გულახდილი საუბრები

ნაცოლარი კაცის ცოლობის გამო ნათესავები არ მელაპარაკებიან

№28

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.07, 2021 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ყოველთვის გამორჩეული გოგო ვიყავი როგორც სანათესაოში, ისე სადაქალოში. მართალია, მე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ყველა აღნიშნავდა. დედა საოცარი სილამაზის ქალია და ალბათ, მისგან დამყვა, მამისგან კი გენეტიკურად უზადო აღნაგობა მივიღე. დეიდა იჩემებს, გონებამახვილობა და ნიჭიერება ჩემგან დაგყვაო. 

მოკლედ, ერთგვარი გენეტიკური „მიქსი“ მაქვს და ყველგან, სადაც მივდიოდი, ყურადღების ცენტრში ვხვდებოდი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, უმაღლესი – წითელ დიპლომზე, კარგი სამსახურიც მქონდა და ყველას ეგონა, ჩემი ნიჭისა და გარეგნობის გოგო აუცილებლად ასეთივე, წარმატებულ, წარმოსადეგი გვარიშვილობისა და სიმპათიურ მამაკაცს გავყვებოდი ცოლად. 25 წლის ასაკიდან დაიწყეს სანათესაომ: რატომ არ თხოვდები, რას უცდი, ბევრი შვილი უნდა გააჩინო, შენსავით ლამაზები, დავიჯეროთ, ბიჭები ვერ გამჩნევენ?.. მოკლედ, შემჭამეს. სხვათა შორის, ოჯახის წევრებსაც უნდოდათ დროულად გავთხოვილიყავი, თუმცა, ამ თემაზე არ საუბრობდნენ. უბრალოდ, თუ თემა მოიტანდა, გაკვრით იტყოდნენ. მოკლედ, სამსახურში გავიცანი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი, ჩემზე ასაკით უფროსი. ისეთი დახვეწილი მანერები და საუბრის ტონი ჰქონდა, ერთი ნახვით მოვიხიბლე., თუმცა, დავითზე, როგორც მამაკაცზე, არც კი გამიფიქრია. რამდენიმეჯერ მოგვიწია საქმიან ვახშამზე შეხვედრა და ინკოგნიტო ადამიანსგან ულამაზესი ყვავილების თაიგული რომ მივიღე, მივხვდი ვისგანაც იქნებოდა. წერილიც იდო წარწერით: „ულამაზეს გოგოს, უცნობ-ნაცნობი თაყვანისმცემლისგან, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა და მზადაა მისთვის სიცოცხლე დათმოს“. რომ წავიკითხე, მესიამოვნა და გამეღიმა. თანამშრომლებს დავუმალე ეს ამბავი, მაგრამ სახლში რომ ყვავილები მივიტანე, ოჯახის წევრებს ვუთხარი, რომ მივხვდი, ვისგანაც იყო, თუმცა, ასაკი დავმალე. გამომკითხეს: ვინ არის, რას წარმოადგენს, სად ცხოვრობს, სახლში ვინ ჰყავსო. მაგრამ ასეთი დეტალები მართლა არ ვიცოდი და მხოლოდ იმით შემოვიფარგლე, კარგი სამსახური აქვს, წარმატებულია და სიმპათიური-მეთქი. მოკლედ, ამის მერე დაიწყო ძვირფასი საჩუქრების გამოგზავნა, ჩემი განებივრება, თუმცა, შეხვედრაზე სიტყვას არ ძრავდა. როგორც მერე გავიგე, ცოლთან ოფიციალურად არ იყო გაშორებული და საბუთებს აგროვებდა და ამ საქმეს აგვარებდა. დაახლოებით, ორ თვეში დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მომიყვა, რომ ცოლს გაშორდა, მე ვუყვარდი და ჩემგანაც თუ თანხმობა იქნებოდა, მზად იყო, ცოლად მოვეყვანე. მიუხედავად იმისა, ვხვდებოდი, რასაც მეტყოდა, მაინც დავიბენი, გავწითლდი, ენა ჩამივარდა. მითხრა: არ გთხოვ, ახლავე თანხმობა მითხრა, კარგად დაფიქრდი და პასუხი მომავალ შეხვედრაზე მითხარიო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზუსტად ერთი თვის მერე ქორწილი დავნიშნეთ. ჩემი ოჯახის წევრებმა რომ გაიგეს, დათოს ოჯახი ჰქონდა, ჯერ გადაირივნენ, მერე შეეგუენ და გაჩუმდნენ. სანათესაომ კი სამუდამოდ მომიძულა. დღესაც იმას ამბობენ: თვალსაჩინო გოგო გვყავდი, სამაგალითო და ეს რა გააკეთეო. რა გავაკეთე? ასაკით დიდს და ნაცოლარ კაცს რომ გავყევი, ეს უნდა მომხდარიყო სიძულვილის მიზეზი? ქორწილშიც კი არ მოვიდნენ. ძალიან მწყდება გული მათი საქციელის გამო, მაგრამ მთავარია, ოჯახი დამიდგა გვერდით და ჩემს გადაწყვეტილებას საღად და ცივილურად მიუდგნენ. ბებიამ კი მითხრა ცალკე: არ გამკვირვებია, შვილო, სულ დიდი ბიჭები მოგწონდა, შენ ტოლებთან საერთო ენას ვერ პიულობდი, თითქოს გონებითაც მათზე მაღლა იდექიო. დათო ყველა ჩემიანს თან ჰყვება, მე ხომ ხელისგულზე მატარებს. ნათესავებს კი რა პრეტენზია აქვთ, ვერ ვხვდები. მამიდაშვილ-დედიდაშვილ-ბიძაშვილიანად ამითვალწუნეს, ამომიძულეს და ჩემს ლანძღვაში არიან. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს, მთავარია, მე ვარ კარგად და ჩემი ოჯახიც კმაყოფილია. გავა დრო და მიხვდებიან, ასეთი უაზრო საქციელით როგორ მტკენდნენ გულს.

ნინო, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი