გულახდილი საუბრები

ვიბრძოლე და ქმარი საყვარელს არ დავუთმე

№22

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.06, 2021 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

მართალია, როცა ასაკში შედიხარ, ქმართან ურთიერთობაში რომანტიკაც ქრება და სიყვარულიც ნელდება, უფრო სწორად, მოვალეობაში გადადის, თუმცა მე მაინც ვცდილობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სტაბილური და მშვიდი ოჯახი მქონოდა. 

ასეც იყო, სანამ ჩვენს ურთიერთობაში ახალგაზრდა ქალი არ გამოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ქმარი ჩემ გარდა, სხვა ქალისკენ გაიხედავდა, ყველაფერს წყალში ჩამიყრიდა და მის გამო დამიპირისპირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა.

ეს ამბავი რომ გავიგე, უკვე გვიანი იყო. საკმაოდ ახლო ურთიერთობაც ჰქონდათ, სექსიც და სამომავლო გეგმებსაც სახავდნენ. დიდი ბრძოლა და ძალისხმევა დამჭირდა, რომ ქმარი ოჯახისკენ შემომებრუნებინა. ყველაფერი გავაკეთე, თავზე ხელიც კი ავიღე და მაინც ჩემსას მივაღწიე.

პირველად ამის გაგება შოკი იყო, ფსიქოლოგიც კი დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი გადამეტანა. მოკლედ, უკან არ დავიხიე და საყვარელი ადამიანი არ დავუთმე იმას, ვისაც მხოლოდ მისი ფული სჭირდებოდა, იყენებდა და ზუსტად ვიცი, რამდენიმე წელში, როცა მისი მატერიალური სახსრებით ცხოვრებას მოიწყობდა, ისე ჰკრავდა ხელს და მიატოვებდა, როგორც დაგიბარებიათ. რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი, როცა კაცი ასაკშია, ის კი საკმაოდ ახალგაზრდა და ლამაზი. უბრალოდ, ფულის გამო გააბა რომანი, არც სექსუალურ ურთიერთობაზე თქვა უარი და მოკლედ, ჩვენს ოჯახსაც დიდი ტრავმა მიაყენა. არადა, მე ხომ ვიცნობ ჩემს ქმარს? გარეგნობით არ ბრწყინავს, ნაკლებად კომუნიკაბელურია, ლაპარაკიც კი არ ეხერხება, უჭირს ურთიერთობის აწყობა და არც საწოლშია მაგარი მამაკაცი, მასზე რომ დაფეთებულიყო. საკმაოდ კარგად გამოსძალა ფინანსები და სანამ ბოლომდე ჩაითრევდა, ისევ მე ვიყოჩაღე.

გავიგე მისი სახლის მისამართი და პირდაპირ მივადექი. სიმართლე გითხრათ, შემიშვა, დამელაპარაკა და არც იუარა, რომ ჩემს ქმართან ურთიერთობა ჰქონდა. არც ის დაუმალავს, არ ვაპირებ მის ცოლობას, უბრალოდ, თქვენც ხომ ხვდებით, ეს ურთიერთობა დროებითიაო. ორი აზრი არ არსებობდა, მისთვის მთავარი ჩემი ქმარი კი არა, ფული იყო. ისე დააბოლა და დაიმორჩილა, გამოაშტერა, ჩემმა ქმარმა მანქანაც აჩუქა, სახლიც გაურემონტა, ჩააცვა-დაახურა და ალბათ, რომ არა მე, სახლსაც უყიდდა.

არადა, ბიზნესი, რომელსაც ჩემი ქმარი მართავს, მამაჩემის საკუთრება იყო. მის გარდაცვალებამდე ჩვენ გადმოგვეცა სამართავად, საკმაოდ კარგ მოგებას ტოვებს და იმის ნაცვლად, თავის ოჯახს და ცოლ-შვილს მოახმაროს ფული, ჩემი გამოჩერჩეტებული ქმარი ვიღაც „აშარაშკას“ აფუფუნებს. ეტყობა, ასაკში შესულს ახალგაზრდა ქალმა რომ მიაქცია ყურადღება, ამით მოიხიბლა.

შვილებმაც გაიგეს ეს ამბავი და გადაირივნენ. მამასთან კონფლიქტი მოუვიდათ და ამ საქციელს დღემდე ვერ პატიობენ. მოკლედ, საკითხი მკაცრად დავსვი: ან ის ქალი, ან ჩვენ. განქორწინებაც მოვითხოვე და ამით ჩემი ქმარი ჩიხში მივიმწყვდიე. განქორწინების მერე, ბიზნესიდან უნდა წამოსულიყო, რადგან მამამ ყველაფერი ჩემს სახელზე გადმოაფორმა. გაიაზრა, რომ ნულზე დარჩებოდა და თავად მიხვდა, ეს არ აწყობდა. იმასაც მიხვდა, ის ქალბატონი, ამის მერე სახლშიც კი არ შუეშვებდა, ახალი ფულიანი პარტნიორის „დაკერვას“ დაიწყებდა და ოჯახსაც დაკარგავდა. მოვიდა გონზე, დაფიქრდა და არჩევანი გააკეთა.

რაღაც პერიოდი მარტო გადავიდა საცხოვრებლად. ამან უშველა, გონს მოსულიყო. ყოველ დილით რომ გაუთოებული პერანგები და მაგიდაზე საუზმე აღარ ხვდებოდა. იმ ქალბატონმა კი თავი არ შეიწუხა და ერთხელაც არ მიუკითხავს. მერე გააანალიზა და მითხრა კიდეც: მხოლოდ ფულს გაიძახოდა, არ ინტერესდებოდა, საიდან მოდიოდა, და საერთოდ, მქონდა თუ არაო. ერთი სიტყვით, მშვიდად და დიპლომატიურად, ყოველგვარი სკანდალების გარეშე მოვაგვარე საკითხი, ქმარიც დავიბრუნე და შვილებსაც ავუხსენი, რომ ცხოვრებაში გაუაზრებელი შეცდომა ყველას მოგვდის.

მე ვაპატიე ჩემს ქმარს შეცდომა, ისიც მიხვდა და დღეს ისევ არაჩვეულებრივი და მშვიდი ოჯახი გვაქვს. არადა, სკანდალები რომ ამეტეხა, უარესი მოხდებოდა. სიტუაციას დავძაბავდი, არ არის გამორიცხული, იმ ქალს მიკედლებოდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, უფულოს ის არ მიიღებდა და ზუსტად ვიცი, რა ყოფაშიც ჩავარდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს არც მე მეყოლებოდა ქმარი, არც ჩემს შვილებს – მამა. ასე რომ, დელიკატურად შეცდომის პატიება და გამოსწორება ნამდვილად ღირს. სკანდალსა და აყალმაყალს კი უარესი შედეგი მოაქვს.

მანანა, 52 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი