გულახდილი საუბრები

რატომ არ ადარდებს ზოგიერთ ქმარს რას განიცდის ცოლი და რისკენ უბიძგებს ეს ქალს

№21

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 03.06, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ფსიქოლოგების აზრით, იშვიათია, როცა მამაკაცი ახმოვანებს სიყვარულს იმ ქალის მიმართ, რომელიც უკვე მისია. არსებობენ მამაკაცები, რომლებიც რადიკალურად იცვლებიან ქორწინების შემდეგ. ავიწყდებათ, როგორ ცდილობდნენ ზუსტად ამ ქალის კეთილგანწყობის მოპოვებას და იწყებენ ქალის შეურაცხყოფას. საერთოდ არ მიაჩნიათ თავი ვალდებულად, რათა დაეხმარონ მას, დაამშვიდონ მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით, აჩვენონ, რომ უყვართ იგი. ქმრისგან განაწყენებული ქალი იტყუება. წყენა შერიგების მერეც კი არ გადის, გაფუჭებულ ურთიერთობას აღარაფერი შველის.

მანჩო (37 წლის): ჩემს ქმარს არასოდეს აინტერესებდა ჩემი გრძნობები. ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ დიდი პრობლემა მაქვს. ხუთი წელია, გათხოვილი ვარ. ჩემს ქმარს იქამდე ვიცნობდი, სანამ გავყვებოდი. დაახლოებით სამი წელი გვქონდა ურთიერთობა. არ ვიტყოდი, რომ ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. მაგრამ თანდათან შევეჩვიე და მერე უკვე ვფიქრობდი, რომ ძალიან მიყვარდა. ამ ხუთი წლის განმავლობაში კი ბევრჯერ ვიჩხუბეთ, თან, ისე მაგრად, რომ დაშორებამდეც კი მივიდა საქმე, თუმცა ყოველ ჯერზე მტკიოდა მისი გაშვება, როცა ერთმანეთისგან შორს ვიყავით, მენატრებოდა და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.

– ანუ, შეგიყვარდათ და ის შეიცვალა თქვენ მიმართ? რა იყო გახშირებული ჩხუბების მიზეზი.

– გეტყვით, რაც მოხდა. ყველაფერი შეიცვალა, როგორც კი დავორსულდი. ორსულობის პირველი თვეები ძალიან ცუდი მქონდა – ჭამა არ შემეძლო და გამუდმებით მეძინა. დედამთილმა ჩემს ქმართან დაიჩივლა. იმანაც, მხარდაჭერის ნაცვლად, სკანდალები მომიწყო. ამიტომ გადავედი ჩემს მშობლებთან და რამდენიმე თვე იქ დავრჩი. ესეც არ მოეწონათ. იცით, როგორ მექცეოდნენ? როგორც დაქირავებულ დამლაგებელს. დამლაგებელს ფულს მაინც უხდიან და მე მხოლოდ მაბულინგებდნენ. მაგალითად, რატომ არის მტვერი კარადაზე, ან ჭუჭყიანი მინა და ასე შემდეგ, საერთოდ არ ფიქრობდნენ მომავალ ბავშვზე და ჩემს მდგომარეობაზე.

– იქნებ ქმარს ჯერ არ უნდოდა, რომ ბავშვი გაგეჩინათ?

– მაგაზე საუბარი არ ყოფილა. ნეტავ, საერთოდ რა უნდოდა. ნორმალური კომუნიკაციაც არ უცდია ჩემთან. ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, ისე მინდოდა, ვინმესთან გულის გადაშლა... თავს კი არ ვიმართლებ, მაგრამ რაღაცნაირად, ბუნებრივად გამოვიდა. ჩემს ქმარს ჰყავს ახლო მეგობარი, სწორედ ის აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელთანაც ჩემი პრობლემების გაზიარება შემეძლო. თავიდან ძალიან მეხმარებოდა ურთიერთობის გამოსწორებაში. მშობიარობის შემდეგ კი ქმართან ურთიერთობა მისი ახლობლების გამო ისე გამიფუჭდა, უკვე განქორწინებაზე ფიქრი დავიწყე. მაგრამ მაკავებდა ის, რომ ბავშვი უმამოდ დარჩებოდა. ჩემთვის მარტო ცხოვრება არ არის პრობლემა, რადგან ვმუშაობ და შემოსავალიც ჩემთვის და ბავშვისთვისაც საკმარისი მაქვს. ქმრის ალიმენტის გარეშეც იოლად გავალ. ჯერ კიდევ ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მუდმივად ვჩხუბობთ. გული სულ გამიცივდა და ამაზე ხშირად ველაპარკებოდი იმ მეგობარს. ერთ საღამოს მისი თვალებით სულ სხვა რამე ვიგრძენი. რაღაცნაირად, სინაზით შემომხედა. მერე ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ბოლო დროს კი ისეთი განცდა მაქვს, რომ მის გარეშე ვერ ვსუნთქავ. ორი თვეა, ადგილს ვერ ვპოულობ. ჩემთვის. სულ ცოტა ხნის წინ მე, ჩემი ქმარი, ბავშვი და მისი მეგობარი დასასვენებლად წავედით, ერთად ვცურავდით, ვისეირნეთ და ასე შემდეგ. და თითქოს არაფერი მომხდარა, უბრალოდ, როცა მელაპარაკება, თითქოს მესიყვარულება და როცა ჩემს ქმართან ვჩხუბობთ, ჩემს მხარდაჭერას ცდილობს.

– რომ განქორწინდეთ, ალბათ, გინდათ ახალი ცხოვრება მაგ ადამიანთან ერთად დაიწყოთ?

– სიმართლე გითხრათ, მინდა, მაგრამ როგორ ვუთხრა ჩემს ქმარს ჩემი გადაწყვეტილება, არ გამიშვებს. ყველაფერს გააკეთებს ჩემს შესანარჩუნებლად. იმიტომ კი არა, რომ ვუყვარვარ, უბრალოდ, ეგოისტია. მე ეს მტკივა და იმავდროულად ეს გრძნობები მახალისებს, სითბოთი მავსებს... ერთადერთი, რაზედაც ამ წუთში ვფიქრობ, ჩემი შვილია.

– ჩვეულებრივ, კაცებს არ ესმით, რა მოხდა, კონკრეტულად რაში არიან დამნაშავე. ვერც კი აცნობიერებენ, რომ დამნაშავეა.

– გეთანხმებით. ეს არის პარადოქსული ოჯახური კომუნიკაცია – ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ თავს კარგად გრძნობენ, არადა ცუდად არიან. მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლი. ზოგადად, მივხვდი, რომ ქალის ყველა ქმედებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – მამაკაცი დაუახლოვდეს მას, ისაუბროს, ჰკითხოს და მოუსმინოს ყველაფერს და რაც მთავარია, დაამშვიდოს, უბრალოდ, ჩაეხუტოს. ქმართან ჩემი ურთიერთობის მომავალი უკვე რეალურად აღარ მესახება. რა თქმა უნდა, არსებობს ნებისმიერი ქმედების ობიექტური მიზეზი, თუმცა, ამას ჩემი სიტუაციის გამოსწორება ან შეცვლა აღარ შეუძლია. ალბათ, უნდა დავასრულო ერთი ურთიერთობა და ისე შევიდე ახალ ურთიერთობაში – თავისუფალი. დიახ, მამაკაცებო, თქვენს ცოლებს უნდათ, გაიგოთ, თუ როგორ ცუდად გრძნობენ თავს და დაამშვიდოთ. ქალი მთელი საღამო რომ დაღლილია, ის უფრო სენსიტიური ხდება, წყენასაც უფრო მტკივნეულად შეიგრძნობს და ქმრისგან გულგრილობა მისთვის შეურაცხმყოფელია. „ის შეგნებულად მჩაგრავს! მას არ აინტერესებს ჩემი გრძნობები!” და ქალი ელის, რომ ბოლოს, ძილის წინ მაინც, დაელაპარაკებით, დაამშვიდებთ. ასეთი გულგრილობისგან ცოლი ან ჩუმად ტირის, ან დივანზე მიდის დასაძინებლად... და შენგან მიყენებული ყველა წყენა ახსოვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი