გულახდილი საუბრები

როგორია სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური „თეორემები“

№2

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.01, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

„ჩემი საყვარელი მამაკაცი სხვასთან დავინახე!“; „რატომ მომექცა ასე?“ „რას დავაბრალო?“

სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური „თეორემა”, რომელიც ცხოვრების ყველა შემთხვევას მიესადაგება, არ არსებობს. თუ ასეთ უსიამოვნო სიტუაციასთან მოგიხდათ შეჯახება, უნდა მიაგნოთ მომხდარის მიზეზს. სხვაგვარად როგორ მოაგვარებთ ურთიერთობას და მომავალში თავიდან აიცილებთ ღალატს? მაინც რატომ გვატყუებენ მამაკაცები? არსებობს საყოველთაო მიზეზები, თუ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია?!

ქალები ამაზე საუბრობენ, როცა თავად აღმოჩნდებიან ღალატის ფაქტის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ ცდილობენ, გაარკვიონ მიზეზი. მნიშვნელობა არ აქვს პატიობენ საყვარელ ადამიანს ამ საქციელს, თუ არა.

მარიკა, 31 წლის: - ბევრ მამაკაცს ღალატი, საკუთარი თავდაჯერებულობისთვის სჭირდება. ამაზე ადრეც მიფიქრია, სანამ თვითონ მეყოლებოდა ქმარი. როცა ჩემი მეგობრების მეუღლეებს ვაკვირდებოდი, ვიღაცეებზე ვიცოდი, რომ ცოლებს ღალატობდნენ.

- მეგობრების მეუღლეების ღალატის შესახებ იცოდით და დუმდით?

- მიმაჩნდა, რომ ჩემი საქმე არ იყო მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა. სხვათა შორის, ახლაც ასე ვფიქრობ. შენი პირადი, შენი პირადია და მისი სახალხოდ გამოფენა საჭირო არ არის - არც არაფრის მომცემია. მოკლედ, დაკვირვების შედეგად გამოვიტანე დასკვნა, რომ ბევრ კაცს საკუთარი „მაგარი ბიჭობის“ დამტკიცების საუკეთესო საშუალებად ღალატი მიაჩნია. რაც უფრო მეტ ქალს ჩაიწვენს ლოგინში, მით უფრო ემატება თავდაჯერება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ღალატის ეს ტიპი შეიძლება მავნე ჩვევებს მივაკუთვნოთ - ყველა მათგანი ხომ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება მამაკაცს. მოწევა ამშვიდებს, ალკოჰოლი აბუნდოვანებს აღქმას, სხვა ქალთან სექსი კი მამაკაცს პირადი პრობლემების გადალახვას უადვილებსო. თითქოს ამიტომაც დარბის აქეთ-იქით. ღალატში ეძებს შვებას სუსტი ნებისყოფის, სხვის გავლენას დაქვემდებარებული. ასეთი ქცევის მიღმა მტკიცე ფასეულობების უქონლობა, უსუსურობა იმალებაო, თითქოს ეს ცოლებისთვის დიდი შეღავათი იყოს. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთ კითხვაზე გვჭირდება ასეთ დროს პასუხი - როგორ მოვიქცეთ?

- ანუ, ვაპატიოთ თუ არ ვაპატიოთ?

- დიახ. რომ როგორმე გამართლება მოვუძებნოთ. არავის ეადვილება, არც ერთ ქალს, გაუღოს მოღალატეს კარი და გარეთ გაუძახოს.

- მაგრამ, თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობა მოგიწევთ.

- ასეა. უნდა მოიკრიბო მოთმინება და გამჭრიახობა, რომ მის საქციელს ახსნა მოუძებნო. გაარკვიო, რა აწუხებს, მერე კი ერთად იპოვოთ გამოსავალი. ვისთვისაც ჯერ არ უღალატიათ, ვერც მიხვდება ეს რას ნიშნავს. მამაკაცები, ჩვეულებრივ, არ ყვირიან თავიანთ საქციელზე. ისინი ჩუმად აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რათა ქალების ყურადღება მიიპყრონ. ასე ჩუმად ღალატობენ კიდეც. ლოგიკა მარტივია: მამაკაცს მიაჩნია, რომ, როცა სხვა ქალთან დაინახავთ, ინანებთ, რომ მის სიყვარულს არ აფასებდით და ეგებ, ჰგონია კიდეც, რომ იბრძოლებთ მის დასაბრუნებლად. მე მგონია, ზოგჯერ ღალატი თავისებური სიგნალია, რომლითაც მამაკაცი შველას ითხოვს. ის ამგვარად ცდილობს მიგახვედროთ, რომ დროა, ურთიერთობაში რაღაც შეიცვალოს, რათა დაბრუნდეს ადრინდელი გრძნობა და ვნება. „განა არ შეიძლებოდა ამის შესახებ ადამიანურად საუბარი?” - იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ ვერც ერთი მიხვდა, რომ ამისი დრო იყო. აი, ისევ გაჩნდა, გააქტიურდა შეკითხვა - როგორ მოვიქცეთ?

- ალბათ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უთხრათ თქვენს საყვარელ მამაკაცს, როგორ გატკინათ გული.

- და ჰკითხოთ, რას ეძებდა სხვა ქალის მკლავებში? გგონიათ, ეს ადვილია? ძვირფასო, აბა რა მოხდა? რას ეძებდი „სხვა ქალთან“ - ახალ შეგრძნებებს? მაინც როგორს? თუ მოინდომებთ, ალბათ შეძლებთ, თქვენს ურთიერთობას ფერები შემატოთ, ახალი განცდებით აავსოთ... ნეტავი, მანახა ისეთი ქალი, რომელიც ამ ყველაფერს მოახერხებს და გააკეთებს. ყველა ნიუანსი პირდაპირ ნერვებზე გირტყამს. მერე უნდა იპოვო ძალა, პარტნიორს აფიქრებინო, რომ თვითონვე უღალატე. თითქოს შურისძიება რამე შვებას მოგიტანს.

- ამ შემთხვევაში მამაკაცი სამაგიეროს გადახდას ეცდება, თანაც მოინდომებს, დაუმტკიცოს გარშემო მყოფებსაც და საკუთარ თავსაც, რომ ქალის საქციელს სრულიადაც არ აუღელვებია.

- ასეა. კაცი ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს. რომ ის საკუთარი თავის ბატონ-პატრონია და თვითონვე წყვეტს, ვისთან დაწვეს და ვისთან - არა. აბა, რაა.. ისინი ხომ ყველაზე მაგარი ტიპები არიან. მე რომ ქმარმა მიღალატა, არ დამიწყია დაქალებთან ამ ამბის განხილვა. წავედი ფსიქოლოგთან. ასე მითხრა, საყვარელ მამაკაცს ეჭვიანობის საბაბი კი არ მისცე, გულახდილად ესაუბრე, აუხსენი და გაიგე მისი ქცევის მიზეზიო. ისიც გახსოვდეს, მისი ღალატი არ არის ახალი სიყვარულის პოვნის მცდელობა, ეს შეურაცხყოფილი ადამიანის სასოწარკვეთილი ნაბიჯიაო. არადა, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ბანალურად მარტივიც კი: კაცი მივლინებაში წავიდა, გაიცნო სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გაჩაღდა ხანმოკლე რომანი... ან კორპორაციული წვეულების შემდეგ კოლეგასთან ერთად გაეღვიძა... ფსიქოლოგები ისევ გეტყვიან, რომ ასეთი ღალატი „შემთხვევითია”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად გულსატკენია მისთვის, ვისაც უღალატეს.

თუ მამაკაცი ყველაფერში „იმ ქალს” ადანაშაულებს. ეს ნიშნავს, რომ მზად არ არის, პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე და, სავარაუდოდ, ვერც მომავალში იკისრებს პასუხისმგებლობას. მას არ შესწევს უნარი, დაუფიქრდეს თავის საქციელს და მის შედეგებს. თუ მამაკაცი აღიარებს შეცდომას და სინანულს გამოხატავს, ისღა დაგრჩენიათ, აპატიოთ. აგრძნობინოთ, რა ძლიერ ხართ შეურაცხყოფილი, ოღონდ ზედმეტი ისტერიკის გარეშე. იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და მიიღეთ მისი საქციელი როგორც უკვე მომხდარი ფაქტი, რომელსაც თქვენს პიროვნებასთან კავშირი არ აქვს - მით უმეტეს, თუ გეფიცებათ, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ.

დაშორება ყოველთვის ადვილი არ არის. სიბრალულის ან ჩვევის გამო მამაკაცი აგრძელებს ერთ ქალთან შეხვედრას, მაგრამ მეორეზე ფიქრობს. აუცილებელია, აგრძნობინოთ, რომ ოთხივ კუთხით გზა ხსნილი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერ კიდევ გიყვართ, მზად ხართ, აპატიოთ კიდეც, მაგრამ... ტკივილს ამძაფრებს იმის ცოდნა, რომ მან უბრალოდ კი არ მიგატოვათ, არამედ სხვასთან მიდის. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალი გჯობიათ? ყველაფერი გააკეთეთ, რომ მოიშოროთ ამგვარი ფიქრები. მარტივად შეხედეთ, თუ წასასვლელია, მაინც წავა. თუ უნდიხართ, ყველაფერს გააკეთებს და დარჩება. იმაზეც იფიქრეთ, რომ ეს შესანიშნავი მოტივია, თვითონაც შეიცვალოთ, თვალი გადაავლოთ თქვენს ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს, ფასეულობებს, გაიზარდოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი