გულახდილი საუბრები

რატომ არის გავრცელებული მითი გენდერული თანასწორობის შესახებ და რით არის ის საშიში ქალებისთვის

№29

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 25.07, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

დღევანდელობის ბევრი მითიდან, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გენდერული თანასწორობის შესახებ შექმნილი მითია. ჩვენთან ეს თანასწორობა მხოლოდ ქართული სუფრის თანამდევ მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს არ სცდება. მართალია, ჩვენ იმ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, სადაც ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში წერდნენ „ლეკვი ლომისა სწორიაო“ და ერთ-ერთი საუკეთესო მეფე ქალიც გვყავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალისთვის ქართველ მამაკაცებს მხოლოდ სამზარეულოსა და საძინებელში ემეტებათ სივრცე. თუმცა, თავი იჩინა, საგრძნობად ჯიუტმა ფაქტმა, რომ ქართული პატრიარქატიც ისეთივე მითია, როგორიც გენდერული თანასწორობა.

ხათუნა (39 წლის): მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრმა ჭკვიანმა ქალმა დაიმკვიდრა ადგილი, გენდერული პრობლემა მაინც აქტუალურია. გენდერი რამ გამახსენა და იმან, თუ როგორ გვატყუებენ კაცები ამით. ფაქტობრივად, მახე დაგვიგეს და ჩვენც გავებით. გენდერული თანასწორობა აქ სხვაგვარად ესმით. რეალურად რომ შევხედოთ, ქალისა და მამაკაცისთვის ერთნაირი უფლებების ქონა არის შრომის, ჯაფის, გაჭირვების გაზიარება და არა თანაბარი უფლება, ნება, გადაწყვეტილების მიღებისა და აზრის გამოხატვის საშუალება. ჩვენს რეალობაში კი ასე არ ხდება.

– უუფლებობა არის პრობლემა ქალებისთვის?

– თქვენ ფიქრობთ, რომ არ არის? გავუსწოროთ თვალი სიმართლეს – ჩვენს ქვეყანაში ბედს შეგუებული და ოჯახურ რუტინას შეწირული ქალების მთელი არმიაა. ოჯახისთვის მსხვერპლშეწირვის გაუაზრებელი თუ გააზრებული „რიტუალი“ დღესაც აქტუალურია. მსხვერპლშეწირვა არაა, უცხოეთში გახიზნული ის ათასობით ქალი, რომლებმაც ოჯახის გადარჩენის ტვირთი აიღეს საკუთარ თავზე და ყველა სამუშაოზე თანახმანი არიან, რათა შვილებსა და ტახტზე მონებივრე ქმარს არაფერი მოაკლონ? არ იცნობთ ოჯახებს, სადაც ქალსა და მამაკაცს შორის სულ მცირე სულიერი, მორალური და ფიზიკური ჰარმონიაც კი არ არის? ეს ოჯახები არსებობენ იმ ქალთა დამსახურებით, რომელთაც „წასასვლელი არსად აქვთ“, რომლებსაც ბავშვობიდან ასწავლეს, რომ „კაცს უნდა დაემორჩილოს“, რომლებსაც ღრმად აქვთ ჩაბეჭდილი, რომ მეუღლესთან ჯანსაღი ფიზიკური სიხლოვე მათ აღვირახსნილობაზე მეტყველებს, რომლებმაც იციან, რომ „როცა შვილი ეყოლება, საკუთარ ბედნიერებაზე უარი უნდა თქვას“, რომელსაც ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ საღამოს შინ დაბრუნებული ქმრის პრეტენზიულ ტონს ან მუშტს მორჩილებითა და მდუმარებით უნდა შეხვდეს. გეკითხებით, რომელ გენდერულ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ?

– ეს მათი დანაშაული სულაც არაა. ისინი ასე გაზარდეს.

– მესმის. ამიტომაც არა აქვთ საშუალება და ზოგჯერ სურვილიც, რომ დამოუკიდებლად დაიმკვიდრონ თავი.

წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში. იზრდებოდა სიღარიბესა და მხიარულებაში, რომელსაც ცოტა დაძაბულობა და ბევრი გულისტკივილიც ახლდა თან. მაგრამ მაინც ბედნიერი იყო და ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე უზრუნველი ბედნიერება. რადგან გათხოვების შემდეგ ბედნიერებას მხოლოდ შვილების თვალებში ეძებდა. მეუღლეს არ უყვარდა. ახალგაზრდა, ლამაზმა და უზრუნველმა ბიჭმა ერთჯერად გასართობად გამოიყენა. მერე ნათესავთა აქტიურობით თუ ბედის ირონიით მისი ცოლი გახდა და მრავალწლიანი ჯოჯოხეთიც დაიწყო, დამცირებით, ტკივილით, უძილო ღამეებით, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფით სავსე. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული დედამთილ-მამამთილი უშედეგოდ ცდილობდნენ მისგან მაღალი საზოგადოების ქალი შეექმნათ, ესწავლებინათ და მისი მომავალი უზრუნველეყოთ. არ გამოვიდა.

– ეს ამბავი თქვენზეა?

– რა მნიშვნელობა აქვს. ბევრი ქალის ბედი ხომ არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. მოუწყობელმა პირადმა ურთიერთობებმა თუ უსწავლელობამ თავისი შედეგი გამოიღო – ქალი უუფლებო, უხმო, უსუსური, უავტორიტეტო ადამიანად ჩამოყალიბდა, რომლის სიტყვას არასოდეს ჰქონდა ფასი. ქმრისგან მუდმივი ჩაგვრისა და საყვარელ ქალთან წასვლა-მოსვლის ფონზე ოთხი შვილი გააჩინა, ამ სიტყვის ყველაზე პრიმიტიული გაგებით, რადგან თითოეულ მათგანს ოჯახის შენარჩუნების ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული.

ამასობაში დროც შეიცვალა – უფროსი თაობა ნელ-ნელა წავიდა და დარჩა მრისხანე მეუღლისა და ოთხი შვილის ამარა. მაინც ისეთი დარჩა, როგორიც იყო რატომღაც გაუგებარი თავგანწირვით იცავდა თავის არშემდგარ ოჯახურ მყუდროებას და აღმოჩნდა, რომ ოჯახის რჩენის ტვირთიც მას უნდა აეღო თავის თავზე. პირველად მაშინ ინანა, რომ არ ისწავლა, მაგრამ, ვინაიდან დარდი გვიან იყო, ოჯახის ყველა შენაძენი და მარაგი კი – ნაწილ-ნაწილ გაყიდული, შვილებს სწავლა და ჭამა სჭირდებოდათ, მის მიერ გამოვლენილ ერთადერთ ნიჭსა და დედამთილისგან ნასწავლ კულინარიულ რეცეპტებს ჩაუღრმავდა. ჯერ ცხობა დაიწყო, მერე კაფე-ბარში მოეწყო სამუშაოდ და ცხოვრება როგორღაც თავის გზით წავიდა. თავის უბედობაში ჩაკარგული ქმარი, ახლა უკვე მორჩილად უცდიდა ტელევიზორის წინ, როდის მოუტანდა ერთ კოლოფ სიგარეტს ცოლი, რომელიც ვერ შეიყვარა. აბა, სადაა აქ გენდერი?

ხომ არის ეს უაზრო მორჩილებისა და თვითაღკვეთილი უფლების კიდევ ერთი ქართული ამბავი. მერე რა, რომ დღეს ეს ქალი ფეხზე დგას და წარმატებულია. ის მაინც არ არის ბედნიერი. თუ რომელიმე ქალი საკუთარი თავის გამართლებას ქრისტიანული მცნებებითა და მისგან მორჩილების მოთხოვნით ახსნის, უბრალოდ, ეცდება, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ. წერა-კითხვა ყველამ ვიცით. ქრისტიანული სარწმუნოება მეუღლეებისგან „ერთ სულ და ერთ ხორც ყოფნას ითხოვს“ და არა უმიზნო მორჩილებას, ქმრისგან უპატივცემლობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ატანასა და უაზრო მსხვერპლშეწირვას. ეს უნდა გაიაზრო. მიხვდე. თუმცა, ადვილი არ არის. ჰოდა, ნურავინ მელაპარაკება გენდერზე. რომელიც მხოლოდ მითია, თანაც ძალიან დამღუპველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი