გულახდილი საუბრები

რა ანგრევს ზოგჯერ ოჯახს და რატომ ვერ აცნობიერებს მის მნიშვნელობას ზოგიერთი მამაკაცი

№16

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 30.04, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე, იმდენი სხვადასხვაგვარი განმარტება არსებობს იმის შესახებ, თუ რა არის ოჯახი, როგორ ესმით, რაში ხედავენ ოჯახურ ბედნიერებას და იდილიას... ბავშვების დაბადება, პირველი ნაბიჯი, პირველი სიტყვა, ოცნებები, ღელვა, შრომა, ერთმანეთზე ზრუნვა, თარიღები, საჩუქრები, საყიდლები, დანახარჯები, დაგეგმვა მეორე ნახევართან ერთად... ოჯახი მნიშვნელოვანია, ოჯახი რთულია, მაგრამ მარტო ვერ იქნები ბოლომდე ბედნიერი! თუმცა, უამრავი ადამიანი ბედნიერებას სულაც არ ხედავს ოჯახში, რადგან ურთიერთობა მარტივი არ არის.

თაკო (30 წლის): ხანდახან მგონია, ჩემნაირი პრობლემები არავის აქვს, მაგრამ როცა მსგავს ისტორიებს ვაწყდები, ვხვდები, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე. მე და ჩემი ქმარი თანაკლასელები ვიყავით, თუმცა, მაშინ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ძალიან დავახლოვდით, ერთი სამეგობრო წრე გვყავდა, სულ ერთად ვიყავით. ვსეირნობდით, ქალაქგარეთ დავდიოდით, მეც არ ვიცი, როგორ შემაყვარა თავი. ფაქტი ერთი იყო – ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და მის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყურადღებიანი, ზრდილობიანი, სულ იმაზე ფიქრობდა, რით ვესიამოვნებინე. მასაც ძალიან შევუყვარდი, უჩემოდ ვერ ძლებდა, ჩემს ფანჯრებთან ათენებდა და აღამებდა.. პირველად დედაჩემმა გაიგო, რომ ვთხოვდებოდი და გაგიჟდა, ქალმა ისე ინერვიულა, გული წაუვიდა და „სასწრაფოებით“ გახდა მოსასულიერებელი. მამაჩემმა მითხრა, სახლიდან გაგაგდებო... რა თქმა უნდა, მაინც გავყევი. დიდხანს არ გველაპარაკებოდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ყურადღებიანი ქმარი იყო, პატარა ბავშვივით მეფერებოდა და მიფრთხილდებოდა. როცა ჩვენი შვილი დაიბადა, საერთოდ ჭკუიდან გადავიდა. სამშობიაროში იყო დაყუდებული, იქიდან ფეხს არ იცვლიდა, იქნებ, რამე დაგჭირდესო, სამსახურსაც კი აცდენდა. მერე ბავშვის გაზრდაში და საოჯახო საქმეებშიც კი მეხმარებოდა. ჩემი მშობლებიც შეგვირიგდნენ, მიხვდნენ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და მათ ასეთ საქციელს აზრი არ ჰქონდა.

– რამ დაანგრია თქვენი იდილია?

– ბავშვი სამი წლის იყო, პირველად რომ ვიჩხუბეთ. ქმრის უყურადღებობამ გამომიყვანა მდგომარეობიდან. სახლში მოდიოდა, ჭამდა, ტელევიზორს უყურებდა და ეგრევე იძინებდა. შეიცვალა. ვერ ვიგებდი, რა სჭირდა, რომ ვეკითხებოდი, არაფერი, უბრალოდ, დავიღალე და რაღაც ცვლილება მინდაო. ერთხელ ისიც კი წამოსცდა, ჩვენი დაოჯახება შეცდომა იყოო... სწორედ, მაშინ ვიჩხუბეთ, გიჟივით გავარდა სახლიდან და იმ ღამეს არც მოსულა. მერე თანდათან მოუხშირა ღამე სახლში არმოსვლა. სამსახურში საქმეებია და მორიგეობა მიწევსო. თავიდან სიმართლე მეგონა. კომპიუტერულ ფირმაში მუშაობდა და ვფიქრობდი, რომ ნამდვილად საჭირო იყო ღამე დარჩენა. თან, ბევრჯერ დავრეკე სამსახურში შუაღამისას და იქ იყო. ეს მამშვიდებდა. თურმე, სულ ტყუილად. ყველაფერი, სწორედ, სამსახურში და ღამით ხდებოდა: ინტერნეტით ვიღაც ქალი გაიცნო, თავისზე რვა წლით უფროსი, შვილიანი და მასთან გააბა რომანი, ჯერ ინტერნეტით, შემდეგ კი ერთმანეთსაც ხვდებოდნენ. მე კი ამ დროს თავს ვიმშვიდებდი, სამსახურშია-მეთქი და მეცოდებოდა, ღამეებს რომ ათევდა. ის კი დილამდე სამსახურში იჯდა და სკაიპით იმ ქალს ელაპარაკებოოდა. სახლში აგრესიული გახდა, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. ერთხელ, მობილური დარჩა, ნეტა არც მენახა, საშინელებებს სწერდა ჩემზე ის ქალი, სთხოვდა, სახლიდან გავეგდე, რადგან ძალიან ეჭვიანობდა. ტანსაცმელი გარეთ გადაუყარეო, არიგებდა. ეს კიდევ პასუხობდა – ცოტა დამაცადე, მეც ყელში მყავს ამოსული, უკვე ვეღარ ვიტანო. რამდენჯერმე სკანდალი მომიწყო, დასარტყმელად გამოიწია ჩემზე და რომ არა ბავშვის განწირული ტირილი, არ ვიცი, ალბათ, დამარტყამდა კიდეც. საკუთარ ქმარს ვერ ვცნობდი და მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა ჩვენს ერთად ყოფნას. მითხრა: ან შენ წახვალ ამ სახლიდან, ან – მეო.

– მიზეზად რას ასახელებდა?

– არ დაუმალავს. ის მიყვარს სიცოცხლეზე მატად, ბედნიერი ვარ, მისნაირ ქალს რომ შევხვდიო. მე და ბავშვი მისი სახლიდან წამოვედით. იქ ის ქალი არ მიუყვნია და ვერც მიიყვანს, რადგან მისი მშობლები სასტიკი წინააღმდეგები არიან და ემუქრებიან. ისინი მის საყვარელს არასდროს მიიღებენ. შვილს მარტო ვზრდი, ჩემი ყოფილი წელიწადში ერთხელ თუ ნახავს ბავშვს, ისიც შემთხვევით თუ გადაგვაწყდა ქუჩაში, თავისით არც დარეკავს და არც მის ნახვას ცდილობს. მისმა მეგობრებმა მითხრეს, იმ ქალის შვილს დაჰფოფინებსო. ნამდვილად გული მტკივა – თავისი საკუთარი უარყო და სხვის შვილს ზრდის ან მაგას თუ გაზრდა ჰქვია. ბავშვი დღემდე განიცდის ამ ამბავს და მამამისს ყოველდღე ახსენებს. გული მაქვს მკვდარი.

– მარტო ხართ? არ ფიქრობთ ახალ ურთიერთობაზე?

– უკვე ოცდაათი წლის ვარ, თაყვანისმცემლებიც ბევრი მყავს, მაგრამ ურთიერთობას იოლად, ალბათ, ვერავისთან დავიწყებ, ძალიან უნდა მოინდომოს ვიღაცამ, თავი რომ შემაყვაროს. დაქორწინებაზე ფიქრიც არ მინდა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორედ ოჯახს აღარ შევქმნი. ბევრჯერ მიფიქრია და იმ დასკვნამდე მივსულვარ, შეიძლება, ჩემი ბრალიც იყო.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– ქმარი მეუბნებოდა, ცვლილება მინდაო, მე კი ამას ყურადღება არ მივაქციე. კიდევ ბევრი ნიუანსი იყო. ყველა მეუბნება, ყველაფერი კომპიუტერის ბრალია, ასე ბევრს ენგრევა ოჯახიო. დავიჯერო, კომპიუტერი რომ არ ყოფილიყო და ინტერნეტში არ გაეცნო ის ქალი, ოჯახი არ დამენგრეოდა? ალბათ, სხვას გამონახავდა, მას ცვლილება სჭირდებოდა და იპოვა კიდეც, მნიშვნელობა არ აქვს, ამას ინტერნეტის მეშვეობით გააკეთებდა თუ ისე. ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გამცემს, ერთი კი ვიცი, მეც დავუშვი შეცდომები და ახლა, სწორედ, მაგ შეცდომებზე ვსწავლობ.

– პარტნიორთან ურთიერთობა და ოჯახი უკვე სხვანაირად წარმოგიდგენიათ?

– შეიძლება, ასეც ითქვას. ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვარ გარკვეული, როგორი უნდა იყოს იდეალური ურთიერთობა. ფაქტია, მე რაც მეგონა, ის არ ყოფილა. რაღაც დავაკელი ჩემს ქმარს და იმ „რაღაცის “ ძებნა სხვაგან დაიწყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი