კრიმინალური ისტორიები

როგორ „გადააგდო“ დიდ „კუშში“ ქართველმა ილუზიონისტმა კრიმინალური ავტორიტეტები

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:40 23.11, 2020 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

შანტაჟი
21 წლის იაგო ქათამაძეს საცირკო-საესტრადო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და თბილისის სახელმწიფო ცირკში მუშაობდა. ის პროფესიით ილუზიონისტი იყო, თუმცა საცირკო წარმოდგენებში მხოლოდ ასისტენტის როლით შემოიფარგლებოდა და თავისი ბევრად უფროსი კოლეგის მითითებებს ასრულებდა. არადა, ყმაწვილი ნამდვილი ტალანტი იყო და საუცხოო ნომრებიც ჰქონდა მომზადებული. ყველაზე ძლიერი ის კარტთან (ბანქო) მანიპულაციებში იყო. იაგოს ისეთი მოქნილი თითები ჰქონდა, რომ ბანქოს ქაღალდით ნებისმიერ მანიპულაციას აკეთებდა. კარტის ჩაწყობა კი მისთვის უადვილეს ტრიუკს წარმოადგენდა. იაგოს, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგა ილუზიონისტს, მილიციაში ხელწერილი ჰქონდა დადებული, რომ თავის ნიჭს აზარტულ თამაშებში არ გამოიყენებდა. ზოგადად, მსგავსი რამ საბჭოთა კავშირში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა. ხოლო თუკი „კარტოჟნიკობაში“ ილუზიონისტს გამოიჭერდნენ, სასამართლო მას მაქსიმალურ სასჯელს უფარდებდა. თავად აზარტული მოთამაშეები კი ასეთ მატყუარას ან სიკვდილით სჯიდნენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ორივე ხელის მტევნებს კვეთდნენ. იაგოს ავადმყოფი დედა ჰყავდა, რომელსაც ბევრი ძვირად ღირებული დეფიციტური გულის წამალი ესაჭიროებოდა. ბიჭს კი მხოლოდ 80-მანეთიანი ხელფასი ჰქონდა და დედის ინვალიდობის პენსია – 24 მანეთი. სულ დედა-შვილს 104 მანეთი გამოსდიოდა, რაც ელემენტარულ საკვებსა და უბრალო წამალშიც არ ჰყოფნიდათ. ქალის მდგომარეობა სულ უკან და უკან მიდიოდა და რომ არა მათი მეზობელი, საკმაოდ შავ-ბნელი წარსულის პიროვნება, 42 წლის ანზორ ქარავანიშვილი, ქალი გარდაიცვლებოდა. ანზორმა კი იაგოს ათასი მანეთი მისცა და უთხრა:
– აი, ძმაო, მაყუთი, დედაშენს მიხედე. ფული როცა გექნება, ვალიც მაშინ დამიბრუნე, არ მეჩქარებაო.
იაგომ დედა ფეხზე დააყენა – კარგი მკურნალობით ქალი, სულ რაღაც, ორ თვეში გამოჯანმრთელდა. ერთ დღეს კი იაგოს ქარავანიშვილი ესტუმრა და ფულის დაბრუნება მოსთხოვა.
– ძია ანზორ, ახლა ამდენი ფული არ მაქვს და ჯერ ვერ მოგცემ. შენ თვითონ არ მითხარი, არ მეჩქარებაო? – უთხრა მეზობელს ბიჭმა.
– ფულს თუ ვერ მიბრუნებ, მაშინ კარტი უნდა ითამაშო და ვალი ამით დამიბრუნო. თანაც შენც სარგებელი გექნება, – თქვა ქარავანიშვილმა.
იაგომ ანზორს აუხსნა, რომ მილიციაში ხელწერილი ჰქონდა დადებული, რომ ასეთ საქციელს ვერ ჩაიდენდა. ანზორმა კი მოკლედ მოუჭრა:
– ან ჩემს ნებას დაჰყვები, ან ისე გაგიხდი საქმეს, რომ გასარჩევად ქურდებთან მიხვიდე, იქ კი გამტყუნდებიო.
შანტაჟმა გაჭრა და იაგო ქათამაძე ანზორ ქარავანიშვილის ნებას დაჰყვა.
სუპერშულერი
ანზორ ქარავანიშვილი „შავი სამყაროს“ წევრი იყო და კრიმინალური ავტორიტეტის, თავისი ბიძაშვილის, მურთაზ ქარავანიშვილის მითითებით მოქმედებდა, რომელიც „ჩურჩხელას“ სახელით იყო ცნობილი. ნათესავებმა, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე გადაწყვიტეს იაგოს ხელში ჩაგდება და შესაფერის მომენტს ეძებდნენ. ხოლო, როდესაც დედა ავად გაუხდა, ბიჭს ჯერ ფული ასესხეს, შემდგომ კი მოსთხოვეს და ამგვარად ჩააბეს ამ საქმიანობაში. ქარავანიშვილებმა იაგო მოთამაშეთა წრეში შეუშვეს, თან დაარიგეს, რომ ფრთხილად ემოქმედა და ზოგჯერ წაეგო კიდეც. იაგო ქარავანიშვილების ინსტრუქციით მოქმედებდა და მართალია, განგებ, ზოგჯერ დიდ თანხასაც აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოგებული რჩებოდა. შეთანხმებისამებრ, მოგებული თანხა სამად იყოფოდა და თითოეულს თანაბარი წილი ხვდებოდა. იაგო ქათამაძე სუპერშულერივით მოქმედებდა და ისე შეეჩვია ამ საქმეს, რომ პატიოსან ცხოვრებაზე აღარც კი ფიქრობდა.
დიდი „კუში“
ქარავანიშვილების ამ ბიზნესის შესახებ ქურდებმა შეიტყვეს და ბიძაშვილები მაგრად „დააკაჩავეს“. ქურდებმა მათ იმის პრეტენზია წაუყენეს, რომ ფულის ნაწილი ქურდულ „ობჩიაკში“ არ შედიოდა. ანზორმა და მურთაზმა აღიარეს თავიანთი დანაშაული და ქურდებს შესთავაზეს, რომ ბიჭი სოჭში, სასტუმრო „პრიმორსკაიაში“ ყოველწლიურად მიმდინარე დიდ თამაშში „გაეჩითათ“. იმ სასტუმროში ძალიან მდიდარი აზარტული მოთამაშეები იკრიბებოდნენ და მოგება ზოგჯერ ასი ათასი მანეთიც კი იყო. ქარავანიშვილების წინადადება ერთსულოვნად მიიღეს. 1969 წლის 25 დეკემბერს იაგო ქალაქ სოჭში ჩაიყვანეს და სათამაშო მაგიდასთან სასტუმრო „პრიმორსკაიაში“ შეკრებილ ოცდაათ მოთამაშესთან ერთად დასვეს. ბიჭი გააფრთხილეს, რომ არ „დაგოიმებულიყო“ და გამოცდილი ტაქტით ეთამაშა – ანუ ზოგჯერ წაეგო კიდეც, მაგრამ დიდი „კუში“ საბოლოოდ მას დარჩენოდა. წინასწარი შეთანხმებისამებრ, იაგოს მოგებული თანხის 10 პროცენტი ერგებოდა, ქარავანიშვილებსაც – 10-10 პროცენტი, ხოლო დანარჩენი 70 პროცენტი კი „ობშჩიაკის“ კუთვნილება უნდა გამხდარიყო. თამაში თითქმის 48 საათს გაგრძელდა და იაგომ 190 ათასი მანეთი მოიგო. ბიჭმა ფული ტყავის ჩანთაში ჩააწყო და ოთახიდან გავიდა, რომ გვერდით ოთახში ავტორიტეტებისთვის მათი წილი გადაეცა. თუმცა იაგო შეუმჩნევლად სასტუმროს სახურავზე ავიდა. წინასწარ გამზადებული ბაგირით ძირს დაეშვა და 190 ათას მანეთთან ერთად გაუჩინარდა. როდესაც ავტორიტეტებმა გაიგეს, რომ ბიჭმა ისინი 190-ათასიან დიდ „კუშში“ „გადააგდო“, მისი ტოტალური ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვერც იაგო და ვერც დედამისი ვერსად აღმოაჩინეს. მიუხედავად ავტორიტეტების ძალისხმევისა, იაგო ქათამაძე გაუჩინარდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი