გულახდილი საუბრები

როგორ უნდა აარიდოს დიდი ტრავმა დედამთილმა საკუთარ შვილს

№21

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 04.06, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ოჯახის დანგრევა სერიოზული მარცხია, იმედგაცრუება, რომელიც ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და დიდ ტრავმებს იწვევს. ამ დროს ზარალდება ყველა, ვინც კი წყვილის გარშემოა – მათი, შვილები, მშობლები, მეგობრებიც კი, რომ არაფერი ვთქვათ თავად წყვილზე. 

გონიერი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ცოლ-ქმარს ურთიერთობის დაბალანსებაში შეუწყოს ხელი, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და ოჯახი დანგრევისგან გადაარჩინოს. ამ დროს კი ისმის კითხვა: ღირს კი ბზარგაჩენილი ურთიერთობის შენარჩუნება, იქნებ სჯობს, უბრალოდ, მოვლენების დინებას მიჰყვნენ, საერთოდ, გვერდზე გადგეთ და გვერდიდან უყუროთ სიტუაციას...

თინიკო (63 წლის): ჩემი ტკივილის შესახებ ვინმეს რომ არ მოვუყვე, შეიძლება, ჭკუიდან შევიშალო. რატომ ვაფარებდი რძალს ხელს? – ეს კითხვა არაერთგზის დამისვამს ჩემი თავისთვის. იქნებ იმიტომ, რომ ძალიან პატარა, 18 წლის ასაკში შემოვიდა ჩემს ოჯახში და შვილივით გამოვზარდე; იქნებ იმიტომ, რომ მეც ქალიშვილის დედა ვარ და მასზე წარმოვიდგინე იგივე; იქნებ იმიტომაც, რომ არ მინდოდა, ჩემს ვაჟს ოჯახი და ცხოვრება არეოდა. კიდევ, რაც მთავარია, არ მინდოდა, შვილიშვილები დამეზარალებინა. ასეთი არაერთი „იქნებ“ ჩნდება ჩემს ფიქრებში და ვცდილობ, ჩემი საქციელი გავამართლო. ცხოვრებამ კი მიჩვენა, რომ არ უნდა მომეთმინა, ჩემმა თავშეკავებამ არ გაამართლა, უკან ცუდად მომიბრუნდა, ცხოვრება დამენგრა და მე ამ ნანგრევებში მოვყევი. ახლა ვცდილობ, თავი სხვაგვარად დავიჭირო, მსხვერპლად არ წარმოვაჩინო, არადა სინამდვილეში ასეა.

– რა მოხდა ისეთი, რომ თქვენზე იყო დამოკიდებული შვილის ოჯახის ყოფნა-არყოფნა?

– შემთხვევით მოვისმინე, როგორ ელაპარაკებოდა ჩემი რძალი ვიღაც კაცს ტელეფონზე. ეჭვით შეპყრობილი არ ვარ და არც ჩასაფრებული. ასე არც მეგობარს ესაუბრებიან, არც ნათესავს და არც ნაცნობს. მათ შორის აშკარად სხვანაირი სიახლოვე იყო. ვერც გავიმეორებ იმ სიტყვებს. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, არ დავიჯერებდი.

– გქონდათ სხვა სამხილიც, რამაც დაგაეჭვათ?

– უცნაურად იქცეოდა. სულ სადღაც მიიჩქაროდა, გარბოდა, სახლში არ ჩერდებოდა. ჩემი ვაჟი მუშაობდა, რძალმა კი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შესაფერისი სამუშაო ვერ ნახა. შვილებს დაჰყვებოდა სკოლაში, წრეებზე. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ შეიცვალა. ქალები ასეთ რაღაცას ადვილად ვხვდებით. ამბობდა, რომ სხვა ბავშვების მშობლებთან ერთად გაჰყავდა დრო სკოლის დამთავრებამდე. ვინ გააკონტროლებდა?! მერე უკან მოჰყავდა ბავშვები, ხან სხვას ატანდა და საქმეებს იმიზეზებდა, ვითომ მეგობარს სჭირდებოდა დახმარება. მიზეზები არ ელეოდა. შინ ვეგულებოდი, იცოდა, ბავშვებს ყურადღება არ მოაკლდებოდათ.

– თქვენ საყვედურობდით?

– არა. ვცდილობდი, ისე მოვქცეოდი, როგორც ჩემს ქალიშვილს, ვაძლევდი გართობის საშუალებას, შვილიშვილებს ვიტოვებდი... თანაც, რძალს ვენდობოდი, მჯეროდა მისი. ვფიქრობდი, გოგო უმუშევარია და საკუთარი თავის რეალიზებას ცდილობს-მეთქი. როგორ ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა, ქმრისთვის ეღალატა! ეჭვი მაშინ გამიჩნდა, სატელეფონო საუბარი რომ მოვისმინე. გინდა, არ გინდა, მაგ დროს გაფაციცებული უსმენ, დეტექტივივით ხდები. მას შემდეგ მობილურზე იმ კაცის ზარებს აღარ პასუხობდა, ზარს თუ გათიშავდა, უკვე ვხვდებოდი, რომ ის კაცი აწუხებდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ კაცი უსაფუძვლოდ არ გადაჰკიდებია. მძიმე ფაქტია, მაგრამ ასეა – ისინი ერთად იწვნენ, მერე ჩემმა რძალმა ვეღარ მოიშორა.

– ამ დროს სად იყო თქვენი ვაჟი?

– ცოლის ერთგულებაში ეჭვს ვერ შეიტანდა. თვითონ რომ იყო პატიოსანი, ირგვლივ ყველას ასეთად აღიქვამდა. ჩემი შვილი ბრიყვი ნამდვილად არ ყოფილა. ალბათ, ფიქრობდა, საძინებელში ჩაკეტილი ცოლი დაქალებს ელაპარაკებაო. სადაქალოში სულ რაღაცას ფუთფუთებდნენ, არჩევდნენ. თავიდან ხომ მეც ასე მეგონა, სანამ არ მოვისმინე. ერთადერთი ნუგეში იყო, რომ რძალს იმ კაცის ჩამოშორება სურდა. მიხვდა, ოჯახს საფრთხეს შეუქმნიდა და სახელსაც შეირცხვენდა. ავწონ-დავწონე და გაჩუმება ვამჯობინე. რაკი ჩემი რძალი იმ კაცს სამუდამოდ ემშვიდობებოდა, ესე იგი, შეგნებული ჰქონდა თავისი დანაშაული. მივეცი საშუალება, მარტო დარჩენილიყო საკუთარ ცოდვასთან. თუმცა, ამ ყველაფერმა უკვალოდ არ ჩამიარია, წნევამ ამიწია და ცუდად გავხდი.

– თქვენი ვაჟი და რძალი სიყვარულით შეუღლდნენ?

– დიახ. ერთმანეთი უყვარდათ და მათი ბედნიერებით ვხარობდი. მაგრამ უცებ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ურთიერთობა აერიათ. ჩხუბი ჩვევად ექცათ. რძალი შვილებს მოიწვენდა გვერდზე და ისე იძინებდა, ქმართან წოლას გაურბოდა. შედეგად ჩემმა ვაჟმა სხვა ქალთან გაიარა. ეს ჩემი რძლის ყურამდე მივიდა – სადაქალომ ამცნო. ამის გამო ისეთი ამბავი აუტეხა ქმარს, კინაღამ სახლი გადადგა, არც მე გამიწია ანგარიში, არც შვილებს და არც მეზობლებს. ქვეყანა შეყარა. ქმარი უკანასკნელი ნაძირალა და არამზადა გამოიყვანა. ჩემი ვაჟი თავს იდანაშაულებდა, ინანიებდა, ლამის თვითგვემას მიეცა. მისი ცოლი კი მეზობლებსა და ნათესავებში გამარჯვების ბაირაღს აფრიალებდა და ქმარს აძაგებდა. ჩემი შვილი ეხვეწებოდა, მაპატიეო, ცოლი კი დაუნდობლად ექცეოდა. ბოლოს ჩემი რძალი სახლიდან წავიდა. მიზეზად კი ქმრის ღალატი გამოიყენა. არა და, პირველმა ხომ მან უღალატა?! ბავშვები ხან ჩვენთან იყვნენ, ხან – დედასთან. ჩემი ვაჟი ნერვიულობდა, ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა შინ და მოთქვამდა. მის ტანჯვას ვერ ვუძლებდი. დები შუამავლის როლს ასრულებდნენ, რძალს ოჯახში დაბრუნებას სთხოვდნენ, ის კი უტეხად უარზე იდგა. მე ვერ ჩავერიე, თავს უფლება ვერ მივეცი, ჩემი შვილის გამო რძლისთვის პატიება მეთხოვა. ვერ ვითვალთმაქცე, მე ხომ სიმართლე ვიცოდი. ამიტომ ხელი შევუწყვე ჩემს ვაჟს, ხელმეორედ ექორწინა. ახალ რძალს ჩემი ვაჟი ბავშვობიდან უყვარდა, ოჯახის გოგოა, ერთგული, წესიერი... ალბათ, ჩემმა შვილმაც ამიტომ შეაჩერა მასზე არჩევანი. ის სიყვარული, რაც პირველ ცოლთან დააკლდა, მეორემ შეუვსო. ჩემმა პირველმა რძალმა, იმის შიშით, რომ შვილებს ბინა არ დაეკარგათ, ორივე ბავშვი ჩვენთან დატოვა. თვითონ მხოლოდ შაბათს ან კვირას მიჰყავს. ამით იმასაც ცდილობს, ჩემი ვაჟი და მისი ახალი ცოლი გაამწაროს, ოჯახში დაძაბულობა შემოიტანოს. ენა ვერ მოვაბრუნე, ყოფილი რძლისთვის ერთხელ მაინც მეთქვა ის, რასაც იმსახურებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი