გულახდილი საუბრები

სხვა კაცისგან შვილი გავაჩინე და ქმარს მერე შევურიგდი

№6

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.02, 2021 წელი

30 წლის ქალის ამბავი
დაკოპირებულია

სიყვარულით გავთხოვდი და ბედნიერი ოჯახი შევქმენი. არაფერი მაკლდა – არც სითბო, არც ფული, არც სიყვარული... უბრალოდ, სამი წელი ისე გავიდა, ორსულად ვერ დავრჩი და მივხვდი, ამის გამო ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბებოდა. ქმრისგან სიყვარულის განელება ან ამის გამო ურთიერთობაში რაიმე ცვლილება არ მიგრძნია. უბრალოდ, ჩემი დედამთილი და მამამთილი ხშირად საუბრობდნენ ამ თემაზე და ძალიან ვღიზიანდებოდი. 

როგორც კი ბავშვზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, ჩემი ქმარი აჩუმებდა: გვეყოლება, უბრალოდ, დრო გვინდა. ღმერთი არ გაგვწირავს, თქვენ ნუ ნერვიულობთო. მოკლედ, იმდენი ქნეს, სანამ არ აურიეს ტვინი. ერთხელ ისიც კი გვითხრეს: რა პრობლემაა, ჩვენი შვილი არ არის უშვილო, გააჩინოს სხვისგან, მოიყვანოს და გაზარდეთო. ძალიან მეწყინა, მაგრამ „ჩავყლაპე“, არ მინდოდა, საყვარელი ადამიანის მშობლებისთვის შეურაცხყოფა მომეყენებინა. ექიმთანაც ვიყავი და სრულიად ჯანმრთელი აღმოვჩნდი. მითხრეს: დედობისთვის პრობლემას ვერ ვხედავთ, უბრალოდ, ქმარიც უნდა მოგეყვანა და ერთობლივად გაგეკეთებინათ გამოკვლევებიო. რასაკვირველია, არ დამთანხმდა, ექიმამდე ვერ მივიყვანე. არადა, ვინც კი მოვიდოდა სტუმრად, ნათესავი თუ მეზობელი, დედამთილი ეგრევე იმაზე იწყებდა საუბარს, როგორ უნდოდა შვილიშვილი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმდენად დავისტრესე, დროებით ქმართან დაშორება და ჩემს მშობლებთან გადასვლა გადავწყვიტე. გოგიტა ყოველდღე მოდიოდა, მთხოვდა, დაბრუნდი სახლშიო, თუმცა მე უარზე ვიყავი. დაგეგმილი მქონდა, რა უნდა მექნა. ძალიან არ მინდოდა ის გამეკეთებინა რაზეც ვფიქრობდი, მაგრამ იმდენად მიყვარდა ჩემი ქმარი, მის გარეშე ყოფნას ვერ ავიტანდი და გადავწყვიტე, შვილი სხვა კაცისგან გამეჩინა და ქმრის სახლში მერე დავბრუნებულიყავი. მოკლედ, სანამ იქიდან წამოვიდოდი, მოვიტყუე, მგონი, ორსულად ვარ-მეთქი. ათას სისულელეს ვიმიზეზებდი – ვითომ, სუსტად ვიყავი, გულისრევის შეგრძნება მქონდა, გარკვეული სუნები მაღიზიანებდა. ჩვილის ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი ვიყიდე და ისეთ ადგილას დავდე, სადაც ვიცოდი, ჩემი დედამთილი ნახავდა. ზუსტად ვიცი, ნახა, მაგრამ ზედმეტად არაფერი უკითხავს. გეფიცებით, რთული იყო იმაზე ფიქრი, რომ სხვა კაცთან უნდა დავწოლილიყავი, მაგრამ ვიცოდი, ძალას მოვიკრეფდი და ცივი გონებით ამასაც გადავლახავდი. ასეც მოხდა. ახლა, მეტყვიან ზოგიერთები: შენ რა ქალი ხარ, ქმარს უღალატე, სხვას ჩაუგორდი ლოგინში და მოატყუეო. მაგრამ, მიღირდა. მართლა დავრჩი ორსულად და ექვსი თვის რომ გავხდი, გოგიტას, დედამისის და მამამისის დაჟინებული თხოვნით, ისევ დავბრუნდი ქმრის ოჯახში.

ულამაზესი და უსაყვარლესი ნატალიკოც გაჩნდა. ოჯახში სიხალისე, ბედნიერება და სიმშვიდე შემოიტანა. გოგიტა გიჟდება მასზე. ბებიამისი და ბაბუამისი კი ლამის ჭკუიდან გადავიდნენ, ისე უყვართ. ვერასოდეს მიხვდებიან, რომ მათი სისხლი და ხორცი არ არის და არც არის საჭირო. მთავარია, ბავშვმა, ოჯახში ისევ დააბრუნა ერთობა და სიყვარული. იმ ადამიანმა კი, ვისგანაც შვილი მყავს, დღემდე არ იცის ბავშვის არსებობა. სხვათა შორის, არ მინდა, მაგრამ ყოველ ღამე ვფიქრობ ჩემს საქციელზე. ხან მეშინია, ხან მრცხვენია, მაგრამ ბავშვს რომ ვუყურებ, მართლა ღირდა ჩემი ეს სარისკო ნაბიჯი ამ ბედნიერებისთვის. თან, ვისაც ზრდი, ის გიყვარდება და დარწმუნებული ვარ, გოგიტას რომც ვუთხრა, შვილი სხვა კაცისგან გავაჩინე-მეთქი გაჩუმდება, დამალავს, არც მშობლებს გაუმხელს და არც ბავშვს აგრძნობინებს, ისე მოიქცევა, თითქოს მართლა მისია. ნამდვილად არ მინდა, იგივე საქციელი სხვამ ჩაიდინოს, მაგრამ მე მართლა არ მქონდა სხვა გზა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, საყვარელ მამაკაცს ვკარგავდი, ოჯახი დამენგრეოდა და მარტო დავრჩებოდი. ამიტომ, არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რაც იყო. მომავალზე ვფიქრობ და ვხვდები, რამხელა ბედნიერებაა, როცა ოჯახში სიმშვიდე და სიყვარულია.
ნინი, 32 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი