გულახდილი საუბრები

რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის და ვინ ართმევს მას ამ უფლებას

№26

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.07, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

გენდერული თანამშრომლობის, დამოუკიდებლობის, თვითკმაყოფილების ზეიმია – ქალს აქვს უფლება, იყოს საკუთარი თავით ბედნიერი, ისეთით, როგორიც არის. ამისთვის მას არ სჭირდება მეუღლის ძიება, ბავშვების გაჩენა და ხელახლა გათხოვება, თუ მას უკვე ჰყავს შვილი და ქმარს გაშორდა. არ უნდა იყოს განსხვავება მამაკაცისა და ქალის საქმეებს შორის. არსებობს ასეთი შაბლონიც, რომ მამაკაცმა უნდა იშოვოს ფული და თუ არ შოულობს, ის უკვე კაცი არ არის. ეს ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, თუ მამაკაცი, უბრალოდ, წევს დივანზე, არაა საჭირო მის გარშემო პეპელასავით ფრენა და მისი სურვილების შესრულება, მაგრამ არც ისაა გამართლებული, ყოველ წუთს უკიჟინო – წადი და ფული გამოიმუშავეო!

ხათუნა (38 წლის): ვალდებულებებს, რომლებიც ქალებს სტერეოტიპულად მოგვაწებეს, საკუთარი თავის გარდა არავინ მოგვაცილებს. ნახეთ, როგორი უსამართლოა საზოგადოება ჩვენ მიმართ – თუ ქალი ეწევა აქტიურ ცხოვრებას, სხვა ქალები ამბობენ: ის, ალბათ, არაა გათხოვილი. ჩვენს საზოგადოებაში ქალიშვილისთვის 25-დან 35 წლამდე პერიოდი ყველაზე აქტიური და ბრწყინვალე ასაკია. თუ ქალი ბავშვს იშვილებს, მას ყოველთვის ეკითხებიან, რატომ არ ჰყავს საკუთარი შვილები. დიდი ხნის განმავლობაში დედობის მსურველები დგანან ხელოვნური განაყოფიერების რიგში, იღებენ ჰორმონებს. თუ შენ არ შეგიძლია თავად გაჩენა, რატომ უნდა მიიჩნიო საკუთარი თავი არასრულფასოვნად? ვერც ერთი მამაკაცი ჩვენს უფლებებს ვერ დაიცავს. მე არ ვადანაშაულებ ჩემს ქმარს. ისიც ამ საზოგადოებამ გაზარდა. ისიც ჩვეულებრივი, სტანდარტული კაცია. ბევრს ვერაფერს მოვთხოვ. ვერც პრეტენზია მექნება მის მიმართ. ჩვენ თავად უნდა შევაცვლევინოთ ეს მიდგომა.

– ჰო, მაგრამ მამაკაცების წინააღმდეგ უნდა დავიწყოთ ომი? ჩვენი საკუთარი მეუღლეების წინააღმდეგ?

– დიახ. ასე ფიქრობს ყველა. უფრო მეტიც, ეს ასოცირდება, რომ თუ შენ იბრძოლებ საკუთარი უფლებებისთვის, მაშინ შენგან მამაკაცები გაიქცევიან. ჩვენს ქვეყანაში მამაკაცის კულტის მტკიცე ტრადიციებია. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სრულფასოვანი ოჯახი რომ იყოს, აუცილებელია ბავშვი, უმჯობესია ორი. ამასთან მიღებულია, რომ მამაკაცებს უნდა ჰყავდეთ ოფიციალური საყვარელი და მეორე ოჯახიც კი. ამას გვასწავლიან ჩვენი ბებიები, ამას გვასწავლის რეკლამა და ტელევიზორი. ოჯახი კარგია. მაგრამ თანამედროვე ქალისთვის არქაული ოჯახი, რომელსაც ჩვენ თავს გვახვევენ, ნამდვილად სასჯელია.

– სადაა გამოსავალი?

– მე მივხვდი, რომ ისევ ჩვენ, ქალებმა უნდა ვაჩვენოთ ბედნიერი ქალის სახე და ქალური ბედნიერება და დამოუკიდებლობა სალანძღავი სიტყვა აღარ იქნება. საკუთარი თავის გარდა ვერავინ გაგაბედნიერებთ, რადგან არავინ იცის, რა გინდა შენ. სხვების გავლენის ქვეშ არ უნდა მოვექცეთ და არ უნდა ვიფიქროთთ, რომ ცუდად ვიქცევით, ცუდი დედა ვარ, რადგან ვმუშაობ და ბავშვს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, ცუდი ქალი ვარ, რადგან ქმარი ვერ ვიშოვე... თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხარ, განვითარდი, იმუშავე შენს თავზე: ფიქრობ, რომ არ გყოფნის დრო? შეხედე შენს გრაფიკს და დაინახავ, რომ უამრავი დრო გაქვს, რომელიც უაზროდ იხარჯება. გიჭირთ ურთიერთობა საკუთარ შვილთან — მოიგონეთ საქმიანობა, რომლითაც ორივე ინტერესით დაკავდებით. გაგიფუჭდათ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები, იპოვეთ ახალი ნაცნობები, ჩაეწერეთ ჯგუფებში, წადით, მიიღეთ მეორე უმაღლესი განათლება. არ მოგწონთ სამსახური — გათავისუფლდით და შექმენით თქვენთვის სამსახური. ახლა მრავალი საშუალებაა. არსებობს ინტერნეტი. ბევრი დისტანციური პროექტები. საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა განიჭებდეთ სიამოვნებას და ეს არ არის ეგოიზმი. ეს არ არის სირცხვილი.

– რატომ მიიჩნევა ჩვენთან, რომ ოჯახის ქალი თავს არ უნდა უვლიდეს?

– არ უნდა შეზღუდო საკუთარი თავი, შეამცირო შენი სურვილები, არ უნდა შეგრცხვეს მათი, შენ არ ხარ ვალდებული, ყოველდღე რთული სადილები მოამზადო, ყველასთვის ცალ-ცალკე – ვის რა უყვარს. ჯობია, მაკიაჟი, მანიკიური გაიკეთო, გინდა ჯანსაღი კანი და თმა გქონდეს — ეს უბრალოდ ეტიკეტის ნორმაა. მთავარია, განიჭებს თუ არა ეს სიამოვნებას. მე უკვე მანიჭებს. ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ კოსმეტიკა დღესასწაულის შეგრძნებასთან ასოცირდება, ხოლო დღესასწაული – ბედნიერებაა. რატომ უნდა წავართვათ საკუთარ თავს ბედნიერება? უნდა გამოიყენო ყველა საშუალება, რომ გამოირჩეოდე. დაამკვიდრე შენს ცხოვრებაში ზეიმი, ყოველ დილით შეამზადე თავი, რომ დღეს განსაკუთრებული დღე იქნება. თუ ეს გშველის, ესე იგი, ასეც უნდა მოიქცე. მერე ქმარიც დაგაფასებს, შვილიც, მეგობარიც და უცხოც.

– ყოველთვის ასე ფიქრობდით?

– არა და დიდ შეცდომასაც ვუშვებდი. რატომღაც მეგონა, რომ ბედნიერების უფლება ვინმეს უნდა მოეცა ჩემთვის. რატომ ველოდებოდი, რომ ამ ბედნიერებას ქმარი ლანგრით მომართმევდა. რას ვერჩოდი, რატომ ვეჩხუბებოდი. ვერ ხვდებოდა და მართალიც იყო. გაოცებული მიყურებდა გაღიზიანებულს, ვერ გაერკვია, რა მჭირდა. რატომ მქონდა პრეტენზიები. ერთ დღეს გონება გამინათდა და ამ ყველაფერს გვერდიდან შევხედე. იცით, როგორ შემრცხვა. შემეცოდა ჩემი ქმარი, რომელსაც ძალიან უსამართლოდ ვექცეოდი. ნეტავ, რა მეგონა ეს ყბადაღებული ქალური ბედნიერება? შენ თუ ბედნიერი არ ხარ, ვერც ვერავინ გაგაბედნიერებს და რაც კიდევ უფრო უარესია – ვერც ვერავის გააბედნიერებ. ებრაელები ამბობენ: როცა სახლში დედა ბედნიერია, მაშინ ოჯახიც ბედნიერიაო. გინდა, შენი ოჯახის წევრები ბედნიერები იყვნენ? ჯერ შენ იგრძენი ბედნიერება. არ არის ეს რთული და არც შეუძლებელი. დამიჯერეთ, ნებისმიერ მამაკაცს დალაგებული სახლის ყურებას, ბედნიერი, ღიმილიანი ცოლის ყურება ურჩევნია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი