გულახდილი საუბრები

შვილის გაჩენაზე უარი ვთქვი და ცხოვრება ქმრის შვილებს შევწირე

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.05, 2021 წელი

სინანული
დაკოპირებულია

ყოველთვის მინდოდა, მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი და თან, სურვილი მქონდა, სხვისი, დედის გარეშე დარჩენილი შვილებიც გამეზარდა.

რომ გავთხოვდი, ქმარს ვერ შევეგუე, საკმაოდ ცუდი ხასიათების ადამიანი იყო და თან, უაზროდ სვამდა. დღე და ღამე იმაზე ფიქრობდა, რა ჩაესხა მუცელში. საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას და ყოველღამე ღვინითა და არყით გალეშილი კაცის გვერდით მიწევდა ყოფნა, ერთ საწოლში. არც ინტიმური ურთიერთობა აინტერესებდა და არც რომანტიკა. უბრალოდ, მოვალეობა მოიხადა – ცოლად მომიყვანა, ოჯახი შექმნა და თავის ჭკუით, ეს იყო მისი პირადი ცხოვრებისთვის მთავარი.

მოკლედ, ზუსტად ექვსი თვე გავძელი და მერე წამოვედი მისგან. განათხოვარი გოგოს სტატუსი საკმაოდ ცუდად აისახა ჩემზე. უბნის ბიჭები ისე მიყურებდნენ, სახლიდან გამოსვლა აღარ მინდოდა. მაღაზიაშიც კი არ გავდიოდი. ჩავიკეტე სახლში და დეპრესიაში ჩავვარდი. ჩემმა დამ იყოჩაღა, გონივრულად მომიდგა, ფსიქოლოგიურიადაც იმუშავა ჩემზე და ერთ დღესაც მივხვდი, ოჯახის დანგრევით, ჩემი ცხოვრება არ დასრულდა. თუმცა, გათხოვებაზე არც კი ვფიქრობდი, კაცის დანახვა არ მინდოდა.

ერთ-ერთ საწარმოში მომაწყვეს სამუშაოდ და სწორედ, იქ გავიცანი ჩემი მეორე ქმარი. მშვიდი, მშრომელი, მეოჯახე კაცია, ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ მახსოვს მისგან. მართალია, გამიჭირდა მეორედ გათხოვების გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი. თან, მინდოდა, ოჯახი მქონოდა და არც განათხოვარის სტატუსით მევლო.

რეზოს ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა და ორ მცირეწლოვან გოგონას ზრდიდა. დედა კი ეხმარებოდა, მაგრამ ბევრს ვერაფერს უკეთებდა, საკმაოდ ასაკოვანი იყო და უჭირდა. როგორც კი მათ ოჯახში შევდგი ფეხი, იმ დღიდან შემიყვარდა ეს ორი გოგო. არაერთხელ დავრჩი ორსულად, თუმცა, საკუთარი შვილი შეგნებულად არ გავაჩინე. სამსახური და ორი გოგონას გაზრდა, ქმრის ხელის შეწყობა, პლუს ამას, სახლის საქმეები, მოხუცი დედამთილის მოვლა, საკმაოდ მძიმე ტვირთად დამაწვა.

სიმართლე გითხრათ, არ ვნანობ. არაჩვეულებრივი გოგონები გავზარდე და დედას მეძახიან. ალბათ, საკუთარი შვილებიც ასე მეყვარებოდა და მათზეც ზუსტად ასე ვიზრუნებდი. ქმარმაც უფრო დამაფასა და დედამთილმაც. რეზოს უნდოდა, საერთო შვილებიც გვყოლოდა, თუმცა, მე ვიყავი წინააღმდეგი. არ დამავიწყდება, უმცროსმა გოგონამ პირველად რომ დამიძახა „დედა“, ასე მეგონა, სამყარო ჩემი იყო.

დღეს ნამდვილი დედაშვილობა გვაქვს, საოცრად თბილი და მეგობრული ურთიერთობა. ბედნიერი ოჯახი მაქვს და ამისთვის არც დიდი ძალისხმევა დამჭირვებია. უბრალოდ, მივიღე გარემოებები ისე, როგორც საჭირო იყო. ჩემი ქმრის შვილებთან ძალიან ახლოს ვიყავი, არც დედამთილი ამოვიძულე პატარა შეცდომების გამო და ქმარიც უზომოდ შევიყვარე. სულ ესაა, რის გამოც ბედნიერი ქალი მქვია.

წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდებოდა, პირველ ქმართან რომ დავრჩენილიყავი და შვილები მყოლოდა. ალბათ, დღეს გამათხოვრებული ვიქნებოდი და ჩემი შვილები კი – უბედურები. ახლა კი, ვინმემ რომ მითხრას, ეს გოგონები შენი შვილები არ არიანო, თვალებს გამოვთხრი. მთავარი გაჩენა ხომ არ არის? ვისაც ზრდი, ვისზეც ამაგი გაქვს, გიყვარს და უყვარხარ, სწორედ ისაა შენი შვილი.

მათი ბიოლოგიური დედის საფლავსაც არ ვავიწყებ. ხშირად დავდივართ და ვუვლით საფლავს. გოგონებს მისი მხრიდან დეიდა, ბებია და ბაბუა ჰყავთ და მათთანაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. ხშირად დავდივართ ერთმანეთის ოჯახებში. ვფიქრობ, ეს ჩემი ბედია, ცხოვრებას არ ვუჩივი და ვცდილობ, სიყვარულითა და სიკეთით ვიცხოვრო. ვიცი, ჩემს ოჯახს ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდება. ასე რომ, ჩემი ცხოვრება ქმრის შვილებს შევწირე, საკუთარზე უარი ვთქვი და ამის გამო ერთი დღეც კი არ მინანია. მთავარია, იმით იყო ბედნიერი, ვინც გვერდით გყავს და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს. ვფიქრობ, სულ ესაა ბედნიერი ცხოვრების საწინდარი, რომელიც მე შევიქმენი.

ხათუნა, 48 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი