გულახდილი საუბრები

სულ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის ჩემს ქმარზე, მთავარია, მე ბედნიერი ვარ

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.06, 2023 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. დედისერთა ვიყავი და მშობლები ფუფუნებაში მზრდიდნენ, თუმცა, ყოველთვის ილახებოდა ჩემი უფლებები და არც იმას ითვალისწინებდნენ, რა მსურდა. დედა მოდის სფეროში ტრიალებდა, ხშირად დადიოდა უცხოეთში და ჩემთვის იქიდან ჩამოჰქონდა ძვირფასი, ტრენდული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარები. მომწონდა თუ არა, აზრი არ ჰქონდა, უნდა მეტარებინა, რადგან მოდაში იყო. ამის გამო, სკოლის მეგობრებისგან ბულინგის მსხვერპლიც ვიყავი, ყველა დედიკოს გოგოს მეძახდა. მასწავლებლებიც ხშირად აღნიშნავდნენ:

ახლა რომ ასე გაცმევს დედაშენი, დიდი გოგოსავით რომ დადიხარ, მერე რაღა უნდა ჩაგაცვასო. გარეგნულად საკმაოდ გამორჩეული ვიყავი – მაღალი, გამხდარი, ლამაზი ნაკვთებით და ყველაფერი მიხდებოდა, მაგრამ, მეც მინდოდა, ის ჩამეცვა, რაც თავად მომწონდა. თუმცა, დედას, უარს ვერ ვეტყოდი. თუ სადმე მინდოდა წასვლა, აუცილებლად მამას უნდა შევთანხმებოდი. მომავალი პროფესიაც კი, ოჯახურმა „კონსილიუმმა“ გადამიწყვიტა. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ სხვების თვალში გათამამებული გოგოს იმიჯი მქონდა, რომელსაც ოჯახი ყველა კაპრიზს უსრულებდა, შებოჭილი ვიყავი და უამრავი სურვილი და ოცნება აუხდენელი მრჩებოდა. მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, სტუდენტებმა გადავწყვიტეთ ერთი საღამო ქალაქგარეთ სახლი გვექირავა და იქ გავრთობილიყავით. ჩემდა გასაკვირად, მამამ ნება დამრთო, წავსულიყავი. ჩამსვა მანქანაში და თავად ჩამიყვანა მცხეთაში. მეორე დილით, უნდა მოეკითხა და უკან წამოვეყვანე. გადახედა სიტუაციას, ჩემს კურსელებს და მშვიდად დაბრუნდა სახლში. ვიცოდი, რომ ერთ ჩემს კურსელ ბიჭს მოვწონდი, თუმცა ეს ჩემთვის არასოდეს უთქვამს. გარეგნულად არ იყო შესახედი – დაბალი, ჭარბწონიანი, უხეში, გაბურძგნული თმით, უცნაური გვარით და ბაბუის სახელით – გრიშა, რომელიც სიცილს იწვევდა ყველაში, ვინც კი გაიცნობდა. თუმცა, ამის მიღმა, იუმორით სავსე და ძალიან კეთილი ბიჭი იმალებოდა. სწავლითაც გამოირჩეოდა. რაიონიდან იყო, თბილისში ბინა არ ჰქონდა. რასაც უგზავნიდნენ მისი მშობლები, ცდილობდა, კურსელი გოგო-ბიჭებისთვისაც გაეზიარებინა და მასთან ხშირად იკრიბებოდნენ, იშლებოდა სუფრები, ეწყობოდა ქეიფები. რასაკვირველია, მე არცერთხელ არ ვყოფილვარ. იქაურ ამბებს ჩემი თანაკურსელებისგან ვიგებდი. მიუხედავად ამისა, ზურგს უკან ყველა დასცინოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ბიჭი, ჩემში დადებით ემოციას იწვევდა. არასოდეს მახსოვს მისგან ცუდი სიტყვა, უხეში ქცევა. ეტყობოდა, ოჯახში აღზრდილი რომ იყო და თან, სულ ცდილობდა, მეტი და მეტი ესწავლა, წინ წასულიყო და ამიტომ სამსახურიც არაერთი გამოიცვალა. ერთი სიტყვით, ვხედავდი, როგორ ცდილობდა, დამოუკიდებლად ცხოვრების აწყობას. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალაქგარეთ ცოტა რომ დალია, გათამამადა და გულახდილად დამელაპარაკა. მითხრა: ვიცი, შენ არასოდეს შეხედავ ჩემნაირ ბიჭს, მაგრამ მინდა, იცოდე, ძალიან მიყვარხარო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუპასუხე: რატომ გგონია, რომ არ შევხედავ შენნაირ ბიჭს? პირიქით, მე მომწონხარ და სულაც არ ვარ წინააღმდეგი, ცხოვრება შენნაირი მიზანდასახული ადამიანის გვერდით განვაგრძო-მეთქი. არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები. ჩვენ ეზოში ვსაუბრობდით და ოთახში რომ შევედით, სუფრასთან კიდევ რამდენიმე ჭიქა დალია და ხმამაღლა გამოაცხადა: მე ნათია მიყვარს, მინდა, ჩემი ცოლი გახდეს, მის გამო მთებს გადავდგამ, მთავარია, მისგან მივიღო დასტური და გეფიცებით, მთელი ცხოვრება დედოფლად დავისვამო. ყველამ მე გადმომხედა, ეგონათ, სკანდალს ავწევდი, დავეტაკებოდი და გავლანძღავდი. მაგრამ, პირიქით, გამეღიმა და ვუთხარი: მე თანახმა ვარ-მეთქი. რასაკვირველია, ზურგს უკან წავიდა საუბრები, მაგრამ მე აღარ მაინტერესებდა. რომ გათენდა, სანამ მამა ჩამომაკითხავდა, სამარშრუტო ტაქსიში ჩავსხედით და მის მშობლებთან წავედით იმერეთში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ინფარქტამდე მივიდნენ და ყველა ჩემი ნაცნობი, მეგობარი თუ კურსელი გაოგნებული დარჩა, არავის აზრი არ გავითვალისწინე, არ მივატოვე და დღეს უბედნიერესი ვარ.

ნათია, 27 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი