გულახდილი საუბრები

მაზლიშვილს თან გადავყევი, შვილივით გავზარდე და ქმრის სიკვდილის მერე, სახლიდან გამომაგდო

№19

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.05, 2023 წელი

გულახდილი საუბრები
ოჯახის შესახებ
დაკოპირებულია

არასოდეს მომწონდა, ოჯახის ამბები რომ სააშკარაოზე გამოჰქონდათ და მერე, მთელი დუნია განიხილავდა. ვერც კი წარმომედგინა, ასეთ რამეს თუ მეც ვიზამდი, მაგრამ ისეთი გამწარებული ვარ, მინდა, ყველამ გაიგოს, თუ როგორ გადავყევი ადამიანს, შვილივით ვზარდე და ბოლოს, ქუჩაში გამაგდო, შიმშილისთვის გამიმეტა და არც კი გახსენებია ის ნათენები ღამეები, გვერდით რომ ვეჯექი სიცხიანს.

მოკლედ, გვიან გავთხოვდი, უკვე იმ ასაკში, შვილი რომ არ მეყოლებიდა. ჩემი მეუღლე ჩემზე უფროსი იყო. გააზრებულად შევქმენით ოჯახი, ზუსტად ვიცოდით, რა და როგორ ყოფილიყო. თავიდანვე, როგორც კი მის ოჯახში ფეხი შევდგი, ვუთხარი: შვილი აღარ გვეყოლება, აგერ შენი მაზლიშვილები არიან, მათზე ვიზრუნოთ, ძმისშვილი იგივე შვილია, სიბერეში მოგვივლიან, მანამდე კი როდემდეც შევძლებთ, მათ ვემსახუროთ-მეთქი. ჩემი მაზლი, ცოლ-შვილთან ერთად, იმავე კორპუსში, გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა. მან კი მიმიღო საყვარელ რძლად, მაგრამ მისი ცოლი დაიბოღმა. ალბათ, იფიქრა, ჩემს შვილებს ბინას წაართმევსო და პირველივე დღიდან ამომიძულა. ამას მე ვხვდებოდი, თორემ პირში მიცინოდა. ვიფიქრე, მე ჩემი ქცევითა და ტკბილი სიტყვით შევაყვარებ ბავშვებს თავს და მიხვდებიან, რომ დედამისი ცდება-მეთქი. ასეც ვიქცეოდი. რასაც ვშოულობდი, მათ ვახარჯავდი. და და დისშვილი კი მყავს, მაგრამ უცხოეთში ცხოვრობენ და ჩემი დახმარება მათ არ სჭირდებათ. თავის დროზე ჩემს დისშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მამა ადრე გარდაეცვალა და ერთად ვცხოვრობდით. მკურნალობას საკმაოდ სოლიდური თანხა დასჭირდა და ამიტომ მშობლების დანატოვარი ოთხოთახიანი ბინა, ცენტრში, ისე გავყიდე, არ მინანია. ისინი უცხოეთში გავუშვი სამკურნალოდ, მე კი ერთოთხიანი ბინა ვიქირავე და წლების განმავლობაში იქ ვცხოვრობდი. მთავარია, ბავშვი ახლა კარგადაა, უნივერსიტეტიც იქ დაამთავრა, გათხოვდა, დედაც თვისთან ჰყავს და მათი დარდი არ მაქვს, კარგად ცხოვრობენ. მე კი, რეზო რომ გავიცანი, გავიგე მისი ამბები – რომ მარტოა, მისგან დიდი ყურადღება და სითბო ვიგრძენი, ხასიათიც შევიცანი, ვიფიქრე: ცოლად გავყვები, ერთად ვიქნებით, გვერდით წყლის მომწოდებელი და ხმის გამცემი მაინც მეყოლება, თან, ბინის ქირასაც აღარ გადავიხდი-მეთქი. სხვათა შორის, რეზოს მართლაც არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა – თბილი, მოსიყვარულე... ქალის პატივისცემაც იცოდა და დაფასებაც. რაც მისი ცოლი გავხდი, ბაზარში არ წავსულვარ და მაღაზიიდან პურიც კი არ ამომიტანია, ოჯახური თანაცხოვრების რუტინა მთლიანად თავის თავზე აიღო. როგორც გითხარით, რასაც ვშოულობდი და რასაც რეზო მაძლევდა, მაზლიშვილებს ვახარჯავდი. ხან რას ვყიდულობდი და ხან რას, ხან ფულს ვჩუქნიდი და თავად ხარჯავდნენ რაშიც უნდოდათ. ერთხელ რეზომ კი მითხრა: ძალიან ანებივრებ შენ ამათ და ასე არ ვარგაო. ვფიქრობდი, სიბერეში ამათი იმედი მაქვს და ახლავე თუ არ შევაყვარე თავი, მერე ზედაც აღარ შემოხედავენ-მეთქი და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი მათზე ზრუნვას. გოგო რომ გათხოვდა, სიძის საქორწინო ბეჭდიან, სამოსიან, მზითვიანად მე და რეზომ გავისტუმრეთ. ბიჭის სასწავლებლის მთლიანი გადასახადიც ჩვენ დავფარეთ. ერთი სიტყვით, რაც შეგვეძლო, ვუკეთებდით. ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ და საჭმელ-სასმელს არ ვაკლებდი და ტკბილ სიტყვას. სამწუხაროდ, რეზო ცუდად გახდა და რამდენიმე თვეში ხელიდან გამომეცალა. ვერ გეტყვით, რა გადავიტანე, დღე და ღამე ვტიროდი, მოვთქვამდი... ძნელი ყოფილა მეორე ნახევრის დაკარგვა, მით უმეტეს, ასეთი მზრუნველის. ორმოცი დღეც არ იყო გასული, მაზლიშვილი მომადგა და მითხრა: ბიძაჩემს ჩვენ მეტი არავინ ჰყავდა, ჩვენთვის უნდოდა ყველაფერი, ბიზნესი უნდა წამოვიწყო და ბინა უნდა გავყიდოო. ასე მეგონა, მომესმა. იმწუთას ვერაფერი ვუთხარი. მეორე დღეს, დილითვე გადავედი რეზოს ძმასთან და მისგანაც იგივე პასუხი მივიღე: ჩემს ძმას და მე გასაყოფი არაფერი გვქონდა, სანამ ცოცხალი იყო, ისე იცხოვრა, როგორც უნდოდა, არაფერზე შემიწუხებია და არც არაფერი მომითხოვია, ახლა ბიზნესის დაწყება გვინდა და ბინა უნდა გავყიდოთო. ვერ ვკითხე, ბინას რომ გაყიდით, მე სად წავიდე-მეთქი. მომერიდა. ვინ ვიყავი მე მათთვის ან ჩემი სიკეთე ვიღას ახსოვდა. აზრი არ ჰქონდა რაიმეს ახსნას და დალაპარაკებას. ორმოცი რომ გადავიხადეთ, დავიხურე ქუდი და ისევ ნაქირავებ ბინაში გადავედი. ჩემი პენსია და ძიძობით გამომუშავებული ფული, ასე თუ ისე მყოფნის ჩემი დისშვილიც ცოტ-ცოტას მეხმარება. გული, იცით, რაზე მწყდება? რეზოს საფლავზე ხშირად ავდივარ. უკვე ორი წელი გავიდა და მისი საფლავი ისევ გასაკეთებელია. ალბათ, მისი საყვარელი ძმისშვილები, ძმა და რძალი, არც გაუკეთებენ. მე კი იმდენი საშუალება არ მაქვს, ბოლომდე ვცე პატივი და მისი სასაფლაო მოვაპირკეთო.

ნელი, 67 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი