გულახდილი საუბრები

როგორ ცხოვრობენ ქმრების გვერდით უსიყვარულოდ გათხოვილი ქალები და რატომ არ ანგრევენ ოჯახს

№21

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 02.06, 2023 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

თავიანთი ურთიერთობის დარეგისტრირებით, ბედნიერი პატარძალი და სიძე ერთმანეთის წინაშე მარადიული სიყვარულისა და ერთგულების ფიცს დებენ. ალბათ, იდეალურ სამყაროში ყველა წყვილი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა მოტყუებისა და ღალატის გარეშე, მაგრამ სინამდვილეში, ბევრს უწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რაღაც მომენტში ცოლ-ქმარი მიდის „მარცხნივ“. მამაკაცის ღალატი ჯერ კიდევ არ მიიჩნევა უჩვეულოდ, საზოგადოება ხშირად ამართლებს მათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ქმართან სულ უფრო ცოტა ქალი აგრძელებს ცხოვრებას. რაც შეეხება ქალის ღალატს, ეს ტრაგედიას უტოლდება. თუმცა დრო იცვლება და მატულობს ქალების რიცხვი, რომლებმაც ქმარი მოატყუეს. ოჯახის ფსიქოლოგების სტატისტიკით, ქალების დაახლოებით ნახევარი მაინც ღალატობს ქმარს, ან ამის სურვილია აქვს. მაშინ, როდესაც ოფიციალური სტატისტიკით, კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენელთა მხოლოდ 25% აღიარებს, რომ მეუღლეს უღალატა.

მარიკა, 35 წლის: ერთ ფორუმზე ამოვიკითხე - ახალგაზრდა ქალი წერდა: სხვა მიყვარს, მაგრამ შვილების გამო ოჯახს ვერ ვანგრევო. არ განვსჯი ამ გოგოს. მეც უსიყვარულოდ გავთხოვდი. მყავდა შეყვარებული, მაგრამ ჩემებმა არ გამოგადგება, ძალიან შორიდან არის, უცხო გარემოდან, ასე სად უნდა გადაიხვეწო, შორიაო და გამათხოვეს ახლოს. ჩემმა ნათესავებმა პირდაპირ სახლში მომიყვანეს ბიჭი და ასე გამაცნეს. ჩემი მომავალი მეუღლე და ბიცოლაჩემი თანამშრომლები იყვნენ. რა თქმა უნდა, დედაჩემის მხრიდანაც თანხმობა იყო. იმ დღიდან დაიწყო ჩემი უბედურება. ვერ შევიყვარე. 6 წელია, ერთად ვცხოვრობთ, ორი შვილი გვყავს... ახლაც, ამ წერილის წერისას ვტირი. 6 წელი ერთად ვწევართ და ალბათ, ყოველი მეორე ღამე ტირილში ჩამძინებია. თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ შვილებს რა ვუყო, ვის დავუტოვო, როგორ გავწირო.

- თქვენმა მეუღლემ იცის მის მიმართ რა დამოკიდებულებაც გაქვთ?

- წესით უნდა ხვდებოდეს, მაგრამ არასოდეს არაფერი უთქვამს. ბუნებით მშვიდი ვიყავი, შევეგუე ბედს და ვიმწარებ ასე ახალგაზრდობას. არაფერი მიხარია. ჩემს თავს ვერაფერს ვშველი, თორემ ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ჩემმა შვილებმა თავად გადაწყვიტონ თავისი ბედი..

- ასე ცხოვრებას არ ჯობია, რომ გაშორდეთ ქმარს?

- ალბათ, ჯობია, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის. მყავს ქმარი და შვილები, მაგრამ მინდა გითხრათ, ქმრის გვერდით ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ადამიანი არ არის, ზრუნავს ოჯახზე, შვილები ძალიან უყვარს. ცდილობს მეც გამანებივროს, მაგრამ რა ვქნა, ჩემი გულისგან შორსაა. ჰოდა, ასე ვცხოვრობ. ოჯახის პატივისცემით, მშობლების პატივისცემით... და ბოლოს ჩემგან იცით, ვინ დადგა? ერთი დანევროზებული ქალი. ქორწინების პორველივე ღამეს მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. მაგრამ იძულებული ვიყავი, ბედს შევრიგებოდი. მერე ბავშვიც გაჩნდა, პირველს მეორე მოჰყვა.., ცოლქმრული ცხოვრება სატანჯველ მოვალეობად მაქვს. ძალადობის მსხვერპლად უფრო ვგრძნობ თავს, ვიდრე სასურველ ქალად ...

და, ერთ დღეს... სრულიად შემთხვევით, სხვა კაციც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მეგობართან გავიცანი, მერე სოციალურ ქსელში მიპოვა. თავიდან საკმაოდ უხეშად ვცადე, თავიდან მომეშორებინა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისეთი თბილი და მომთმენი იყო, ბოლოს და ბოლოს, გაქვავებული გულიც გამითბა...

და ერთ დღესაც მივხვდი, რომ სხვა შემიყვარდა. მასაც ჰყავს ცოლი და ორი შვილი. ჩუმ-ჩუმად ვხვდებოდით. სიყვარულს მეფიცებოდა. მეუბნებოდა, რომ მზად იყო, ჩემ გამო ოჯახი დაენგრია და დაანგრია კიდეც... მიყვარდა, მაგრამ გარისკვის შემეშინდა. შემეშინდა, რომ ოჯახთან ერთად, შვილებსაც დავკარგავდი. თან, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ, საუკეთესო მამაა...

თუმცა, ღალატი მაინც გავბედე. დღემდე ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს და ერთად გატარებული წუთები გვაბედნიერებს.

შემდეგ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მაქვს. მხოლოდ იმის მეშინია, ჩემი შვილები რომ დაიზრდებიან, მათ ვინმემ რამე არ უთხრას. მართალია, მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენ და ჩვენზე ჭორიც კი არ გავრცელებულა, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეშმაკს არ სძინავს. ჰოდა, შვილების გამო ვტანჯავ ადამიანს, რომელიც ასე მიყვარს და მეც ძალიან ვიტანჯები. არ ვიცი, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?.. მე გამოსავალს ვერ ვხედავ. თუმცა იმას ვხვდები, რომ მაქვს ბედნიერების უფლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი