გულახდილი საუბრები

როგორ უნდა გადაიტანოს ორსულმა ქალმა ღალატი და უნდა შეინარჩუნოს თუ არა ოჯახი

№25

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 02.07, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ქალის ცხოვრება რამდენიმე რთული ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის გადალახვისას, ის ფსიქოემოციურ სტრესს იღებს და ნამდვილად არ არის ეს მარტივი. თითქოს ყოველ ჯერზე უწევს, საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ არაფერი შეეშალა; რომ სხვანაირად, უბრალოდ, ვერ მოიქცეოდა... შეიძლება, მამაკაცებსაც არ ულხინთ, მაგრამ მათ იმის ფუფუნება მაინც აქვთ, რომ ეგოისტები იყვნენ.

მაკა (39 წლის): მამაკაცები ძალიან ეგოისტები არიან. მაშინაც კი, როცა ქალი უყვართ. დიახ, ეს ასეა. სიყვარულშიც კი, მათ საკუთარი თავი უყვართ. შემედავებით, მაგრამ, თუ კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რა არის რეალობა. მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩამიტარა, ბევრი რამ მასწავლა. მეგონა, ქმარს ვუყვარდი, ისეთ რაღაცებს აკეთებდა ჩემთვის. თავიდან ვწვალობდი, მიყვარდა, მაგრამ ვმალავდი ჩემს გრძნობებს. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ მისი გრძნობა ნამდვილი იყო.

– არ იყავით დარწმუნებული მის სიყვარულში? რატომ?

– როგორ გითხრათ. ზოგადად, იმ სტერეოტიპს ვიზიარებდი, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცს თუ უნდა, სიყვარულსაც ოსტატურად თამაშობს. მშვენივრად მოგატყუებს. არ გაუჭირდება, თავი ისეთ რაინდად მოგაჩვენოს, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ამ ყველაფერს რომ ვაცნობიერებდი, ვცდილობდი, ჩემი თაყვანისმცემელი ბოლომდე გამომეცადა, რომ მერე, სინანულს არ გავეტანჯე. წელიწად-ნახევარი აჩრდილივით უკან დამდევდა. უსიტყვოდ ხვდებოდა, რა მინდოდა, რა გამიხარდებოდა ან მეწყინებოდა. ისეთი რაღაცებიც გაუკეთებია, მისგან არაფრით რომ არ ველოდი.

– სიურპრიზებს გულისხმობთ?

– დიახ. ყველანაირად მანებივრებდა. მარტო ფულს კი არა, დიდ ენერგიას, რესურსს ხარჯავდა. დავრწმუნდი, რომ ვუყვარდი. გადაწყვეტილება მივიღე. ვერ ვიტყვი, რომ შედეგზე არ მიფიქრია. ბედნიერიც ვიყავი. ზოგი ქალი ისე ასრულებს ცხოვრებას ქორწინებაში, რომ ერთი დღეც არ არის ბედნიერი. მე კი ისეთი ვარ, რისიც მჯერა, იმისთვის ბოლომდე ვიბრძვი, უკან არ ვიხევ. მძიმე წუთებში, როცა ჩემს ქმართან ურთიერთობა მეძაბება და მიმწვავდება, სწორედ იმ ბედნიერ წუთებზე ვფიქრობ, რაც გვქონდა, თან არც თუ ისე ცოტა.

– გული მაინც გეტკინათ. იმედგაცრუება თავიდან ვერ აიცილეთ?

– ვერა და ეს ძალიან სამწუხაროა. რაც გარდაუვალია, იმას ვერ შევცვლი, ვერც ვერავინ შეცვლის. აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს ორსული ქალები აღარ მოსწონდა, ვეცოდებოდი. უსუსურ არსებად მივაჩნდი და არც სრულფასოვან ქალად მთვლიდა, რომელიც შეიძლება, გინდოდეს ან გიყვარდეს.

– თქვენთან ილაპარაკა ამაზე?

– სამწუხაროდ, ჩემთან არა. ნეტავი, ასე ყოფილიყო. ილაპარაკა სხვა ქალთან. ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი და გამანადგურებელი, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე. წარმოიდგინეთ, ექვსი თვის ორსული ვიყავი, ისედაც არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად და უცებ, ეს მესიჯები რომ წავიკითხე, მეგონა, გავგიჟდებოდი.

– მესიჯებს სხვა ქალს სწერდა?

– დიახ. იმ წუთშიც და მერეც, ჩემთვის საერთოდ არ ჰქონია მნიშვნელობა, ვინ იყო ის ქალი. სიყვარული იყო უკვე თუ, უბრალოდ, „ეჩალიჩებოდა“. არ ვიცი, სწორად გამოვთქვამ აზრს თუ არა, მაგრამ ჩემთვის ღალატი ამაზე მეტი არ არის. უფრო სწორად, ამას აღვიქვამ საშინელ ღალატად. გულს რომ გაგიხეთქავს, ისეთად. მე აღარაფერს ვნიშნავდი ჩემი ქმრისთვის, აღარ ვუნდოდი. სიყვარულზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ინტიმურ წვრილმანებს უზიარებდა ვიღაცას. ჩვენს ცხოვრებაში შემოუშვა და ჩვენს ურთიერთობაში ხელების ფათურის უფლება მისცა. რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, იმასთან იწვა თუ არა. მოკლედ, ჩემი ქმარი ნუგეშს აშკარად სხვა ქალთან ეძებდა. მე არაადამიანური მოთმინებით ვკითხულობდი მათ მიმოწერას და გულს ვიხეთქავდი.

– ქმრისთვის არაფერი გითქვამთ?

– არა, რა თქმა უნდა. რომ მეთქვა, მისგან უნდა წავსულიყავი კიდეც. მე კი საამისოდ მზად არ ვიყავი. მარტო იმიტომ არა, რომ ბავშვის მარტო გაზრდა გამიჭირდებოდა. ვგრძნობდი, ისევ მიყვარდა ჩემი მოღალატე ქმარი.

– ქმართან დაშორებაზე საერთოდ არ გიფიქრიათ?

– მიფიქრია. ვერ მოგატყუებთ. საშინლად განვიცდიდი და ვცდილობდი, რამე გამართლება მომეძებნა ქმრის საქციელისთვის. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გაციებულიყო ასე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემ მიმართ ჰქონდა. ვიცოდი, ჩემს მდგომარეობაში ამდენიც რომ არ უნდა მენერვიულა. სხვათა შორის, ქმარი მზრუნველობას იჩენდა. დელიკატესები მოჰქონდა, ექიმთან დამყვებოდა, მაგრამ მისი საყვარელი ქალი აღარ ვიყავი.

– რა გამოსავალი იპოვეთ?

– არანაირი გამოსავალი არ მიპოვია. ჩემს სიტუაციაში მარტო ის შევძელი, თავი მენუგეშებინა და გიჟივით მეკითხა მესიჯები. უცებ საოცარი რაღაც მოხდა: იმ ქალმა ჩემ მიმართ მოულოდნელი სოლიდარობა გამოიჩინა. არ ვიცი, მართლა შევეცოდე თუ ჩემი ქმრის მიმართ არ ჰქონდა სერიოზული ინტერესი, მაგრამ ის „ნამუსზე შეაგდო“ – შენი ცოლი გიყვარსო. უბრალოდ, ახლა ვერ ხვდები ამას, მომავალ შვილზე ეჭვიანობ, რადგან ამ ეტაპზე თქვენ შორის დგასო. მოკლედ, დააფიქრა და აზრები შეუცვალა. გმირულად გადავიტანე ჩემი ქმრის ღალატი. გავაცნობიერე, რომ ორსულობა ჩემი მუდმივი მდგომარეობა არ იყო და როგორმე უნდა გამეძლო.

იმ ქალმა რომ „დააიგნორა,“ ჩემი ქმარი უკეთესობისკენ შეიცვალა. ბავშვის გაჩენის მერე კი, ისევ იდეალური ქმარი გახდა. პატარაზეც გადაირია და გაგიჟდა. არ ვნანობ, რომ მოვითმინე. ღირდა ჩვენი ოჯახის გადარჩენა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი