კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№47

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 16:42 23.11, 2020 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

დათაშვილის სამიკიტნო
ნერსესოვს წინ რამდენიმე კალათა დაელაგებია, ნაჭრით გადაფარებული. იმას მალიმალ ფეხს მიარტყამდა და მიუთითებდა, რომელი აეღოთ.
– ამას ჩაიტან ფრანგულიანცთან, სამას მანეთზე ნაკლებს არ გამოართმევ. ამ ორს – ვალგუსტთან, სობოლის ბეწვია მარტო რვაასი მანეთის. თუ გაჯიუტდა, აარტყავ ერთს. ვერცხლს – ნინიევებთან.
ოთახში ამ დროს დაღლილობისგან გაწითლებული გაბო შემოვიდა, ტოლჩით წყალი მოსვა და თან ბაღდადს კისერზე ისვამდა.
– ენა გადაყლაპე? – შეხედა მას ნერსესოვმა.
– მარბენიეს ძუკნა ძაღლივით, – მოითქვა იმან სული, – ჯერ ქვევით წავიდნენ და ვიფიქრე, გაღმა მიდიენ, მარა ურიების უბანში იტრიალეს, რაცხა ამეეღოთ თვალში, უტრიალეს, უტრიალეს, მერე აბანოებთან კოფეინაში ფლურჩამდნენ ჩაის. იქიდან ევიდენ პლოშადზე და ქარვასლა მეიარეს და მერე კიდო ზევით და უნდა გენახა, იქ რაფერ დოუარეს შალახო, იმ ჩემი ცოდვით სავსეებმა, არ დოუტოვებიათ ხვინჭა, კლიტე, პადვალი, ისე სინჯეს ბაღდადიანცის სახლი, ქე რო ქალს გასინჯავ, – ვაშლიც მოკბიჩა გიგომ.
– მერე?
– რას მეტყოდნენ, გასაქურდად დღეს მოვალთ თუ დღეის სწორსო? – კურკები და ყუნწი მუჭში გადმოიყარა იმერელმა.
– ბუზი ბაღდადიდან მოვაო, – თქვა ვანო ფორაქოვმა და ჩრჩილი მოკლა ხელების შემორტყმით.
– მარტო გაქურდვის ხალხი არ არის, ალის ვფიცავარ, თავსაც მოაჭრიან, – აღმოხდა სეიდს ნერსესოვის გასაგონად.
ის კი ფიქრობდა. საათიც ამოიღო, გახსნა და ჩახედა.
– გასინჯეს რა, ხოჯას აბანოა? – და გიგოს გადახედა, – ჩახვალ პოპოვთან, ეტყვი, სტუმრებია, ზნაკომეცა უნდათო.
ვანო ფორაქოვი, იგივე აბას-კული-მოლა-ალი-ოღლი – საფულის ცნობილი დამგდები, ამ საქმის დიდი მცოდნე. საფულეც სხვადასხვა დაჰქონდა – პორტმანე, ქისა. 1894 წელს მკვლელობის გამო ექვსი წლით კატორღა მიესაჯა. სასჯელი მოიხადა სახალინზე, მობრუნებულზე გააგრძელა საფულის დაგდება და ამის გამო ერთი წელი სასჯელი ისევ მოიხადა. შემდეგ გასახლებული იქნა ირკუტსკის გუბერნიაში და იქიდან თვითნებურად მობრუნდა. მისი გაბითურებულია ჰაჯი მამედ ჰუსეინ ალიევი, რომელსაც 331 მანეთი წაართვა და ქერბალაი მამედ კული მაშადი ალი ოღლი, რომელსაც 300 მანეთი აართვა. ასევე, დამქაშობდა დავიდკა დამბურაჯიანცთან, რომელიც დააგდებდა სიარულისას საფულეს, ფორაქოვი კი აიღებდა და მასთან ერთად გვერდით მყოფსაც ჩაითრევდა იმის გაყოფაში. მობრუნებული დამბურაჯიანცი ამ დროს საფულის დაკარგვას შეიცხადებდა, მათ გაჩხრეკდა და მსხვერპლი შემდეგ ცარიელ ჯიბეებს აღმოაჩენდა. როგორც დაემართა, დავუშვათ, ელისავეტპოლიდან ჩამოსულ ალიევს, როცა სომხის ბაზარში ჯიბიდან 389 მანეთი ამოაცალეს და მხოლოდ სასტუმროში მიხვდა, რაც დაჰმართნოდა.
იდელ ფრიდმანი – ოქრომჭედელი, ძმებ ნინიევებთან ერთად ჰქონდა სახელოსნო ვერცხლის რიგში. მათთან ერთად იყო ხელის დამცლელი. 1893 წელს ოდესელი კომერსანტისა და ბრილიანტებით მოვაჭრე მეერ რაშკევიჩის ჩამოსვლისას, როგორც ძველი ნაცნობი, მისი ბრილიანტების გაყიდვის საქმეს აგვარებდა. ათასმანეთიან თამასუქად მიაყიდია ბრილიანტები გაგლო ნინიევს და დანარჩენზე ვაჭრობაც გამართა და უეცრად რაშკევიჩი გაქრა. ის 65 წლის ხელმოჭერილი ებრაელი იყო. ოდესის ერთ-ერთი სინაგოგის მამასახლისი. ენდობოდა მხოლოდ ებრაელებს და ფრიდმანთანაც საქმე ამიტომაც დაიჭირა. ტფილისში 30 ათასის ბრილიანტები ჩამოეტანა და სულ თან, უბეში შესანახ ყუთში ატარებდა. ამხელა სიმდიდრე ჰქონდა, მაგრამ „იუჟნიე ნომერას“ პატრონისთვის ფული არ გადაუხდია, აქაოდა არ მაქვს და რომ მექნება, მერე გაგისტუმრებო. სადილიც მეტად იაფად ებრაულ სამიკიტნოში დაუკვეთა. რაშკევიჩის გაქრობა მარკოს რაბინოვიჩმა შენიშნა, რაშკევიჩის დიდი ხნის ნაცნობმა და პოლიციას აცნობა. მისი ოთახი „იუჟნიე ნიმერაში“ დაათვალიერეს და ყველაფერი ადგილზე დაუხვდათ. მათ შორის ებრაელთა სალოცავი ნივთები, რის გარეშე ებრაელი ქალაქს არ დატოვებდა. ეს იყო ნათელი. მისი ბაქოში წასვლა გამოირიცხა. მისი ძებნა დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ დილით ის პოლი ბეკმანის მაღაზიაში იყო, შემდეგ კი აპირებდა სადილს მოლკა კუშნერთან, შეკვეთილიც ჰქონდა, მაგრამ იქ აღარ მისულა. ბეკმანმა განაცხადა, რომ ის მაღაზიიდან ნინიევმა წაიყვანა. თუმცა ნინიევი უარობდა, ბეკმანი ცილს მწამებს, რაკი ერთხელ ვუჩივლე, მას ჯარიმა დაერიცხა და ახლა შურს იძიებსო. რაბინოვიჩი კი ამტკიცებდა, რომ ფრიდმანს რაშკევიჩის რაღაც ძველი ბოღმა ჰქონდა. რაღაც ოჯახური ამბავი გამოდიოდა, რაკი ადრე გაეგონა, ფრიდმანი რომ იმუქრებოდა, მაგან ნახე, როგორ ინანოს, მაგას არ შევარჩენო. ოქრომჭედელთა უსტაბაშ სეროფიანცმაც თქვა, ნინიევები და ფრიდმანი უფრო ნაქურდის ყიდვით არიან დაკავებულნი, საყურეებზე ყალბი ნიშნების დადებით, ოქროს სამაჯურში სპილენძის ძაფების გაყრით და ათასი მაიმუნობით და დუქანიც უფრო თვალის ასახვევად აქვთო. როგორც შემდეგ გაირკვა და ბოქაული სვიმონოვის ძიებით გაცხადდა, ფრიდმანმა ისარგებლა რაშკევიჩის ნდობით და ნინიევთან ერთად ის ჯერ ორთაჭალის ბაღებში წაიყვანა და უკვე იქ აპირებდა მის მოკვლას, თუმცა გადადო ეს ჩანაფიქრი და ორი დღის შემდეგ ცირეკიძის ლუდხანაში შეიტყუა. იქ მას დაუხვდნენ ნინიევი, ცირეკიძე, ხურციევი, ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ დაჭრეს ნაწილებად და ტომარაში ჩაალაგეს, ურიკაზე დადეს და ავლაბარში წაიღეს. როცა გზად გარადავოის გადაეყარნენ და იმან ჰკითხა, რა მიჰქონდათ, უთხრეს ხორციაო. გვამი გადააგდეს მტკვარში, გიგილოს აბანოსთან. ფრიდმანს მიესაჯა უვადო კატორღა, გაგლო ნინიევს – 17 წელი, ცირეკიძეს – 17 წელი, ხურციევს – 13 წელი, სანდრო ნინიევს – 8 წელი, ვასო ნინიევი გამართლდა. ცირეკიძე ამბობდა, რომ არ ეგონა, ებრაელის მოკვლისთვის რამე სასჯელი თუ ელოდა. განა მათ ცოტა აწვალეს ქრისტე ღმერთი? – ასე იძახდა სასამართლოზე.
დიმიტრი ძაგანია – ქურდი, თავის დამქაშ სარჩიმელიასთან ერთად სახლებს ქურდავდა. ერთი აყვებოდა წვიმის წყლის სადენ მილს, მეორე ქუჩაში რჩებოდა, სანამ პირველი არ გადმოუგდებდა მთელ შეკვრას მოპარული ნივთებით. ასეთ ქურდობას ტფილისში ეძახდნენ „დობროე უტრო“. მათ გაქურდეს გეგიძის ბინა ვერის დაღმართზე, ჟურულის ბინა – სასამართლოს ქუჩაზე, ტფილისის ობსერვატორიაში მეხანიკ მარტ ერვის ბინა. 1878 წელს ქუჩებში გაზის განათების გაყვანა რომ დაიწყეს და ლითონის მილებს ამაგრებდნენ, ამ მილებითაც ძვრებოდნენ სახლებზე თითქოს და კიაპარის და ბოლონიელ პროფესორ გუასკოს ბრაზილიელი მაიმუნები ყოფილიყვნენ, მაშინ ტფილისის ცირკში გამოჩენილები. იმავე წელს მათ იანინის სახლი გაქურდეს და ამაზე დაიჭირეს.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი