გულახდილი საუბრები

ცხოვრების ბოლომდე დედამთილის კმაყოფილი ვიქნები, ორშვილიანი ქალი რომ რძლად მიმიღო

№36

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.09, 2021 წელი

რძალ-დედამთილობა
დაკოპირებულია

სტუდენტობის დროს ერთი ბიჭი მიყვარდა. მაშინ ორივეს თავში გვიქროდა და ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში ვუყურებდით. ხშირად ვსეირნობდით ერთად და მომავალ გეგმებსაც ვსახავდით. 

თუმცა, ახლანდელი გადასახედიდან – გაუაზრებლად. უბრალოდ, ერთმანეთი მოგვწონდა, გვიზიდავდა. ჩვენ შორის ნამდვილი სიყვარული რომ ყოფილიყო, ერთმანეთს არ ვუღალატებდით. ღალატში ცუდს არაფერს ვგულისხმობ – უბრალოდ ვიჩხუბეთ, დავშორდით ერთმანეთს და სულ მალე, მეც გავთხოვდი და მანაც ცოლი შეირთო. წლების მერე, როცა შემთხვევით ისევ შევხვდით ერთმანეთს, აღმოვაჩინეთ, რომ ის ვნება და ლტოლვა არ განელებულა. ის უკვე გაშორებული იყო ცოლს, მე კი ქმარი და ორი შვილი მყავდა. მისი ნახვის მერე, გულში ჭია შემიძვრა, მღრღნიდა და არ მასვენებდა. ვხვდებოდი, ქმარზე გული ამიცრუვდა და მხოლოდ პირველი სიყვარულისკენ მიმიწევდა გონება და გრძნობა. არც დამიმალავს, ეს ყველაფერი ტელეფონში ვუთხარი. ისევ დავგეგმეთ შეხვედრა და გულახდილად ვისაუბრეთ. სულ რაღაც ერთ თვეში ქმარს უმიზეზოდ გავშორდი. უბრალოდ, ვუთხარი, ცოტა გადავიღალე და იქნებ ურთიერთობაში პაუზა ავიღოთ-მეთქი. ისიც, მიამიტურად დამთანხმდა, დასასვენებლად გამიშვა ბავშვებთან ერთად და მას მერე მასთან აღარც დავბრუნებულვარ. მოკლედ, დასასვენებლად ყოფნის დროს ჩამომაკითხა ჩემმა პირველმა სიყვარულმა. ჩვენ შორის კიდევ უფრო გამძაფრდა გრძნობა და გადავწყვიტეთ, ერთმანეთს აღარ დავშორებოდით. დღემდე ერთად ვართ. ბევრი ადამიანი ჩაერია ცუდად ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ჩემი დედამთილი დადგა მაგრად. ყველას უხსნიდა: ახალგაზრდები ყველანი ვყოფილვართ, ჩვენც გვიყვარდა, ვშორდებოდით და მერე ვნანობდით. ამის გამო ცხოვრება ხომ არ უნდა გავიმწაროთ? თუ გიყვარს, მის გვერდით უნდა იყოო. მოკლედ, ორშვილიანი ქალი საკუთარი შვილივით მიმიღო ოჯახში და დღემდე მფარველი ანგელოზივით დამკანკალებს თავზე. ჩემს პირველ მეუღლესთან ოფიციალურად არ ვარ გაშორებული, ხელი არ გაგვიწერია და არც ჯვარი აგვიყრია, მაგრამ მთავარია, შეეგუა სიტუაციას და შვილებთან კარგი ურთიერთობა აქვს. მივედი თუ არა რძლად, ჩემი დედამთილი ორ თვეში საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ და იქიდან გვეხმარება. წარმოიდგინეთ, ხშირად გზავნის ამანათს და არასოდეს ავიწყდება ჩემი შვილები. თუ რამე გვაცვია და გვახურია, მისი დამსახურებაა. უბრალოდ, როცა რეკავს ერთს გვთხოვს: ერთმანეთს გაუფრთხილდით, დიდი გაკვეთილი გამოიარეთ, პირველად ვერ გაუფრთხილდით გრძნობას, ერთმანეთი დაკარგეთ და ახლა მაინც ნუ ატკენთ გულსო. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მეორე ქმართან. არ დავმალავ, პირველი ქმარიც მიყვარდა, მაგრამ პირველ სიყვარულს სულ სხვა „გემო“, გრძნობა და ვნება აქვს. ისე ვართ მონატრებული ერთმანეთს, თითქოს ისევ სტუდენტები ვართ, ისევ იმ გზას გავდივართ და ისევ, იმ წლებში ვართ, როგორც მაშინ. ნამდვილად არ მაინტერესებს ვინ რას ჭორაობს ჩემზე, ვინ რას მეძახის და როგორ მომიხსენიებს. ერთადერთი, მეშინოდა, ორშვილიან ქალს დედამთილი როგორ მიმიღებდა და ამაშიც, გამიმართლა. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს ოჯახს ცუდად არავინ შეეხოს, ყველა კარგად მყავდეს. არც წარსულის დავიწყებას ვცდილობ, რაც იყო, იყო. მთავარი ახლანდელია, სადაც კარგად ვარ და ზუსტად ვიცი, ჩემი ოჯახის წევრების წყალობით, მომავალში კიდევ უკეთესად ვიქნები.

ნინი, 34 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი