გულახდილი საუბრები

როგორ ანგრევენ ზოგჯერ მშობლები შვილების ბედნიერებას და პირად ცხოვრებას

№7

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.02, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ბრძენი კაცის ნათქვამია, ცოლ-ქმარმა ცალკე უნდა იცხოვროს და პრობლემები მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით გადაჭრანო. სამწუხაროდ, ყველა წყვილს არ აქვს იმის ფუფუნება, ცალკე ბინა ჰქონდეს. პირად ცხოვრებაში დედის აქტიურმა ჩარევამაც კი შესაძლოა, ერთი შეხედვით, ჰარმონიულ ოჯახში ბზარი გააჩინოს და საბოლოოდ დაანგრიოს კიდეც.

მარეხი (37 წლის): თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ერთი ძმა მყავს, ჩემზე უმცროსია. ჩვენს მშობლებს არაფერი დაუკლიათ ჩვენთვის – ყველაზე კარგადაც გვეცვა და ყველაზე კარგადაც ვსწავლობდით. სკოლაში თითით საჩვენებლები ვიყავით, მაგრამ ჩემმა ძმამ მეცხრე კლასის შემდეგ სწავლას უკლო და ორჯერ სკოლიდან კინაღამ გარიცხეს. დედაჩემმა ეს ამბავი რთულად გადაიტანა, ჩემი ძმა კინაღამ მოკლა, რომ გაიგო არ სწავლობდა. ზოგადად, დედაჩემს უყვარდა სიტუაციისა და ჩვენი კონტროლი. მე სკოლა ისე დავამთავრე, ოთხიანი არ მიმიღია. დედაჩემი ყველას ჩემ შესახებ უყვებოდა. ვერ დავაჯერე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ვიყავი, უბრალოდ, თვითონ ეგონა, რომ გენიოსი შვილი ჰყავდა. დიდი იმედები დაამყარა ჩემზე. რაღაც არარეალური მოლოდინები გაუჩნდა, თითქოს მართლა განსაკუთრებული ვიყავი.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– იმიტომ, რომ მართლა ასე იყო. ჩვენს მეზობლად გურულების ოჯახი დასახლდა. ქალი ისეთი ყოჩაღი იყო, ხელებიდან ცეცხლს ყრიდა. საქმიანი, გულღია, მაგრამ რომ გაბრაზდებოდა, მისი ყვირილი მთელს უბანს ესმოდა. ერთხელაც ამ ოჯახს დასავლეთიდან სტუმრები ჩამოუვიდნენ. უმცროსი შვილის დაბადების დღე ჰქონდათ და ჩვენც დაგვაპტიჟეს. ძალიან არ მინდოდა წასვლა, მაგრამ დედაჩემი არ მომეშვა, სირცხვილია, ადამიანებმა დაგვიძახეს და რომ არ ვესტუმროთ, იფიქრებენ, რომ არ ვკადრულობთო. მხოლოდ მე და დედა წავედით.

– მომავალი მეუღლეც იქ გაიცანით?

– კი. ის ჩვენი მეზობლის დისშვილი იყო. ჩემზე ორი წლით უფროსი, მაგრამ ისეთი სერიოზული და გაწონასწორებული, ბევრ ასაკოვან კაცს რომ შეშურდებოდა. დედაჩემმა, ტრადიციულად, რომ გააღო პირი, იყო საჭირო თუ არ იყო, ჩემზე ყველაფერი ილაპარაკა. იმ დღის შემდეგ დედაჩემი და ჩემი მეზობელი გურული ქალი კარგი მეგობრები გახდნენ. ან ის იჯდა ჩვენთან, ან დედაჩემი იყო მათთან. იმ პერიოდში არაფერი მიფიქრია, ვერც კი წარმოვიდგენდი, დედაჩემი თუ ჩემს მომავალს ჩემ მაგივრად დაგეგმავდა და გადაწყვეტდა. როცა ოჯახში ის ბიჭი და მისი მშობლები მოვიდნენ. მაშინ მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ჩემს ოთახში შევიკეტე. დედამ ბევრი მეხვეწა, მაგრამ გარეთ არ გამოვსულვარ. იმ საღამოს ვიჩხუბეთ. ამჯერად დედაჩემი ჩხუბში არ ამყოლია, პირიქით, ძალიან მშვიდად მისმინა და მითხრა, მართალი ხარ, შევცდი და მაპატიეო.

– თუმცა, მერე იმ ბიჭის შეყვარება მოახერხეთ…

– სხვათა შორის, იმ დღის შემდეგ კარგა ხანს აღარ მინახავს. თბილისში აღარ ჩამოდიოდა. დედაჩემიც არ იღებდა ხმას და ეს ამბავი მეც მიმავიწყდა. მერე მოულოდნელად ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. სახლთან დამხვდა და ვითომ შემთხვევით მომესალმა. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მივესალმე და მაშინვე ზურგი ვაქციე. არ გამომკიდებია, არც რამე უთქვამს, მაგრამ მისი დახვედრა ყოველდღიური გახდა. დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს, არ მინდოდა, მასთან ამ თემაზე მელაპარაკა, მაგრამ საუბარი მოულოდნელად ისევ თვითონ დამიწყო. ძალიან მშვიდად მელაპარაკებოდა. მითხრა, უკვე დროა ოჯახზე იფიქრო, დავიტანჯე იმ ბიჭის საცოდაობით, რას უწუნებ, დედისერთაა, კარგი სახლი აქვს, კარი აქვს, ცოტა ხანი იცხოვრე სოფელში, მერე კი თბილისშიც იყიდით ბინას და მთელი ცხოვრება უზრუნველად იცხოვრებო. ისეთი კონცერტი მოვაწყვე, დედაჩემი შეშინებული მიყურებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მშვენიერი შანსი მეძლეოდა და დედაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა. მაგრამ ცოლად უცებ არ გავყოლივარ, ცოტა ხანს ვაწვალე. უზარმაზარი ქორწილი გადაგვიხადეს. მართლა არ აღმოჩნდა ცუდი ადამიანი, ყურადღებიანი იყო. ვგრძნობდი, რომ მართლა ვუყვარდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

– გაგიჭირდათ სოფელში ცხოვრება?

– ძალიან გამიჭირდა; მიუხედავად იმისა, რომ კომფორტი და ყველაფერი მქონდა. ჩემმა ორსულობამ ყველაფერი შეცვალა. პირველი შვილი ბიჭი შემეძინა. ბებია-ბაბუები მისმა დაბადებამ ჭკუიდან შეშალა. მთელი თვე ჩემი შვილის დაბადებას ზეიმობდნენ – სვამდნენ და ქეიფობდნენ.

– თუ ყველაფერი კარგად გქონდათ, რატომ გაშორდით ქმარს?

– დედაჩემის წყალობით. ჩემი შვილი სამი წლის რომ გახდა, დედაჩემმა დამიწყო ტვინის არევა. ბავშვი ბაღში უნდა მივიდეს და სოფლის ბაღში ხომ არ ატარებ, თბილისში გადმოდით და აქ იაროსო. ამაზე ოჯახებს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ჩემი ქმრის მშობლებს არ უნდოდათ, ჩვენი თბილისში გამოშვება, დედაჩემი კი გაიძახოდა, ბავშვს სოფელში ვერ დავტოვებ, აქ საკმარის განათლებას ვერ მიიღებსო. უნდა ვაღიარო, რომ მეც მომბეზრდა სოფელში ცხოვრება. ერთ საღამოს, მორიგი ჩხუბის შემდეგ, ჩემი და ბავშვის ბარგი ჩავალაგე და დილით თბილისში წამოვედი. ჩემს ქმარს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ბავშვს ჩაეხუტა და ბევრი კოცნა. არც გამოვუცილებივარ. მაშინ 22 წლის ვიყავი და მეგონა, ჩემი საყვარელი ქმარი გამომეკიდებოდა.

– და ასე არ მოხდა?

– არა. არც კი დაურეკავს. მხოლოდ მისი დეიდა თუ შემოვიდოდა ჩვენთან, იქნებ შერიგდეთო, მაგრამ არაფრის გაგონება არ მსურდა, მხოლოდ იმას გავიძახოდი, თუ ჩემს ქმარს ჩემსა და თავის შვილს მშობლები ურჩევნია, იყოს იქ, არავინ არაფერს სთხოვს-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ შევცდი. ჩვენი შვილი უკვე 15 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში ჩემს ქმარს არც კი მოუკითხავს, თუმცა არც ცოლი მოუყვანია. მე და ჩემი შვილი უკვე ცალკე ვცხოვრობთ. მამაჩემმა მოახერხა და ცალკე ბინა მიყიდა. კი ვარ ახლა ჩემს თბილისში, მაგრამ ის ოჯახური სიმყუდროვე და გვერდით მამაკაცი ძალიან ხშირად მენატრება. არც მე გავთხოვილვარ. იმიტომ არა, რომ ყოფილი ქმრის განსაკუთრებული ერთგული ვარ. უბრალოდ, ახალი ურთიერთობის მეშინია. ჩემი შვილის გარდა არავინ მჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი