გულახდილი საუბრები

რას იგებენ ქალები ქორწინებაზე ძალიან გვიან

№34

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 02.09, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

რჩევები, რომლებსაც ბედნიერი ოჯახური ცხოვრების აწყობისთვის გვაძლევენ, ყოველთვის მარტივად გასაგები არ არის. ბევრ წყვილს სასაცილოდაც არ ჰყოფნის ზოგადი მითითებები, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი ურთიერთობა განსხვავებული და განსაკუთრებულია. თუმცა არსებობს უნივერსალური თეზისები, რომლებიც ახალგაზრდებს შეუძლიათ, წესებად მიიღონ და ამით ძალიან ბევრ პრობლემას აიცილებენ თავიდან.

ურთიერთობა ყოველთვის ორმხრივი პროცესია და მასში ორივე პარტნიორმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

თამთა (30 წლის): სამი წელია, გათხოვილი ვარ. მართალია, ოჯახური ცხოვრების დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ სრულიად საკმარისია, მთავარი დასკვნები რომ გავაკეთო. ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში ქალიც და კაციც სრულიად „ბრმად“ ქმნის ოჯახს. მერე იწყებს რაღაცების გაგებას და მიხვედრას. ეს ისეთი ცუდი პრეცედენტია, დროა, ყველამ ილაპარაკოს საჯაროდ. ამით ბევრი ოჯახი გადაურჩება დანგრევას, ბავშვები კი ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული მშობლების ხელში არ დარჩებიან. რადგან მე ქალი ვარ, მხოლოდ ქალის მხრიდან ვსაუბრობ. თუმცა, მამაკაცების აზრიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, მათაც უჭირთ. თან ჩვენზე არანაკლებად.

– კონკრეტულად რისი ცოდნაა აუცილებელი, სანამ ოჯახს შექმნი?

– მე ჩემებური ანალიზი გავაკეთე და დასკვნები ისე გამოვიტანე. შეიძლება, ვიღაცამ გაიცინოს, თუმცა შეიძლება, ვინმეს გამოადგეს და თავისი ცხოვრება უფრო მარტივი გახადოს. დიახ, ყველა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, მაგრამ წინასწარ ცოდნაც დიდი ძალაა. როცა პრობლემას მომზადებული ხვდები, ის გაცილებით მარტივად დასაძლევია. დავიწყებ მთავარით: ჩვენ გვიყვარს ადამიანი, ვოცნებობთ მის გვერდით ყოფნაზე. ყველაფერს ვაკეთებთ, ერთ ჭერქვეშ რომ დავიდოთ მასთან ბინა, მაგრამ რეალურად არ ვიცნობთ. ჩემი რჩევა იქნება, ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს საუკეთესოს, რაც მეუღლეს აქვს. ქმარში ბევრი თვისებაა, რომლებიც მოგწონდათ და თავის დროზე სწორედ ამიტომ შეიყვარეთ. ისინი არსად წასულა. რატომ ვეღარ ვამჩნევთ? დიახ, ბევრი რამ ისეთიცაა, რაც არ მოგწონთ, მაგრამ თურმე, უნდა ეცადო, უფრო მეტი ყურადღება პოზიტიურ მხარეზე გაამახვილო.

– ზოგჯერ ჩვენი მძიმე ყოველდღიურობა ამის საშუალებას არ იძლევა.

– დიახ. რა თქმა უნდა, მეც, ამ რეალობის ნაწილი ვარ. მით უმეტეს, დამატებითი სტრესი არაფერში გვჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ როცა მეუღლის დადებით თვისებებზე გადაგაქვთ ყურადღება, ამით ზრუნავთ, რომ თქვენი სიყვარული არ ჩაქრეს. ხომ მარტივია? კიდევ იმ ადამიანების რჩევები გაითვალისწინეთ, ვინც ქორწინებაში ბედნიერი და წარმატებულია. ზოგჯერ ერთმა კარგმა რჩევამ შეიძლება, შეგაჩეროთ, რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

– ეს უკვე თქვენი რჩევებიცაა. თავად თუ აკეთებთ ამ ყველაფერს.

– დიახ. უკვე ვაკეთებ. მივხვდი, ამის გარეშე ჩემს ბედნიერებას საკუთარი ხელით მოვკლავდი. მაგალითად, ვჩხუბობდი, როცა ჩემი ქმარი ყურადღებას მომაკლებდა და თავისთვის იყო. ახლა ეს არ მაღიზიანებს და ქალებს ვეუბნები: გოგოებო, მიეცით ქმარს დაფიქრების საშუალება და საკუთარ თავთან განმარტოების უფლება იმდენი ხნით, რამდენიც მას სჭირდება. რაც ყველაზე დიდი შეცდომაა – არ სცადოთ მეუღლის ძლიერად შეცვლა. ნუ უყურებთ ქმარს, როგორც საგანს, რომელიც აუცილებლად შესაკეთებელია. ის არც შენი ჭირვეული ბავშვია, რომელიც კუთხეში უნდა დააყენო. არადა, ამას ყოველდღე ვაკეთებთ, გადატანითი მნიშვნელობით. მას სწყინს, ამ წყენებს აგროვებს და ერთ დღეს „წვრთნის“ პროგრამა აუცილებლად ცუდად დასრულდება. გინდათ, მარტივად მოიგოთ ქმრის გული? გაიცინეთ მის ხუმრობებზე, მაშინაც კი, თუ სასაცილო არაა. მერე რა მოხდა, უბრალოდ, ცოტა ითამაშეთ. ამით არაფერი დაგაკლდებათ. მოერიდეთ სხვა მამაკაცებთან მის შედარებას. ამაზე კაცები ძალიან მწარდებიან. თანაც, ხომ არ გინდათ, ქმარში არასრულფასოვნების კომპლექსი განავითაროთ.

სიყვარულის შესახებ ყველას თავისი წარმოდგენა აქვს და ასევე მისი გამოხატვის ხერხზეც. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ასე ხელიდან გაუშვებთ ყველაზე მშვენიერს, რაც თქვენს ურთიერთობაშია. მიეცით უფლება, დაგინახოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. აჩვენეთ, რომ ენდობით და თქვენი ნდობაც შეიძლება.

– ანუ მხოლოდ მეუღლის შინაგან კომფორტზე უნდა იფიქრო, მას რა მოუნდება და მოეწონება?

– ამის შესახებ არც უნდა გაიფიქროთ. არაფერი არ უნდა გააკეთოთ ნაძალადევად. პირიქით, ეცადეთ, ერთად მიაღწიოთ საერთო მიზნებს, საერთო ოცნებები განახორციელოთ. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, როცა ოცნებების გაერთიანება შეგიძლიათ? ასე ერთად უფრო მხიარულად და ბედნიერად იგრძნობთ თავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი