გულახდილი საუბრები

როდის არის სიყვარული პრობლემა ოჯახისთვის და ცოლ-ქმრის ურთიერთობისთვის

№14

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.04, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

არის თუ არა სიყვარული საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. ამბობენ, რომ ზოგჯერ, სწორედ, სიყვარულია პრობლემების შემქმნელი. ძალიან ბევრი ცოლი ფიქრობს, რომ სიყვარულის გარეშე გაცილებით მშვენიერია ცხოვრება, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება უფრო ამართლებს. თუმცა, რა მოვუხერხოთ გულს – ყოველთვის შეიძლება მისი გაკონტროლება? ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერს მიაღწევ, როცა ამის სურვილი და აუცილებლობა რეალურად არსებობს.

ლიკა (39 წლის): როცა ჩემი ქმარი გავიცანი, ყველას მოსწონდა, აღმერთებდნენ. ისეთი ადამიანია, შეუძლებელია, არ შეგიყვარდესო. ვერ ვიტყვი, დანახვისთანავე შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ, ვიფიქრე – ალბათ, თუ გამიჭირდება, მაშინვე მოვარდება და მიშველის-მეთქი. ქალებს ხომ მოთხოვნილება გვაქვს, რომ კაცი ზრუნავდეს ჩვენზე. რეალურად კი ყველაფერი სულ პირიქით არის. ყველა ქალი საკმარისზე მეტად ძლიერია, საკუთარ თავს ყველა მიხედავს. მიუხედავად ამისა, მაინც ვეძებთ მზრუნველს და მისი პოვნით, პირიქით, ჩვენ ვიკიდებთ საზრუნავს. სხვათა შორის, დავაკვირდი – კაცები, რომლებიც გარეთ ყველას ეხმარებიან და სხვებს „მაშველ რგოლებად“ ევლინებიან, სახლში ბავშვივით უმწეონი არიან. სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება საკმაოდ გვიან გავიგე და ახლა რადიკალური ცვლილებები ძალიან გვიანაა. ჩემი ქმარი თვალს სჭრის სუსტი სქესის წარმომადგენლებს. შეხედავ და იტყვი, ამას ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინო. რეალურად კი უმძიმესი სიტუაციაა.

– არ გიყვართ ქმარი?

– სიყვარული ზოგჯერ გვახრჩობს და ნორმალურ ცხოვრებაში ხელს ძალიან გვიშლის. თვითონ ვაფუჭებთ ქმრებს იმით, რომ მათ ისეთ თვისებებს მივაწერთ, რეალურად საერთოდ რომ არ აქვთ და შევიყვარებთ ჩვენი წარმოსახვით შექმნილ გმირებს. როგორც გითხარით, ჩემი ქმარი დღესაც ძალიან მოსწონთ ქალებს. საერთოდ არ იცნობენ და იმიტომ. ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არისო, ხომ გაგიგონიათ. გარეთ „ბრწყინვა“ კი ნამდვილად, შეუძლია, ვერაფერს იტყვი. ისე გიყურებს, შეუძლებელია, ამ მზერამ არ მოგნუსხოს და მოგაჯადოვოს. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჭკუიდან გადავყავარ. არადა, სანამ ჩემს მოხიბვლას ცდილობდა, სულ სხვანაირი იყო. სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა. როგორ შეიძლება, გაიძახოდე – მიყვარს, მიყვარსო და საერთოდ არ ზრუნავდე მასზე. შორიდან ძალიან ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, ყველაფრით კმაყოფილი რომ არის და ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა.

– კონკრეტულად რა გიქმნით პრობლემას?

– ქალმა საღი აზრი ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს. სიყვარული საერთოდ არ არის საჭირო. ჭკუა სად მქონდა? საერთოდ არ გააჩნია პასუხისმგებლობა. წარმოდგენაც არა აქვს, ეს რა არის. მანამდე იყო პრინციპული, ყურადღებიანი და თავაზიანი, სანამ საქორწინო ბეჭედს თითზე წამომაცვამდა.

– არ უყვარხართ?

– მგუდავს მაგისი, ეგრეთ წოდებული, სიყვარული. ოთხი წელია, უკვე სულს მიხუთავს ჩემი ქმრის იდიოტური „ოფოფები”. მისთვის ყველაფერი დასაშვებია – ის ხომ კაცია, ოჯახის თავი. მე კი უუფლებო „დანამატი“ და ბედნიერი უნდა ვიყო იმით, რომ ვუყვარვარ. მისი სურვილი ჩემი ცხოვრების კონტროლია. ტყუილი არ ვიცოდი და მასწავლა. ხასიათი შემიცვალა. სულ მეტირება და მოწყენილი ვარ. აღარაფერი მახარებს, თანაკურსელების შეკრებაზე ვიყავი და სული ამომხადა. სანამ წავიდოდი, შეკითხვებით გამაგიჟა: ვინ იქნებიან, რამდენ ხანს დარჩები, რას გააკეთებთ... ლამის საერთოდ აღარ წავედი. მის გარშემო როგორ უნდა ვიხტუნო მუდმივად. მობილური დამირეკავს და – პირველი თვითონ ეცემა, რომ ნახოს, ვინ რეკავს და რა საქმეზე. სადაც თვითონ მუშაობს, იმ ოფისში გადამიყვანა. ტუალეტში ვერ შევსულვარ მის გარეშე. ეს რანაირი სიყვარულია, ამიხსენით. მე ქმარი ვარ და შენზე უფრო მეტად ვიცი, რა და როგორო. ნეტავი, საერთოდ, ნორმალურია? თვითონ, თურმე, თავისუფალი პირადი სივრცე სჭირდება. მე კი მხოლოდ მისი სიყვარულით უნდა ვისაზრდოო.

– გაძლევთ ეჭვიანობის საფუძველს?

– რომ არაფერი ვიცი მის შესახებ, როგორ გიპასუხოთ? ამიტომაც ვარ უბედური. ახლა ხვდებით? შემშალა ჭკუიდან. რომ გავეყარო, ისეთი პიარი აქვს საკუთარი თავისთვის გაკეთებული, ყველა მე გამამტყუნებს – ამ დებილმა ასეთი ქმარი როგორ ვერ შეიფერაო. ვის შევჩივლო, რა მჭირს? დარწმუნებული ვარ, ვერავინ გამიგებს.

– რომ დაელაპარაკოთ?

– ელაპარაკე რამდენიც გინდა. არ უნდა და არ იგებს. თავისი მყარი პრინციპები აქვს: თუ მიყვარს ქმარი, ასეთი ცხოვრება სამოთხედ უნდა მესახებოდეს. მიხვდით, რაშია ჩემი პრობლემა?! ფაქტობრივად, გამოუვალი სიტუაცია მაქვს. იცით, როგორი დიდი სიხარულითა და სიამოვნებით გავიჩენდი საყვარელს და მერე ვეტყოდი ჩემს იდიოტ ქმარს – გიღალატე-მეთქი?! უბრალოდ, ვერ შევძლებ – მეც ხომ მაქვს ჩემი პრინციპები. მორალი არ მომცემს ამის უფლებას, თორემ, მართლა მინდა, გეფიცებით. სული მეხუთება და ვიხრჩობი.

– თქვენმა ქმარმა რომ გაიჩინოს საყვარელი?

– ნეტავი გაიჩინოს და მომშორდეს. უკვე იმ ჭკუაზე ვარ, ჩემი ხელით ჩავულაგებ ტანსაცმელს და გავუშვებ. გამიხარდება კიდეც. მაგრამ, მეეჭვება, ამ მონსტრისგან თავი დავიხსნა. სამწუხაროდ, თამაში მეც მიწევს, იმიტომ, რომ ყველას ვერ ავუხსნი, რა მჭირს. არც არის საჭირო... უმრავლესობას შენი უბედურება უხარია და თავს გაჩვენებს, ვითომ ძალიან წუხს, რეალურად კი სეირს უყურებენ. მე ცირკის სპილო არ ვარ, რომ ვიღაც ჩემი უბედურების ხარჯზე გაერთოს. როგორმე თავად უნდა მივხედო ამ პრობლემას, მაგრამ, როგორ, ჯერ არ ვიცი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი