გულახდილი საუბრები

რა ტკივილს ატარებს ქალი, რომელიც ერთ ოჯახს ანგრევს და მეორედ ეძებს სიყვარულს

№9

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.03, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ქალების ცხოვრება საქართველოში ჯერ კიდევ მძიმეა. მათ ისევ უწევთ სტერეოტიპების მსხვრევა, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, იმის მტკიცება, რომ ბედნიერების უფლება ყველა ადამიანს აქვს, განურჩევლად სქესისა. დიახ, დღეს ქალებს მეტი უფლება და მეტი თანადგომა სჭირდებათ, რათა დაამტკიცონ ისედაც უკვე დამტკიცებული ჭეშმარიტება, რომ ქალი და კაცი თანასწორია.

მარიამი (37 წლის): 21 წლის ასაკში გავთხოვდი. რა თქმა უნდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი მძიმე ტვირთის ტარება მარტოს რომ მომიწევდა. პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა მყავს. პირველ ქმართან სრული იმედგაცრუების შემდეგ, კარგა ხანს ვერ მოვედი გონს. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იყო, მამაკაცის მიმართ ისევ ნდობა გამჩენოდა და ახალი ოჯახი შემექმნა. ახლა ძალიან ვნანობ, მეორედ დაქორწინება რომ გადავწყვიტე. ქორწინებაში ბედი არ მქონია, არც ამჯერად გამიმართლა.

– პირველ მეუღლესთან რა პრობლემა იყო?

– ოჯახი სიყვარულით შევქმენი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემი ქმარი ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანი თუ იქნებოდა. პირველი გოგონა რომ შეგვეძინა, მის აღზრდაში ძალიან იყო ჩართული. ერთ წელში ისევ დავრჩი ფეხმძიმედ და მეორე შვილი გაგვიჩნდა. კარგად გვქონდა ყველაფერი. ბედნიერებიც ვიყავით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. ჩემი ქმარი მუშაობდა. მეხმარებოდა კიდეც. უხმოდ, თვალებით ვუგებდით ერთმანეთს. მერე მეც დავიწყე მუშაობა და ორივეს დატვირთული დღის რეჟიმი გვქონდა. ჩემი ყოფილი ქმრის მშობლები ძალიან კარგი ადამიანები არიან. დღემდე ვგრძნობ მათგან მხარდაჭერას. იმ პერიოდში ჩემი ქმარიც სულ სხვანაირი იყო. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, დაშორდებითო, გამეცინებოდა. მაგრამ, თურმე, ადამიანმა არ იცის, ვისი ცხოვრება როგორ წავა.

– რა მოხდა თქვენ შორის?

– ჩემი ქმარი მოულოდნელად შეიცალა, ადრე ოჯახზე მზრუნველი მამა უდარდელი კაცივით იქცეოდა. სახლში ფული აღარ მოჰქონდა, ამბობდა, სამსახურში სიტუაცია გაფუჭდაო და ამას გაგებით შევხვდი. არც ამის გამო დამიწყია ჩხუბი. მერე აგრესიული გახდა, უმნიშვნელო რამეზეც შეეძლო, ჩხუბი აეტეხა. ვეღარ ვცნობდი და ვერც ამის მიზეზს ვპოულობდი. ჯერ ვიფიქრე, რომ სხვა ქალი ჰყავდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ საქმე უფრო რთულად იყო. კაზინოში დიდი ფული ჰქონდა წაგებული. ამის გამო სახლიდან ნივთებიც კი გაჰქონდა. ჯერ კომპიუტერი წაიღო, მერე ტელევიზორი და ნოუთბუქი. შემდეგ მევალეებმა სახლში დაიწყეს მოკითხვა და ჩვენი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. აღმოჩნდა, რომ წაგებული ფულის გამო, პროცენტიანი ვალებიც ჰქონდა აღებული. საშინლად მექცეოდა, რამდენჯერმე მცემა კიდეც. სამსახურშიც ვეღარ ჩნდებოდა, რადგან ყველას ვალი ჰქონდა და ასე დაკარგა სტაბილური და საკმაოდ შემოსავლიანი სამსახური. რა მექნა, ვუთხარი, ბინა გავყიდოთ და ვალები გავისტუმროთ-მეთქი, კაზინოში წაგებული ფულის გამო, 3-ოთახიანი ბინა გავყიდეთ. ამ ფულით ვალები თითქმის გაისტუმრა და ჩვენ ჩემს ოროთახიან ბინაში გადავედით, რომელიც დედაჩემმა მიყიდა. ის საბერძნეთშია წასული სამუშაოდ. იმედი მქონდა, გამოსწორდებოდა, მაგრამ ჭკუა ვერ ისწავლა, მაინც გააგრძელა თამაში. ამას ახალი პრობლემაც დაემატა – ნარკოტიკის მოხმარებაც დაიწყო. არც შვილებზე ფიქრობდა, არც სამსახური უნდოდა, ვერაფერს გავხდით. მამამისმა ისე განიცადა ეს ამბები, რომ ინფარქტი დაემართა. ყველაფრის მიუხედავად, არ მინდოდა, ოჯახი დამენგრია. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და კიდევ ვცდილობდი ასეთი ოჯახის შენარჩუნებას. საბოლოოდ, სახლიდან საერთოდ წავიდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. წლებია უკვე წასულია. ვიღაც მარტოხელა ქალს შეეკედლა და მასთან ცხოვრობს. შვილების ბედით არ ინტერესდება. არადა, როცა ბავშვები პატარები იყვნენ, ძალიან მოსიყვარულე მამა იყო. ერთხელაც არ უცდია შვილების ნახვა. მე კი ორი ბავშვით მარტო აღმოვჩნდი. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე, სამუშაოდან დაღლილი ვბრუნდებოდი, მაგრამ სახლში მაინც ვიღებდი ნამცხვრებისა და ტორტების შეკვეთებს. მოგვიანებით კი ახალი შეცდომა დავუშვი და ამას საკუთარ თავს ვერ ვპატიობ.

– მეორე ქორწინებას გულისხმობთ?

– ყველა მეუბნებოდა, რომ ახალი ოჯახი უნდა შემექმნა. ამის გაგონებაც არ მინდოდა. ჩემი ბინის გვერდზე, ნაქირავებ ბინაში ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. ეკონომიკურად არ უჭირდა, იცოდა ჩემი ამბები და ცდილობდა, დამხმარებოდა. მართლა გვერდით მედგა. ჩემს შვილებთან საჩუქრებით დატვირთული მოდიოდა და დეპრესიაში მყოფს მამხნევებდა. მეუბნებოდა, ცოლად გამომყევი და შენი შვილები საკუთარი შვილებივით მეყვარებაო. ყველას სთხოვდა დახმარებას, რომ მე დავერწმუნებინე, ეს ნაბიჯი გადამედგა. ბოლოს, დავთანხმდი და ახალი ცხოვრება დავიწყეთ. მალევე ფეხმძიმედ დავრჩი, არ ესიამოვნა, მაგრამ არ უთქვამს, ბავშვს ნუ გააჩენო, მაგრამ... 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ გამომიცხადა: შვილი არ მინდა და ეს ბავშვი არ უნდა გააჩინოო. კაცი ჩემს შვილებს უვლიდა და საკუთარ შვილზე უარს ამბობდა, ამის გამო სერიოზულად ვიჩხუბეთ. სახლიდან თავისი ნივთები გავუყარე და ბინიდან გავაგდე. მივხვდი, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა... ახლა უკვე სამი გოგონა მყავს. უფროსები უკვე დიდები არიან და ისინი მეხმარებიან. ძალიან ვნანობ, რომ ასეთი გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. არ უნდა შევმცდარიყავი, უნდა ამომეცნო, როგორი ადამიანი იყო. თუმცა, ახლაც არ ვიცი, რა მიზანი ამოძრავებდა.

– იქნებ ბინა?

– არ უჭირდა საიმისოდ, რომ ბინა თავისითაც ვერ ეყიდა. არც უცდია თავის მართლება, უბრალოდ, შვილი არ უნდოდა... მე მისთვის არ მითხოვია ცოლობა, თვითონ არ მაძლევდა მოსვენებას და ბოლოს მეც დავთანხმდი. ჩემი გოგონა უკვე 3 წლის არის და მამას ერთხელაც არ უნახავს.

– იქნებ, მისი ოჯახი ვერ შეეგუა ორშვილიანი ქალი რომ მოიყვანა ცოლად და მათ ზეწოლას ვერ გაუძლო.

– არ ვიცი. ხომ შეეძლო ეთქვა?! ფაქტია, ეს ნაბიჯი არ უნდა გადამედგა, მაგრამ ახლა მოდუნების დრო არ მაქვს. ვმუშაობ და ზედმეტადაც ვიტვირთავ თავს, ძალიან ვცდილობ, რომ ჩემს შვილებს კარგი დედობა გავუწიო. ბავშვებს ბევრი რამე სჭირდებათ და ყველაფერს გავაკეთებ მათი კარგი მომავლისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი