გულახდილი საუბრები

რატომ აღარ უყვართ მამაკაცებს ქორწინებაში ქალი, რომელზეც მანამდე ჭკუას კარგავდნენ

№36

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.09, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

„უკვე აღარ მიყვარხარ“ – ფრაზა, რომლის მოსმენის ყველა ქალს, განსაკუთრებით, გათხოვილს, ეშინია. თითქოსდა ყველაფერი კარგად დაიწყო, ქალმა ცხოვრების მეგზურს ყველაფერი მიუძღვნა, თავის მთავარ ადამიანად აქცია, შვილები გაუჩინა, სახლში მყუდრო გარემო შექმნა და ასაკის მიუხედავად, კარგადაც გამოიყურება. თუმცა ქმარმა მაინც ოჯახის მიტოვება გადაწყვიტა. ნებისმიერი ქალისთვის ეს საშინელი, დამანგრეველი დარტყმაა. მაგრამ დაზღვევაც არ არსებობს. ურთიერთობის მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია - განშორება შეიძლება, ნებისმიერ წყვილს შეეხოს.

ქეთი (38 წლის): ამბობენ, როცა ოჯახს ქმნი, მაშინვე უნდა დაუშვა ისიც, რომ შეიძლება, შენი ოჯახი დაინგრეს. ანუ, წინასწარვე მზად უნდა იყო სევდიანი დასასრულისთვის. თუმცა, მე არავინ მეგულება ისეთი, ვინც ასეთი სიტუაციისთვის იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ნამდვილი მეხის დაცემაა, რომელსაც არავის ვუსურვებ.

– თქვენი გამოცდილებით, რა არის ამის მიზეზი?

– იცით, რაშია საქმე? ასე ცალსახად ვერ იტყვი. მიზეზი შეიძლება, იყოს როგორც ბანალური გაურკვევლობით დაწყებული და მერე გაღრმავებული კონფლიქტი, რასაც, ჩემი აზრით, უკმაყოფილების უთქმელობა იწვევს, ასევე ერთი პარტნიორის მხრიდან სიყვარულის ჩაქრობა.

– როგორ გგონიათ, რატომ ხდება ასე და შეიძლება თუ არა ამის თავიდან აცილება?

– რაც თავად მე აღმოვჩნდი ამ მძიმე პრობლემის წინაშე, ვცდილობ, ყველა მხრიდან მივიღო ინფორმაცია ამ კითხვას რომ ვუპასუხო. ერთ-ერთმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც განმარტა, რატომ გადაწყვიტა ოჯახიდან წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ცოლთან ერთად უკვე 10 წელი ცხოვრობდა და პატარა ბავშვს ზრდიდა. განქორწინებული მამაკაცი ამ სიტუაციაში ცოლს ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ოჯახური კერა მის გამო დაინგრა. ვიცი, რომ საკუთარ თავს არავინ გაამტყუნებს. ჩემი ქმარიც დარწმუნებულია, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი მე ვარ, მაგრამ ღალატი როგორ უნდა მეპატიებინა? რა ვქნა, ვერ შევძელი.

– როგორ მიხვდით, რომ მეუღლემ გადაგიყვარათ?

– საჭირო არაა იყო ფსიქოლოგი იმის მისახვედრად, რომ მამაკაცის გრძნობა ქალის მიმართ გაცივდა. მთავარია, პრობლემა იმწამსვე შეამჩნიო, რომ განქორწინებამდე ყველაფრის მოგვარება შეძლო. თუ მეუღლე სამსახურში ხშირად გვიანობამდე რჩება, საჩუქრებს არ გიკეთებთ და თქვენს დაცვას არ ცდილობს - ეს სახიფათო ნიშანია. ყველა ადამიანისთვის არსებობს მიზეზები, რის გამოც ერთ დროს ძვირფასი ადამიანი შეიძლება, გადაიყვაროთ. ჩემი აზრით ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რაც მე წავიკითხე ესენი იყო. იქნებ ვინმეს გამოადგეს კიდეც:

• ცოლი ხშირად ისე მომმართავდა, როგორც ქვეშევრდომს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ძაღლი ვიყავი, რომელსაც მისი ბრძანებები უნდა შეესრულებინა. მის ინტონაციაში არანაირი თხოვნა, არანაირი მადლიერება არ ჩანდა. ყველაფერი ხდება, ჩვენ ადამიანები ვართ და გრძნობები გვაქვს. მოთმინება კი ყოველთვის უსაზღვრო არ არის;

• ურთიერთობაში განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნისა და დადებითი ემოციების გაზიარების ნაცვლად, როგორც ამას ყველა ქალი უნდა აკეთებდეს, ის ოჯახურ ცხოვრებას წარმოსახვითი პრობლემებით ართულებდა. ჩასაფრებული იყო. შედეგად სახლში დასვენებას ვერ ვახერხებდი და ყველგან თავდასხმას ველოდი.

მოკლედ, ამ ორ ძირითად მიზეზს მე არ ვეთანხმები. მე, პირადად, მიზეზი სხვა რამე მგონია. სადღაც დავუშვი შეცდომა და ძალიან ვნანობ. მამაკაცი თავიდან არასოდეს მოიშოროთ. ინტიმური ცხოვრება ძლიერი და წარმატებული ცხოვრების აუცილებელი პირობაა. სექსი მხოლოდ მამაკაცის მანიპულაციის საშუალება კი არაა, ეს ორივეს ძალიან სჭირდება. თუ ყოველთვის სექსით დასჯით ან ამით რაიმეს მიღწევას ცდილობთ, მალე ქმარი თქვენ მიმართ გულგრილი გახდება. გახსოვდეთ, როცა ცოლი სექსზე უარს ამბობს, გვერდზე სხვისი პოვნა რთული არაა.

– ხშირად მესმის, რომ მამაკაცი ცოლის მიმართ ამით თუ იმით ვალდებულია.

– დიახ, ეს სიმართლეა და ალბათ, ამას ვერც ერთი მამაკაცი ვერ აიტანს. თუმცა ახლა ჩემი ქმრისთვის შეუძლებელს გავაკეთებდი, მას რომ ჩემი სჯეროდეს და ოდნავ მხარს მიჭერდეს.

– ზოგ მამაკაცს პირდაპირ აგიჟებს გაცვეთილი საცვლები და გაწელილი სპორტული შარვალი. მიაჩნიათ, რომ ქალი სახლში კარგად უნდა გამოიყურებოდეს და ძველი დალაქავებული ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვას.

– ესეც სიმართლეა. მაგრამ მე თუ არ დავდიოდი მოუწესრიგებელი, იმიტომ რა, ვერ მიმატოვა? ფსიქოლოგებს რომ დაუჯერო, არაერთი ოჯახის შენარჩუნება შეიძლება. მე მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ განქორწინებაში ორივე მხარეა დამნაშავე, კომპრომისის პოვნა კი ყოველთვის შეიძლება.

– როცა ოჯახი უკვე დანგრეულია, მაშინაც?

– არა. მაშინ, ალბათ, ვეღარ. ჩემი ქმრის უკან მობრუნების იმედი აღარ მაქვს. თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს – ამისიც მჯერა! ძალიან ბევრ რამეს კი შევცვლიდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი