გულახდილი საუბრები

რას ნიშნავს ოჯახური ფასეულობა და როგორ იცვლება ის დიასახლისიდან დიასახლისამდე

№12

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 31.03, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

რას ნიშნავს ოჯახური ფასეულობა? ეს ტერმინი პირველად 1966 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენეს საუკეთესო ოჯახისთვის დამახასიათებელი მორალური კრიტერიუმების აღსაწერად. თუმცა, ფასეულობები მყარი და უცვლელი არასოდეს ყოფილა, ისინი ქვეყნებში, ოჯახებში ტრადიციების, რელიგიების, თუნდაც, ადამიანთა ხასიათების გავლენით იცვლება. ბუნებრივია, როცა ოჯახურ ფასეულობაზე ვსაუბრობთ, ვერ ვიხელმძღვანელებთ დოგმებით, რადგან ყველაფერი თითოეულ ინდივიდამდე დადის. შესაბამისად, ოჯახური ღირებულება და ფასეულობაც ყველა ოჯახს საკუთარი აქვს. თუმცა, ცალკეულ საკითხზე მსჯელობა მაინც შესაძლებელია. მაგალითად, რას ეწირება მყარი ოჯახური ღირებულება? შეუთავსებლობას, გაუცხოებას, ღალატს თუ დასალაგებელ სახლს? ოჯახური ღირსების „შემლახავი“ უამრავი ფაქტორი არსებობს.

მანანა (47 წლის): ოჯახის დანგრევა არ არის ყველაზე საშიში, რაც შეიძლება ადამიანებს შორის მოხდეს, მიუხედავად ამისა, ამის ყველა ქალს ეშინია. როცა ოჯახს ქმნი, არ არსებობს გარანტია, რომ ის სამუდამო იქნება და მის სიმტკიცეს ვერაფერი შეარყევს. მე ვფიქრობ, ადამიანის მთავარი შეცდომა მაინც ისაა, რომ გარეშე პირს თავის საოჯახო საქმეებში ჩარევის უფლებას აძლევს. საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობა პირველივე წუთიდან ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ. მაგრამ ეს ბევრს არა აქვს გაცნობიერებული. აუცილებელია, წყვილმა თვითონ გადაწყვიტოს შემდგომი ნაბიჯები – გაუძლონ გამოცდას, ჩხუბსა და დროებით განშორებას თუ საერთოდ დაშორდნენ.

– ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს...

– რა თქმა უნდა. ვიღაცას შეუძლია პატიება, ვიღაც ყველაფრის თავიდან დაწყებას ცდილობს და ვიღაცას მეორე და მეათე შანსის მიცემაც უღირს. მათ იციან, იმისთვის, რომ ოჯახი შეინარჩუნონ აუცილებელია კომპრომისები, რომელიც მათ ერთმანეთს შეუნარჩუნებს და ოჯახს განამტკიცებს. მთავარია, რომ ერთად არიან და ერთად იღებენ ახალ პასუხისმგებლობებს. „ხალხი რას იტყვის“ გამო ტანჯვის შიში, არაფერია იმასთან შედარებით, როცა იცი, რომ არასდროს გიცდია ოჯახის შენარჩუნება და ნერვიულობ იმაზე, რომ საკუთარ თავს ეს შანსი არ მიეცი.

– ვთქვათ, ყველაფრის მიუხედავად დაინგრა ოჯახი... მერე რა მოხდა?

– გააჩნია, რა შემთხვევაში. ახლა, ამ ეტაპზე, ქმართან განშორება დიდ უბედურებად სულაც არ მიმაჩნია, მით უმეტეს, როცა შვილი გრჩება, რომელიც ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა. მარტოხელა დედობამ ათასგვარი სასარგებლო ცოდნა შემძინა, რომელსაც, ქმართან ერთად რომ მეცხოვრა, არასოდეს გამოვიყენებდი. თუმცა, ამ პროცესს ახლავს ისეთი უსიამოვნებები, რომლებიც უბრალოდ, განგრევს.

– ბავშვის ფაქტორი?

– რატომღაც ითვლება, რომ ოჯახის დანგრევა ბავშვზე ცუდად მოქმედებს და რომ მარტოხელა დედის ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და ამასთან, ძალიან დაძაბულია, მას სძულს ყველა და ყველაფერი. არადა, ვინ დაადგინა, რომ ქალი მხოლოდ ქმრისა და შვილების გარემოცვაში შეიძლება იყოს ბედნიერი? საუკეთესო შემთხვევაში კი მარტოხელა დედები და ბავშვები ეცოდებათ. როგორ გინდა, ამისთანას აუხსნა, რომ არაჯანსაღ გარემოში ბავშვის გაზრდას ოჯახის დანგრევა სჯობს.

მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ოჯახის დანგრევა განაჩენი სულაც არ არის და ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი დაჩაგრული და უბედურია. როცა ამ ეტაპზე გადახვალ, ალბათ, უკვე კარგად უნდა დაფიქრდე. ეს ის მდგომარეობაა, რომელიც თავად აირჩიე და უკან ვეღარ დაიხევ. არავინ არის მზად მარტოხელა დედობისთვის. მაგრამ მჯერა, რომ ამის ძალა ყველა ქალს აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი