გულახდილი საუბრები

რატომ ესმით ქალებსა და მამაკაცებს მეგობრობა განსხვავებულად

№5

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.02, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

რას ნიშნავს სიტყვა დაქალი? საინტერესოა, როგორი წარმოუდგენიათ ქალბატონებს ჭეშმარიტი დაქალი. გავრცელებულია სტერეოტიპული მოსაზრება, რომ  მამაკაცების მეგობრობა გაცილებით მყარია, ვიდრე ქალბატონების, რომ მათ შორის მტრობა იმ მომენტიდან იწყება, როცა სიახლოვეს  სასურველი მამაკაცი ჩნდება. რაც სიმართლეს არ შეესაბამება –  თითქოს მეგობარი მამაკაცები ქალის გამო არ ჩხუბობდნენ. 
ზოგადად, მთავარია, რა ღირებულებების მქონეა ადამიანი, რა არის მისი პრიორიტეტები. როცა გრძნობა ჩნდება, ჩვეულებრივ, მეგობრობა გადაიხედება ხოლმე. 

ნანუკა (31 წლის): ქალების მეგობრობაზე მე ჩემს აზრს მოგახსენებთ: სულ მჯეროდა, რომ დაქალი ითქმის იმ ადამიანზე, რომელთანაც მთლიანად ხარ გახსნილი, გესმის მისი ყოველი ფრაზა, მისი უგუნებობის მიზეზს უსიტყვოდ ხვდები, გიყვარს მისი ღიმილითა და ბედნიერებით სავსე თვალები, ყოველი დღის ემოციას და საკუთარ აზრებს უზიარებ. როცა ეს აუცილებელია, ცდილობ, მიახვედრო თავის შეცდომას. ესეც იმიტომ, რომ მასზე გული შეგტკივა.
– ეს ჯანმრთელი ურთიერთობაა, მაგრამ ცოტა იშვიათი.
– დიახ, ყველაფერი ასეა. მეც მყავდა დაქალი, თანაც ბავშვობიდან. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ჩვენ დაქალები კი არა დებზე მეტიც ვიყავით, მაგრამ ამ რამდენიმე თვის წინ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ბიჭი... პრობლემა ისაა, რომ ჩემს დაქალს შეყვარებული ჰყავდა, ანუ, რეალურად ის ბიჭი არაფერში სჭირდებოდა.
– რას ნიშნავს არაფერში სჭირდებოდა. ადამიანი ნივთი ხომ არაა?
– დიახ. ნივთი ნამდვილად არაა. უფრო გასაგებად ავხსნი: მოკლედ, ეს ბიჭი თითქმის ერთად გავიცანით. ძალიან მომეწონა. ჩემი დაქალისათვის ის ბევრს არაფერს წარმოადგენდა. ჯერ ერთი, როგორც გითხარით, შეყვარებული ჰყავდა და მეორე – ასეთი ტიპაჟები, ზოგადად, არც მოსწონს, რადგან სერიოზული და ჭკუადამჯდარი ადამიანია. მისი შეყვარებული ჩემს დაქალზე ერთი წლით პატარაა, მასთან შედარებით თითქმის ბავშვი. თუმცა, ეს არ არის მთავარი. როგორც კი გამოვხტე სიმპათია ახალგაცნობილის მიმართ, მე და ჩემს დაქალს შორის კონფლიქტიც დაიწყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი ხუმრობის ზღვარს არ გასცდებოდა, მაგრამ ცოტა მერე სერიოზულობაში გადაიზარდა. ახლა უკვე ერთადაც აღარ ვართ. ჩემმა უკვე ყოფილმა დაქალმა შეურაცხყოფა მომაყენა – ჩემი საქციელი შურიანობად და მოღალატეობად ჩათვალა. ვერ გავიგე, რატომ. არ მქონდა უფლება, მეც მყოლოდა შეყვარებული? ვფიქრობ, ბიჭები ასე არ იქცვიან.
– ანუ, ქალის გამო არ ჩხუბობენ?
– არა. არა თუ არ ჩხუბობენ. მამაკაცებისთვის მეგობრები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაა. სხვათა შორის, ამ ძალას შეუძლია, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაძაბოს და გააფუჭოს კიდეც. მართლა! მამაკაცს მეგობრის გამო შეუძლია, დათმოს შეყვარებული, ნათესავები და მშობლებიც კი.
– ეს ძალიან სტერეოტიპული შეხედულებაა.
– მე ეს შეხედულება მაქვს და ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი კიდეც. ძმაკაცების და მამაკაცური მეგობრობის თემა კაცისთვის წმიდათაწმიდაა. მათ, ჰგონიათ, რომ კაცური მეგობრობის გარდა გულწრფელი მეგობრობა არ არსებობს. საერთოდ, კაცები ჩვენს დაქალობას სერიოზულად არც კი იღებენ, რაშიც ლამის დავეთანხმო. თავად მზად არიან, დათმონ ყველაფერი, წავიდნენ ნებისმიერ მსხვერპლზე, თუკი ძმაკაცს გაუჭირდება და დახმარებას სთხოვს. ამდენად, ცოლი სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდეს, თუკი რომელიმე მათგანს თვალში არ მოუვა და მათ ურთიერთობას მწვანეს არ აუნთებს. ბიჭებიც ძალიან ეჭვიანები არიან და არ არის გამორიცხული, გაიფიქრონ, რომ შენთან გაბმული ურთიერთობით ძმაკაცს სამუდამოდ კარგავენ. ასე შესაძლოა, მტრადაც კი მიგიღონ, რომელიც მათი საძმოს დაშლა-განადგურებას ცდილობს.
– ანუ დაქალიც მტერია და ქმრის ძმაკაციც?
– მე ვამბობ, რომ სათანადოდ უნდა შეფასდეს მოწინააღმდეგე. არ ღირს ყურადღების მოდუნება და მხოლოდ ბედის ანაბარად ყოფნა. სიტუაციის მაკონტროლებლად თავად უნდა იქცე. ჩემი დაკვირვებით, მამაკაცებს არ უყვართ ქალებთან კამათი და რაღაცის მტკიცება. ასევე, არ უყვართ მესაკუთრე ქალები, რომლებიც მათ მეგობრებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ და მთელ ქვეყანას უმტკიცებენ, რომ მისი ნებართვის გარეშე მის ქმარს ახლოსაც ვერავინ მიეკარება და დალაპარაკებასაც ვერ გაბედავს. აუცილებელია, სამეგობროს ნაწილადმიგიღონ და არა უცხოპლანეტელად. ალბათ, გეცოდინებათ კაცების საყვარელი ფრაზები: „ცოლის მონა“, „ქალის კალთას გამობმული“ და ასე შემდეგ. ამით ხშირად აჯავრებენ ხოლმე ერთმანეთს და ერთგვარად, ნამუსზე აგდებენ მეგობარს, რომელმაც, შესაძლოა, ეს ამბავი უბრალო ხუმრობად კი არა, საგულისხმო შენიშვნად მიიღოს. თუ არ გაითვალისწინებ, შეიძლება ქმართან ურთიერთობა ისე გაგიფუჭდეს, ვერც მიხვდე. ჭკუას კი არავის ვარიგებ, მაგრამ დაანახვეთ ქმრის ძმაკაცებს, რომ ამ სახლში მუდამ ელით ცხელი ვახშამი, თბილი გარემო და ოჯახური სიმყუდროვე. შენი მომზადებული კერძები კი სამუდამოდ დააჩოქებს ყველა ეჭვის თვალით მაყურებელს. თუ გაგიმართლათ და თქვენი მეორე ნახევრის საუკეთესო მეგობრები შესანიშნავი ადამიანები აღმოჩნდებიან, მათთან საუბარი და ურთიერთობა თქვენთვისაც ერთი სიამოვნება იქნება. თუ ქმარს სთხოვ – აიტანოს ცოლის დაქალები, რომლებიც ზოგჯერ ძალიან აუტანლებიც არიან, შენი ქმრის მეგობრებსაც უნდა გაუღო კარი. სხვათა შორის, ისინი ბევრად უფრო საიმედოები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი