ფართოდ გამოძიებებში. მეტიც, საბჭოთა ძალოვან სტრუქტურებში საიდუმლო ბრძანება გაავრცელეს და თითოეული მილიციის, „კაგებეს“ თუ სამხედრო უწყების თანამშრომელს უნდა ჩაებარებინა „დეენემისთვის“ თავისი, ეგრეთ წოდებული, „მასალა“. ეს პროცედურა უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხორციელდებოდა. ის ტარდებოდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდივიზიაში, რომელიც ძერჟინსკის სახელს ატარებდა. 1989 წლის 16 იანვარს, 33 წლის მაიორი ზურაბ კაკაბაძე, რომელიც საგანგებო-ოპერატიული ჯგუფის უფროსი იყო, გენერალმა დაიბარა და უთხრა:
– ზურაბ, ხვალ დილით შენ და შენმა ხელქვეითებმა „დეენემის“ მასალები უნდა ჩააბაროთ და ბიჭები მოამზადე. დილის 9 საათზე ყაზარმაში მოძრავი ლაბორატორია მოვა და მზად იყავით.
– ეგ რას ნიშნავს, ამხანაგო გენერალო? – დაინტერესდა ქართველი მაიორი.
– ჩააბარებთ სისხლს, ნერწყვს და ისინი შეინახება. დავუშვათ, რომელიმე თქვენგანმა ვიღაც მოკლა და შემთხვევის ადგილზე სუფთად იმუშავა, არც ანაბეჭდები დატოვა და არც სისხლი, მაგრამ ვთქვათ, მას დარჩა ცხვირსახოცი, რომელიც სახეზე მოისვა ან თმის ღერი, მაშინ შემოწმდება მონაცემთა ბაზა და აუცილებლად ამოვა მკვლელის მონაცემები. გასაგებია? – მიუგო გენერალმა.
– დიახ. გასაგებია. დილისთვის მზად ვიქნებით, – უპასუხა მაიორმა და გენერლის კაბინეტი დატოვა.
1989 წლის 17 იანვარს ყაზარმაში მისულ მოძრავი ლაბორატორიის ეკიპაჟს მაიორი კაკაბაძე არ დახვდათ. რომ მოიკითხეს, ვერსად აღმოაჩინეს. ამან კი ეჭვი გააჩინა და ჩატარდა გამოძიება. აიღეს ანალიზები ქართველი მაიორის საწოლის თეთრეულიდან. შემდგომ ეს ნიმუშები შეადარეს იმ 25 მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ რამდენიმე ნივთზე აღებულ ნიმუშებს და დადგინდა, რომ ინკოგნიტო მკვლელი „სახალხო შურისმაძიებელი“ ქართველი მაიორი იყო. კაკაბაძეზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა, სამი დღის შემდეგ მოსკოვის გარეუბანში მისი დასახიჩრებული გვამი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, კაკაბაძე იმ ადამიანებმა მოკლეს, ვინც მას ქირაობდა და კვალის დაფარვის მიზნით მისი ცხედარი გაანადგურეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი