გულახდილი საუბრები

მობეზრდები თუ არა ქმარს, თუ ისე აღარ უყვარხარ, როგორც ქორწინების დასაწყისში

№6

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 19.02, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ სამყაროს დასაბამიდან სიყვარულზე დიდი გრძნობა არ არსებობს. თუმცა ჭეშმარიტი სიყვარულის ახსნა ადამიანურ ენაზე ძალიან ძნელია, მას ყველა თავისებურად აღიქვამს. რთულია გადმოსცე  ემოცია, რომელსაც გრძნობ, როდესაც გიყვარს.  ეს მხოლოდ  იმ  ადამიანმა იცის, ვინც შეყვარებულია. მოსაზრება, რომ დროთა განმავლობაში  სიყვარული ნელდება, გადის, არ შეიძლება, სიმართლე  იყოს. პირიქით,  ჭეშმარიტი  სიყვარული უსაზღვრო ბედნიერებაა, რომელიც არასოდეს მთავრდება. იქ, სადაც სიყვარულია  გამორიცხულია ღალატი, ბოროტება ან გულის ტკენა. თუ ერთად არ გტკივათ, ესე იგი, სიყვარული არაა. როგორ შეიძლება, საყვარელ ადამიანს სტკიოდეს და ამ დროს შენ გულგრილი დარჩე? ასევეა სიხარულის გაზიარება. ყველა ემოცია, რაც ორ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთის იდენტურია.

მარიკა (41 წლის): რამდენჯერ მომისმენია – დაშორდი, სანამ უყვარხარ, თუ მობეზრდები, შენთან ცხოვრება ყელში ამოუვა და შეგიძულებს, მერე უფრო მეტად გეტკინება, რა გაქვს სიყვარულის სამათხოვრო? ბოლოს და ბოლოს, თუ შენთვის ასეთი ძვირფასია, მაშინ, მით უმეტეს, ნუ აფიქრებინებ, რომ თავმოყვარეობა და ღირსების გრძნობა არ გაქვს. რთული იქნება, მაგრამ მაინც უნდა შეძლო და როცა მისთვის შენთან ყოფნა სულისშემხუთველი, „მოვალეობის გრძნობით“ გამოწვეული არ იქნება, როცა დაინახავს, რომ საკუთარ თავს პატივს სცემ, შეიძლება, თავიდან შეუყვარდე და თვითონ მოვიდეს შენთანო. იცით, ეს ყველაფერი როგორი ცარიელი სიტყვებია? უსმენ ურეაქციოდ და თავს მექანიკურად უქნევ, სანამ პრობლემა თავად არ შეგეხება.
– ფიქრობთ, რომ ქმარს აღარ უყვარხართ?
– რაღაც ეჭვები გამიჩნდა. ძალიან გამოიცვალა. ლაპარაკისას სიძუნწეს იჩენს. თუ შვილები შინ არ არიან, ამ შემთხვევაში, ხომ, საერთოდ, ხმას არ იღებს. როცა ეს პირველად გავიაზრე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მეშინია, რომ ჩემთან დაშორების სხვა გზა ვერ გამონახა და ასე იქცევა. მეგობრებმა მითხრეს, თქვენს 22-წლიან ურთიერთობას დანგრევა არ ემუქრება. კავშირმა თუ ამდენ ხანს გაძლო, ახლა რაღა განერვიულებსო. მაგრამ უსიყვარულოდ როგორ უნდა ვიყოთ. თან, ეჭვიანობა მტანჯავს. თუ მე არ ვუყვარვარ, გამოჩნდება სხვა, ვისაც შეიყვარებს.
– ის ამის საფუძველს გაძლევთ?
– იმაზე მეტი საფუძველი რა უნდა იყოს, რომ ჩემთან ლაპარაკი არ უნდა? ეტყობა, აღარ ვუყვარვარ. ყველა დასმულ კითხვას გაურბის. თან, იცის, რომ ოჯახის ერთგული ვარ და ამისთვის მადლობა ერთხელაც არ უთქვამს. არა, ის კი არ მინდა, ყოველდღე მადლობები მიხადოს, სწორად გამიგეთ, ვნერვიულობ და დავიბენი. ხანდახან ძალიან თბილია, ხანდახან – ძალიან გულცივი, ხან კი – აგრესიულიც. ზოგჯერ ემოციებს ვერ აკონტროლებს ხოლმე. ამ ბოლო დროს ხშირად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და მისი მეგობრები ამით სარგებლობენ ხოლმე. როცა საქმე ჩვენს ურთიერთობას ეხება, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ვუყვარვარ, შეუძლია, დაუმსახურებლად დამამციროს.
– მერე ნანობს?
– კი. ბოდიშს იხდის. ამ ბოლო დროს მეც ძალიან ეჭვიანი გავხდი, მას ჩემთან საუბარიც კი არ უნდა. ხშირად მარტო ვარ, და როცა სახლში მოდის და რამეს ვეკითხები, სულ თავს მარიდებს.
– ხომ არ შეამჩნიეთ, რომ სხვა ქალთან პქონდა ურთიერთობა?
– არა, მაგრამ გამუდმებული შიში მაქვს, რომ არ ვუყვარვარ და ჩემთან მხოლოდ ხალხის დასანახად და შვილებისთვისაა. მე გულახდილი ურთიერთობა მიყვარს და მასთან დასამალი არც არაფერი მაქვს, მასაც თუ რამე პრობლემა აქვს, ხომ უნდა მითხრას და ერთად გადავწყვიტოთ? დიახ, ვიცი, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობა ყოველთვის თაფლობის თვის მსგავსი ვერ იქნება. მართალია, ჩხუბი და მუდმივად დაძაბული ურთიერთობა დაუშვებელია, მაგრამ ერთად ცხოვრების პერიოდში კამათის ეპიზოდები იქნება. მე ამას პრობლემად ვერ მივიჩნევ. მძიმე ისაა, რომ არ მეკონტაქტება და საუბარიც არ უნდა.
– მეუღლე ყოველწუთს ვერ აგიხსნით სიყვარულს. ეს, მით უფრო კაცებს უჭირთ, ხოლმე. ალბათ, სრულიად უმიზეზოდ გატკინათ გული?
– კამათის მიხედვით ნუ იმსჯელებთ სიყვარულზე, მაგრამ მოყვარულ ცოლ-ქმარს შორის ყოველთვის შეინიშნება მეორე მხარისთვის კომპრომისზე წასვლის სურვილი, დათმობისათვის მზადყოფნა. ძალიან ვიკავებ თავს, როდესაც გაცხარებული კამათის დროს ენაზე რაიმე მწარე სათქმელი მომადგება, ეგრევე ვფიქრობ – „ვაითუ ამ ფრაზამ სულ ჩაკლას ჩვენი სიყვარული?“ განუწყვეტელ „ორთაბრძოლას“ მართლაც შეუძლია სიყვარულის განელება, ასე რომ, მე ვცდილობ, გადავარჩინო ოჯახი. მაგრამ, თუ მართლა აღარ ვუყვარვარ, რა აზრი აქვს, ასეთ ერთად ყოფნას? თუ ქმარს ცოლი არ უყვარს და პატივსაც არ სცემს, ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად გადაიქცევა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი