გულახდილი საუბრები

როდის ვერ ქმნის სრულფასოვან ოჯახს ზოგიერთი ქალი და რას ნატრობს ურთიერთობაში

№15

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 23.04, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

მშობელი შვილისთვის ყველაზე საიმედო საფარი, საყრდენი და მრჩეველია. ზოგიერთი თავგამოდებით ცდილობს, შვილი ყოველგვარი ცუდისგან დაიცვას, ბედნიერი მომავალი შეუქმნას. თუმცა ასეთი კეთილი სურვილების მიუხედავად, ახალგაზრდის პირად ცხოვრებაში ჩარევას ხშირად სიკეთე კი არ მოაქვს, პირიქით, ყველაფერს აფუჭებს. არც ზედმეტი ფუფუნებაა სასარგებლო. ზოგჯერ ზუსტად იმას ვერ ავცდებით, რასაც გავურბივართ.

მარინა (42 წლის): დედისერთა ვიყავი და თავზე დამფოფინებდნენ. მამა თანამდებობის პირი, გავლენიანი კაცი გახლდათ. დედა მთელ თავის ენერგიას ჩემს აღზრდას ახმარდა. სხვადასხვა საგანში მამზადებდნენ, საუკეთესოდ მაცმევდნენ. ქედმაღალი არ ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, თავი როგორ დამეჭირა. თუმცა „იმან“ – სერიოზულმა, დინჯმა, მეოცნებე ბიჭმა, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდი, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დედა გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს ჩემს პირად ცხოვრებას და მალევე ჩადგა ჩვენ შორის. ბიჭი უბრალო ოჯახიდან იყო და დედა ფიქრობდა, რომ ასეთი წარმომავლობის ბიჭს ჩემ გვერდით არასრულფასოვნების კომპლექსი ექნებოდა და ცხოვრებას გამირთულებდა.

– აკრძალვები ხომ გრძნობას ამძაფრებს?!

– ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მან დამცირებულად იგრძნო თავი. დაითრგუნა, მეც ვერ ვანუგეშე. დედა ჩამაგონებდა, სიჭაბუკეში აღმოცენებული გრძნობა სხვაა და ცხოვრება – სხვა, ქმარი რომ ვერ დაგაკმაყოფილებს მატერიალურად, შვილებს ვერ დაგიპურებს, ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები დაიწყება და ვისღა ემახსოვრება სიყვარულობანას თამაშიო. მასთან ცხოვრება ისეთ შავ-თეთრ ფერებში წარმომიდგინა. გავითვალისწინე და შეყვარებულისგან თავი შორს დავიჭირე. რამდენჯერმე სცადა, ჩვენს სიყვარულზე დამლაპარაკებოდა, მაგრამ უპასუხოდ დავტოვე. ძალიან ღელავდა, თრთოდა, მე კი ქვასავით ვიდექი, თითქოს ვერაფერს ვგრძნობდი.

– მისდამი გრძნობა გაგიქრათ თუ კვლავ მშობლების აზრი გაითვალისწინეთ?

– ვფრთხილობდი, შეცდომა არ დამეშვა, ამიტომ მოვიქეცი ასე. დედის სიტყვები გონებაში ჩამებეჭდა. არ მინდოდა, უბედური ვყოფილიყავი. თუმცა ღამით თვალი ვერ მოვხუჭე, მასზე ვფიქრობდი და ვიტანჯებოდი. სხვათა შორის, დედა არაფერს მაძალებდა, არ მაჩქარებდა. მეუბნებოდა, ყველაფერს თავისი დრო აქვსო. ჩემი მომავალი ქმარი მამაჩემის გარე ბიძაშვილის სიძის დეიდაშვილი იყო. ჩემს ოჯახში ასეთი ურთიერთობები იყო – სადღაც თუ საერთო შეხების წერტილი გამოკრთებოდა, ყველა ნათესავად მიაჩნდათ. ყოველ შემთხვევაში, მამას ყველა ენათესავებოდა, თანამდებობის პირი იყო და სჭირდებოდათ. მან კი ყველაზე მეტად იმარჯვა, მამას ისე შემოეკედლა, რომ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ბოლოს მთელი საქმეები გადაიბარა. ბოლოს ცოლობაც მთხოვა.

– თქვენი მშობლები როგორ შეხვდნენ. ნალოლიავები შვილი ნუთუ გაიმეტეს ასეთი კაცისთვის?

– დედა ცოცხალი აღარ მყავდა, სარკომა განუვითარდა და მალევე მოუღო ბოლო. მისი სიკვდილი ძალიან მძიმედ გადავიტანე, ზღაპრული ცხოვრებიდან საზარელ წყვდიადში, სიცარიელეში აღმოვჩნდი. მამაც მოტყდა, ძალიან გაუჭირდა. თანამდებობის დატოვება მოუწია. ბიზნესსაც ვეღარ უძღვებოდა. ჩემმა საქმრომ კი ამით ისარგებლა. ბოლომდე რომ ხელში ჩაეგდო ყველაფერი და საზოგადოებაშიც მოეპოვებინა სტატუსი, ჩემი ცოლად შერთვა სჭირდებოდა. ამასაც მიაღწია. მაშინ ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, ადამიანების თანადგომა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა მგონია, დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, არაფრით გამაყოლებდა, ყველაფერს განჭვრეტდა. მამა უფრო მიმნდობი იყო, უყვარდა მის ხელში გამოზრდილი და გაშალაშინებული ახალგაზრდა კაცი. სიძეობაზე უარს ვერ ეტყოდა.

– როგორი აღმოჩნდა თქვენი ცოლქმრობა?

– ძალიან რუტინული და უინტერესო. პრინცესასავით გაზრდიდი გოგო შინამოსამსახურე ქალის როლში აღმოვჩნდი, სახლში დავჯექი და კისერზე დამაწვა არაერთი საზრუნავი – ოჯახი, ქმარი, შვილები, ავადმყოფი მამა. ქმარს ფული თავზესაყრელად აქვს, მაგრამ ოჯახში დამხმარე ქალი არ ამიყვანა, ცოტათი მაინც რომ წამშველებოდა. არც ის ინება სადმე მემუშავა. გადამავიწყდა ყველაფერი, რაშიც ჩემმა მშობლებმა თავის დროზე ფული დამახარჯეს. დრო არ მრჩება წიგნის წასაკითხად. გონებაც მომიდუნდა. ფიზიკურმა შრომამ ლამის წელში გამტეხა. ჩემს ქმარს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და ეშინია, მასზე უკეთესი არ გამოვჩნდე და მოახერხა კიდეც, სახლში ჩუმად ვზივარ.

– თქვენს ქმარს დადებითი არაფერი გააჩნია?

– არ არის ცუდი მამა, ცუდი სიძე, ცუდი ბიზნესმენი, მაგრამ, როგორც ქმარი, ჩემთვის არ არსებობს. თავიდანვე ვერ შევეთვისე. ჩემს ქმარს ყოველთვის საკუთარი ცხოვრება ჰქონდა. ამას თავადაც ვხვდებოდი და მეუბნებოდნენ კიდეც. წლებია, ერთ ჭერქვეშ, მაგრამ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. თავს გარემოების მსხვერპლად ვგრძნობ. ერთხელ ვინატრე, ნეტავ, ჩემს ქმარს გამოუჩნდებოდეს ვინმე ქალი, ჩემგან წასვლას რომ გადააწყვეტინებს-მეთქი.

– თუ მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ასე გაუსაძლისად მიგაჩნიათ, გაყრის საკითხს რატომ არ დააყენებთ, რას ელოდებით?

– მოხუცი მამის მოსალოდნელი რეაქცია, ქმარზე ფინანსური დამოკიდებულება და შვილების ფაქტორი მაფერხებს. თავად რომ გადაწყვეტდეს გაყრას, ყველაფერი შედარებით იოლად დალაგდება. საქმე ისაა, რომ მსგავსი რამ აზრადაც არ მოსდის. ამგვარ ყოფაშიც თავს მშვენივრად გრძნობს. ამას წინათ, სრულიად შემთხვევით, ჩემი ყოფილი შეყვარებული შემხვდა – ბაზრიდან გამოვდიოდი პარკებით დატვირთული და ხელი შემაშველა. ავღელდი, შემრცხვა, პატარა გოგოსავით გავწითლდი. შემომთავაზა, მანქანით მიგატანინებო. უარი ვუთხარი. მოსახვევში ქმარი მელოდება-მეთქი, – ვიცრუე. მის თვალებში თანაგრძნობა და სინანული ამოვიკითხე. მარტოა, ცოლი არ შეურთავს. ბიზნესმენობს, დას და დისშვილებს ინახავს. მერჩივნა, მასთან მეცხოვრა, თუნდაც ხელმოკლედ და თავი მარტო არ მეგრძნო. ამ დიდ ოჯახში ჩემს მარტოსულობას ვერაფრით ვშველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი