გულახდილი საუბრები

რატომ ცდილობს ზოგიერთი მამაკაცი ყოფილი ცოლის დაბრუნებას

№20

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.05, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

მამაკაცი ცოლს შორდება, ტოვებს ოჯახს... ხვდება სხვა ქალს, სიყვარულს ეფიცება, მასთან ერთად იწყებს ახალ ცხოვრებას და უცებ... ისევ უჩნდება ყოფილ ცოლთან ურთიერთობის სურვილი. არის თუ არა რისკი, როცა ისეთ მამაკაცს მიჰყვები ცოლად, ვისაც ერთი ოჯახი უკვე დაენგრა და რა შეიძლება, მოხდეს, თუ მას ყოფილთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უნდა ითქვას, რომ რისკი ნებისმიერ ურთიერთობაშია და მნიშვნელობა არა აქვს, მამაკაცს თქვენთან შეხვედრამდე ცოლი ჰყავდა თუ შეყვარებული, მთავარია, ახლანდელი ურთიერთობა ნდობასა და გულწრფელობაზე იყოს დაფუძნებული. ანუ, თუ კაცს წასვლა უნდა, წავა, მნიშვნელობა არ აქვს ძველთან დაბრუნდება თუ ახალს მოძებნის.

თაკო (31 წლის): ყველაფერი ასე დაიწყო – მოულოდნელად ჩემს ქმარს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, არასოდეს დამმართნია ასეთი რამ. თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა და მიმაგდო ტელეფონთან. მისი არყოფნით ვისარგებლე და შეტყობინება გავხსენი. ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი იყო. სწერდა: ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთო. ვერც კი გადმოვცემ, რა დამემართა. გამოვიდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ჩემთან ცხოვრობდა, პარალელურად, ყოფილის დაბრუნებას ცდილობდა და ეს ღალატი იყო.

– როცა მასთან დაიწყეთ ურთიერთობა, ცოლისგან წამოსული იყო?

– დიახ. მე რომ გავიცანი, ცოლთან ურთიერთობა გართულებული ჰქონდა და მისგან მალევე წამოვიდა. რაღაცნაირი, უცნაური ბუნების ადამიანია. ძალით ვერაფერს გააკეთებინებ. ამიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ ვუყვარვარ, სხვა შემთხვევაში ამ სამი წლის განმავლობაში აუცილებლად წავიდოდა. სიბრალული მისთვის უცხოა და მეც, ბუნებრივია, ვერ გავჩერდებოდი კაცთან, რომლისთვისაც სულერთი ვიქნებოდი. ზედმეტად თავმოყვარე ვარ. სიმართლეს ვამბობ, რომ გავიცანი, ის უკვე ცოლს გაშორებული იყო. მისი ყოფილი ცოლის ვინაობაც ვიცოდი და ქუჩაშიც ბევრჯერ შემხვედრია. უნდა გამოვტყდე და ვაღაირო, რომ იშვიათი სილამაზისა და გემოვნების გოგოა.

– თვითონ ის ფაქტი, რომ მას თქვენამდე ცოლი ჰყავდა, არ გაღელვებდათ?

– არა. ეგ ნაკლებად მადარდებდა. სხვა რამე უფრო მაწუხებდა. ვაცნობიერებდი, რომ ღირსეული მეტოქე იყო და ამიტომ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი. სულ მქონდა განცდა, რომ ეს გოგო მის ცხოვრებაში ოდესმე ისევ გამოჩნდებოდა და მაშინ შესაძლოა, საყვარელი ადამიანი დამეკარგა. ქმრის ერთგულებაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მისი ყოფილი ცოლის მაინც მეშინოდა. როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით და ერთ ჭერქვეშ გადავწყვიტეთ ცხოვრება, ასე თუ ისე, ყველაფერი კარგად გვქონდა. თუმცა ის, რომ ჩვენი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდა, მაწუხებდა. ყველამ იცოდა, რომ ფაქტობრივად, ცოლ-ქმარი ვიყავით. თუმცა, ძალიან მინდოდა ჯვარი დაგვეწერა და რამდენჯერმე ამაზე მასთან საუბარიც ვცადე. მპირდებოდა, რომ ჯვარს აუცილებლად დავიწერდით და ქორწილსაც გადავიხდიდით, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

– ურთიერთობაში დაძაბულობა გქონდათ?

– დიახ, თავიდან იყო. მაგრამ ჩემი ქმარი ჩემზე ზრუნავდა. ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ მეჩვეოდა. სამუშაო დღის შემდეგ მანქანით სამსახურთან მხვდებოდა და სახლში ერთად ვბრუნდებოდით... მაგრამ ერთხელ მაღაზიაში ვიღაც გოგო გამომელაპარაკა. ჩემი ქმრის ყოფილი ცოლის მეგობარი აღმოჩნდა, სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოებიდან გიცნობთო, მითხრა. სინანულით თქვა, ჩემი დაქალის პრინციპული ხასიათი რომ არა, ეგენი დღემდე ერთად იქნებოდნენო. გული ისე მეტკინა, ვერ აგიწერთ. ვერ მოვითმინე და ქმარი სახლში რომ მოვიდა, ვკითხე: შენი ყოფილი ცოლი ბოლოს როდის ნახე-მეთქი. თითქოს შეცბა, მაგრამ არც კი მახსოვსო, მიპასუხა, თან თითქოს დამამშვიდა – სისულელეებზე ნუ ფიქრობო. თუმცა მე მაინც უსიამოვნო განცდა დამრჩა. ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემი შიში გამართლდა. დილით, როგორც წესი, გაღვიძებისთანავე სააბაზანოში შევიდა. მე ჯერ კიდევ ვიწექი. მოულოდნელად ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, მისი არყოფნით ვისარგებლე და ის შეტყობინება გავხსენი. თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. დამალვას აზრი არ ჰქონდა, როცა ჩემი ქმარი სააბაზანოდან გამოვიდა, მივახალე, შეტყობინება წავიკითხე-მეთქი. სანამ მის ნივთებს ვაბარგებდი, ოთახიდან ოთახში დამდევდა და თავის გამართლებას ცდილობდა, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. აი, თურმე, ცოლად რატომ არ მოგყავდი-მეთქი, გაცეცხლებულმა ესეც მივახალე. მოკლედ, დავშორდით და ცხოვრება ცალ-ცალკე განვაგრძეთ. თუმცა ამას ცხოვრება არ ერქვა. პირველი ორი დღე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მისი დანახვაც არ მინდოდა. მესამე დღეს ცოტა დავმშვიდდი და სინანული ვიგრძენი. ვფიქრობდი, იქნებ, მე ვერ გავიგე სწორად-მეთქი. მომდევნო დღეებში საშინლად მომენატრა, მაგრამ ვითმენდი და გულის სიღრმეში ველოდი. ვფიქრობდი, რომ მოვიდოდა და პატიებას მთხოვდა, მეტყოდა, რომ ძალიან ვუყვარვარ და უჩემოდ არ შეუძლია – ცოტა ხანი ხომ არ გავატარეთ ერთად.

– ამ ხნის განმავლობაში, თქვენთან დაკავშირების მცდელობა არ ჰქონია.

– ასე არ მოხდა. მისგან არაფერი ისმოდა, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. გამოსავალს ვეღარ ვპოულობდი. ისიც კი ვიფიქრე, რომ მასთან მივსულიყავი და ყველაფერი ერთხელ კიდევ გაგვერკვია. ვტიროდი, ვტიროდი სახლშიც და სამსახურშიც კი... დედამიწის ზურგზე არავინ და აღარაფერი მინდოდა. გამოსავალს ვერ ვხედავდი. ერთ დღეს სამსახურიდან გამოსვლისას შორიდან მისი მანქანა შევნიშნე და გული ამიძგერდა. როცა მივუახლოვდი, თვალის არიდება და გვერდის ავლა ვიფიქრე, მაგრამ არ დამაცადა, მანქანიდან გადმოვიდა და გამაჩერა. სევდიანი იყო, დამელაპარაკეო, მთხოვა. სალაპარაკოდ მანქანაში ჩავსხედით. მიყვარხარო, მითხრა პირდაპირ. ირონიულად ჩამეცინა, მაგრამ როცა თვალებში ჩავხედე, გულწრფელი მზერა დავიჭირე. ბევრი ვილაპარაკეთ, ყველაფერში გამომიტყდა. მითხრა, რომ ყოფილი ცოლი საერთო მეგობრებთან ნახა... ნასვამი ვიყავი, ვნება მომეძალა და თავი დავკარგეო. რა თქმა უნდა, ამის მოსმენამ ლამის გული გამიხეთქა... მაგრამ ხელზე ხელი მომკიდა და განაგრძო: მივხვდი, რომ მარტო შენ მიყვარხარ. აქამდე მეგონა, ცოლი ისევ მიყვარდა, თურმე, ვცდებოდიო. შენ სულ სხვანაირი ხარ, თბილი და საიმედოო... და ისე შემომხედა, დავიჯერე.

– დაუჯერეთ და შეურიგდით?

– დიახ. თქვენ ფიქრობთ, რომ ვრისკავ? შეიძლება, მაგრამ მიყვარს და საკუთარ თავს ეს შანსი აუცილებლად უნდა მივცე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი