გულახდილი საუბრები

როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელი კაცის ღალატის შესახებ გაიგებ

№44

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.11, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ღალატზე ყველა ქალი სხვადასხვანაირად რეაგირებს. არსებობენ ქალები, რომელთათვისაც ეს არც ისე დიდი ტრაგედიაა, რადგან პრიორიტეტი ის კომფორტია, რომელსაც ამ მამაკაცის გვერდით ცხოვრება უქმნის. თუმცა, უმრავლესობისთვის ეს არა მარტო ურთიერთობის, არამედ ცხოვრების დასასრულსაც უდრის. როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელი კაცის ღალატის შესახებ გაიგებ? ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. თუმცა სტანდარტული და უნივერსალური რჩევა მაინც არის. დასაწყისისთვის დარწმუნდი, რომ ეს ნამდვილად ასეა. რა მტკიცებულებები გაქვს საამისოდ, რომ საყვარელი კაცი ღალატში დაადანაშაულო. თავად დაინახე? დაქალებმა მოგიტანეს ამბავი თუ „კეთილის მსურველებმა“ გამოიჩინეს თავი შენი ინფორმირებით? ანუ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ დაფიქრდით, დარწმუნდით, რომ ეს ნამდვილად ასეა.

მაცაცო (37 წლის): ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თავი ისეთ უნიკალურ ქალად წარმომედგინა, რომელსაც არასოდეს დაუდგებოდა ღალატის საშიშროება. იმაზეც კი ვფიქრობდი, როგორ მოვიქცეოდი ამ შემთხვევაში. წამიკითხავს, რომ შეიძლება, აირჩიო სირაქლემას ტაქტიკა და არ დაინახო პრობლემა. მაგრამ იგნორირება გაუკეთო მძიმე და საშინელ ფაქტს, იფიქრო იმაზე, რომ ასე ცხოვრება ადვილია, იმას ნიშნავს თავი მოიტყუო. ზოგიერთი თავს იმითაც იმშვიდებს, რომ ის გამონაკლისი არ არის და რომ ყველა კაცი ღალატობს ქალს.

ვიღაცას ეს სტრატეგია ოჯახის შენარჩუნებაში ეხმარება. დიახ. ზოგი ქალი ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ ოჯახი შეინარჩუნოს. მათი განკითხვა არ შეიძლება, ეს მათი არჩევანია. ზოგ წყვილს ამან უშველა. უბრალოდ თავმოყვარეობაზე გადაბიჯება თუ შეძელი, მერე როგორია ცხოვრება ეს არ ვიცი.

– ზოგის აზრით, ქმარი უნდა აეჭვიანო. როდესაც კაცი, რომელიც ღალატობს ქალს, ფიქრობს, რომ შესაძლოა, მის ცოლსაც ჰყავდეს სხვა კაცი, უფრო მეტად აქცევს ყურადღებას ცოლს.

– ძალიან მაღალი რისკია. კაცების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ღალატის უფლება მარტო მათ აქვთ, ამიტომ ქალი, რომელიც მათ ღალატობს, არ სჭირდებათ. მე ამას მარტო ამ მიზეზით კი არა, სხვა რამის გამოც ვერ გავაკეთებ. ვემხრობოდი გადაწყვეტილებას – მაშინვე მოშორდი ან გააგდე. ვამბობდი, რომ ეს ვარიანტი შეგინარჩუნებს ნერვებს და რომ პირადი უთანხმოებები და კამათები კარგის მომტანი ნამდვილად არ არის.

– რაში გამოიხატება ამ ვარიანტის მინუსი?

– ეს არის გაქცევის ტოლფასი, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა და რამაც გამოიწვია, ხშირ შემთხვევაში ჯობია, მოისმინო ყველაფერი, მისცემ თუ არა მეორე შანსს, ეს სხვა საკითხია. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – ვერც დაქალი, ვერც დედა, ვერც ფსიქოლოგი ვერ დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. აპატიებ თუ არა, რა თქმა უნდა, ეს შენი პრეროგატივაა და შენი გადასაწყვეტია. ეს მხოლოდ შენ გეხება და უნდა მოიქცე ისე, როგორც თვითონ ჩათვლი საჭიროდ. ღალატი კი არ უნდა გაამართლო, თუ პატიებას აპირებ ის უნდა ახსნა. კაცები ბუნებით უფრო მოღალატეები არიან – ეს არის მითი, რომელსაც ჩიხში შევყავართ. ის, რომ ღალატში სქესი რაიმე როლს ასრულებს, სისულელედ მიმაჩნია. კაცსაც და ქალსაც ერთნაირად შეუძლიათ ღალატიც და ერთგულებაც, თუმცა ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ასე ფიქრობს და კაცის ღალატს ამართლებს, ქალისას კი გმობს.

ძალიან ადვილი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მხოლოდ ცუდი ადამიანები ღალატობენ, ხოლო კარგები ერთგულები რჩებიან. ადამიანი ასეთი მარტივი არსება არ არის. კონკრეტულ სიტუაციაში ერთგულმა და მოსიყვარულე პარტნიორმაც კი შეიძლება, დაუშვას შეცდომა, თუნდაც ნებისმიერმა ჩვენგანმა. იმ საბედისწერო დღეს ოდნავ სხვანაირად რომ წარმართულიყო მოვლენები, შესაძლოა, არც არაფერი მომხდარიყო, რადგან ჩემი ქმარი განზრახ ასეთ რამეს არ ჩაიდენდა. მე ასეთი განსჯა დამეხმარა პრობლემის მოგვარებაში. უნდა იფიქრო, რომ ღალატი მხოლოდ „ამორალური“ ადამიანების საქციელი არ არის. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ კაცებს ვინც გამიზნულად ატყუებს ცოლს და საერთოდ არ აინტერესებს, სტკენს თუ არა გულს. ჩვენ ხომ გვიყვარდება საკუთარი თავი მის გვერდით და არა თავად ადამიანი. ეს ასეა და ვერ გადამარწმუნებთ. ფაქტია, რომ ღალატი უფრო ხშირია, ვიდრე დანგრეული ურთიერთობები. შესაბამისად, ზოგიერთი ცოლ-ქმარი ღალატის შემდეგ ახერხებს ურთიერთობის აღდგენას.

რაზეა ეს დამოკიდებული? ისევ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით: მოტყუებული ადამიანი არამხოლოდ მოღალატეს კარგავს – მას ეცვლება ყველაფერი: იდენტობა, თვითხატი, სხვებთან ურთიერთობის სტილი, არსი. მოტყუებული ადამიანის სამყარო ნანგრევებად იშლება და ამის აღიარება აუცილებელია, თუ საერთოდ გადარჩენა უნდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი