გულახდილი საუბრები

რა მოსდის ქალს, როცა ცდილობს, კარგი ცოლი იყოს

№12

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 02.04, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

სტერეოტიპების მიმართ მგრძნობელობა ძალიან ბევრ ადამიანს უსპობს ბედნიერად ცხოვრების საშუალებას. რატომ გვავიწყდება, რომ სწორედ, ჩვენზეა არჩევნის უფლება. საკუთარი თავის პატრონებიც ჩვენ ვართ და როგორ დავალაგებთ ურთიერთობას, ესეც მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. ვინ იცის ზუსტად, როგორია კარგი ცოლი ან კარგი ქმარი? ვინ წყვეტს ამას და რატომ უნდა მივიღოთ ის უპირობოდ? იქნებ დროა, დავფიქრდეთ და უბრალოდ, ბედნიერები ვიყოთ.

კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება. ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა. ცუდი ცოლი ქაოტურად ცხოვრობს. ის მსხვერპლს იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად და მარცხდება.

მარიკა (45 წლის): ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი წელი მიცხოვრია ტყუილში და ამ ტყუილმა როგორ დამიმახინჯა ცხოვრება. მზრდიდნენ სტერეოტიპულად, ისე, როგორც ჩემი ასაკის ბევრ გოგოს. სულ მესმოდა, რომ ქმარი ქალისთვის ყველაფერია, რომ ცოლი კაცს თვალებში უნდა შესციცინებდეს, ყოველთვის მზად იყოს, მისი სურვილების შესასრულებლად...

– დიახ, ასე ესმოდა კარგი ცოლობა ჩვენს წინა თაობას.

– ჰოდა, ძალიან ცუდია, დამღუპველია და ქალის დაჩაგვრისკენ მიმართული. ვინ დაადგინა, როგორია კარგი ცოლი და როგორია – ცუდი? ვინ დაჯდა და გადაწყვიტა როგორია, ზოგადად, იდეალური ცოლი? როგორც ჩანს, იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული...

– მსხვერპლს არც ოჯახი მოითხოვს და არც სიყვარული..

– საქმეც მაგაშია, მაგრამ საზოგადოება სხვანაირად სჯის. მოდი, გავიხსენოთ, როგორია კარგი ცოლი, მათი აზრით. თანამედროვე საზოგადოება კარგი ცოლის პორტრეტს სკოლის მოსწავლე ფრიადოსნის სახით გვთავაზობს. მოვლილი და სუფთა უნდა იყოს; სახლში კი ჯარის ნორმატივების დონეზე იცავდეს წესრიგს; ჰქონდეს „მასტერ შეფის“ კულინარიული შესაძლებლობები – პირველი კერძი, მეორე, კომპოტი – ყოველდღე სხვადასხვა ვარიაციებით. დესერტიც, რა თქმა უნდა. ბავშვები აუცილებლად მოვლილი, იდეალური დედის სადღეღამისო ყურადღებით განებივრებული. რაც შეეხება ქმარს, ეგ კიდევ ცალკე ვალდებულებაა. მთელი პროტოკოლია მისი მოვლის – სწორად ჩაცმული, კარგად ნაკვები, განებივრებული, მეგობრებთან სტატუსაწეული... ამ ყველაფერთან ერთად, დამატებით – მისი ცოლი აუცილებლად უნდა ასხივებდეს სიმშვიდეს, ბედნიერებას. რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ცოლი ვალდებულია, ბედნიერი და ყოველთვის კარგ განწყობაზე იყოს. რაც მთავარია, ამას გულწრფელად გრძნობდეს. ანუ, არ თამაშობდეს. ხომ წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე?

– ანუ, როგორ არის ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში?

– მე გეტყვით – იმისთვის, რომ იდეალურად იზრუნო ქმარზე, ბავშვებზე, სახლზე, იყო სექსუალურ განწყობაზე, დრო და სურვილია საჭირო, ხანდახან – კარგად გამოძინებაც. ამ ყველაფრის შესრულება ნორმალურ ქალს, უბრალოდ, არ შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცნობ ასეთი ზეშესაძლებლობების ქალს, საკუთარ თავზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგალითად, დაუთოებას, დაახლოებით, ერთი საათი მაინც ხომ სჭირდება, სახლის მინიმალურ დალაგებას – ორი, სამჯერადი კვებისთვის კერძების მომზადებას ბავშვებისა და ქმრისთვის – კიდევ რამდენიმე საათი და დღის ბოლოს ნაცემივით ხარ. ამას გარდა, ბავშვს საშინაო დავალება უნდა შეუმოწმო, მაღაზიაში წახვიდე, ჭამო, დაიბანო, გაიკეთო მანიკიური, შეიძლება დედამთილის მონახულებაც აუცილებელი იყოს, რადგან მას მაღალი წნევა აწუხებს, კიდევ – ქმართან ინტიმური ურთიერთობა უნდა გქონდეს, თანაც პროფესიონალი მეძავივით მაღალ დონეზე! რეალურად ვიღებთ ასეთ სურათს – მისია შეუსრულებელია. კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში საბოლოოდ ტყდები ნელ-ნელა და შეუმჩნევლად ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევი. თან აგრძელებ საკუთარი მხრებით შეუძლებლის ზიდვას და შინაგანად გძულს ყველა, ვისაც შენი გაღებული მსხვერპლი ეკუთვნის. მათ შორის გძულს საკუთარი თავიც, იმიტომ რომ დაიღალე, მაგრამ არ იცი, რა ქნა, სხვანაირად ცხოვრებაც არ შეგიძლია. ბოლოს ქმარი აღმოაჩენს, რომ სულაც არ ხარ კარგი ცოლი და უმაყოფილოა, საყვედურებს არ გაკლებს... ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ გაცილებით მომგებიანია ცუდი ცოლი იყო.

– როგორია ცუდი ცოლი?

– ცუდი ცოლი ქაოტურად ცხოვრობს. ის იცავს ჰიგიენის წესებს ყოფაში, მაგრამ თავს არ იკლავს იდეალური სისუფთავისთვის. ამზადებს ვახშამს, ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე. მაგრამ მის კარადაში შეიძლება აღმოაჩინოთ ნახევარი წლის წინ დაკარგული პომადა. მის საწოლთან, ტუმბოზე დევს ბავშვის წინდა, წყლის ჭიქა და ქალების ჟურნალი, რომელზეც მტვრის ფენაა. მის მაცივარში ხანდახან სიცარიელეა, ხან კი – პროდუქტები ფუჭდება. თუ ეზარება სადილის მომზადება, მთელი ოჯახისთვის პიცას უკვეთავს. თავს უფლებას აძლევს, შაბათ დღეს პიჟამით იაროს და დივანზე ინებივროს საყვარელი სერიალის ყურებისას. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად. რაც ეზარება, თავს ძალას არ ატანს და არ აკეთებს. ადაპტირებს ვითარების მიხედვით, უნდა პირადი კომფორტი და არა აპლოდისმენტები. სამაგიეროდ, კეთილია, მოვლილია და ფორმაშია, ბედნიერებისგან ბრწყინავს, რადგან თავს უფლებას აძლევს, ნამდვილი იყოს. ასეთი ცოლით ამაყობს ქმარი, ის უყვართ ბავშვებსაც. ასეთი ქალის გვერდით კაცი ფიქრობს – მისი ცოლი ხომ ასეთი სუსტია, უმწეო და მის გარეშე ძალიან გაუჭირდება. კარგი ცოლისგან განსხვავებით, ის არ ათრევს მხრებით ყველაფერს გმირული დევიზით: „ეს ჩემი ჯვარია და მე უნდა ვზიდო ის”. ქალებო, რა ჯვარი?! სად და ვისთვის უნდა ზიდოთ?! დამიჯერეთ, ფსევდოიდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი – ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული. ღირს კი თქვენი ცხოვრება ასეთ მსხვერპლად?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი