გულახდილი საუბრები

ქმარს სამჯერ გავშორდი და ბოლოს მაინც შევურიგდი

№15

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.04, 2021 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ყველა დამეთანხმება, რომ საყვარელ ადამიანთან განშორება ძალიან ძნელია. მაგრამ, ხშირად ხდება ისე, რომ მის გვერდით ყოფნა უფრო აუტანელია და განშორება სჯობს.

პირადად მე სამჯერ მომიხდა ამ ტკივილის გადატანა და ბოლოს მივხვდი, ბედს უნდა შევეგუო და მისი პრინციპებით ვიცხოვრო.

დამიჯერეთ, მიჭირდა, ცხოვრების რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილების მიღება და ეს სამივე შემთხვევაში სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა, თავს ვერ ვძლიე, მარტოობა და უქმრო ქალის სტატუსი უფრო დამტანჯველი აღმოჩნდა, ვიდრე ქმრისგან მოყენებული თითქმის ყოველდღიური დამცირება და შეურაცხყოფა.

არ ვიცი, ასე რატომ შეიცვალა, მაგრამ დაქორწინებიდან სულ მალე, გამოავლინა თავისი ნამდვილი ხასიათი, რასაც შეყვარებულობის პერიოდში საგულდაგულოდ მალავდა. გამიგია, თუ ადამიანისგან წამოხვალ, მას მეორე შანსი აღარ უნდა მისცე, ამას არ იმსახურებსო, მაგრამ რატომღაც, მიამიტურად მჯეროდა, რომ განშორების მერე თუ კვლავ დავუბრუნდებოდი, ურთიერთობა მოგვარდებოდა.

მშობლები და ახლობლებიც მეუბნებოდნენ: ყველაფერი უკეთ იქნება, ცოლ-ქმარმა ცოტა ხნით ერთმანეთისგან უნდა დაისვენოსო. თუმცა, იმის ნახევრის ნახევარი რომ მომეყოლა; რა დღეშიც ის მაგდებდა, ამას არ მეტყოდნენ. მრცხვენია იმის თქმა, როგორც იქცეოდა. სულ უკმაყოფილოა, მამცირებს, ცდილობს, გული მატკინოს და თან, არაფრის გამო. ვერაფრით ვხსნი, მის ასეთ უხეშობას ჩემ მიმართ. თითქოს კარგი ცოლი ვარ, მზრუნველი და მოსიყვარულე, მაგრამ მისი ქცევებიდან გამომდინარე, მეც შევიცვალე. კაცი რომ შეურაცხოფას მოგაყენებს, ხომ არ ჩაეხუტები? არადა, კონფლიქტურიც არ ვარ და ვცდილობ, სიტყვა არ შევუბრუნო. ამაზე უფრო ბრაზდება, მეუბნება: ასეთი ინფანტილური რამ გაგზარდა, ყველაფერზე თვალს როგორ ხუჭავ, მაღიზიანებს შენი სიმშვიდეო.

სამივე გაშორების დროს, თავად აღმოჩნდა შერიგების ინიციატორი. ბავშვებთან რომ მოდიოდა, მეუბნებოდა: მენატრებიან, ამათ გარეშე ვერ ვძლებ, წამოდი სახლშიო. ის კი არასოდეს უთქვამს, შენ მომენატრე და მჭირდებიო. უბრალოდ, ოჯახური ურთიერთობა გვაქვს, არანაირი რომანტიკა, სიყვარული და სითბო.

თუმცა, მართლაც, კარგი მამაა. ცდილობს, შვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ალბათ, ამის გამო ვპატიობ ყველაფერს და ამის გამო გადავწყვიტე, შერიგება სამივე გაშორების მერე. უბრალოდ, ეს გზა მარტივ გამოსავლად მეჩვენება. თან, უკვე შეჩვეული ვარ ქმრის ნეგატიურ თვისებებსაც და ასე ვთქვათ, გაცნობიერებულად და შეგნებულად „ვთანხმდები“ ტრავმის კიდევ არაერთხელ მიღებაზე. თან, კიდევ ვამბობ, განშორება და ოჯახის დანგრევა ჩემთვის ძალიან რთული პროცესია. უცებ, სრულიად მარტო რჩები, იმ ადამიანის გარეშე, ვის გვერდითაც ცხოვრობ და ბავშვების მომავალს გეგმავ.

ამას ძალიან განვიცდი და ახლა გამოსავალი ვიპოვე – ურთიერთობიდან მხოლოდ პოზიტიურ მომენტებს ვიხსენებ, ქმართან ურთიერთობას ვერიდები და უბრალოდ, შვილების სიხარულით ვხარობ. ხანდახან მგონია, ასეთმა ცხოვრებამ სოციალურ ცხოველად მაქცია, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს?

მარტო დარჩენას შვილებთან ერთად, მირჩევნია, ისე მოვიქცე, როგორც მათთვისაა უკეთესი, ჩემი პირადი გვერდით გადავდო და გრძნობებს არ ავყვე. ყოველი დღე ერთფეროვანია და ძნელი გადასატანი, თუმცა, შვილებს რომ ვუყურებ, მომავლის იმედი მაქვს და ამიტომ, ვცდილობ, ქმრისგან ყველა ცუდი და ნეგატიური ავიტანო.

ასე რომ, სიყვარულით დაბრმავება მართლა არ ყოფილა ტყუილი. მეც ასე დავბრმავდი და ვერ დავინახე საყვარელი მამაკაცის მეორე მხარე. მასთან თანაცხოვრებისას კი საერთოდ დავივიწყე საკუთარი პრინციპები, თავმოყვარეობა და მესამედაც მივეცი შანსი, იმის იმედად, რომ ამჯერად მაინც შეიცვლება და ყველაფერი სხვანაირად იქნება.

გულის სიღრმეში ვიცი, რომ ზრდასრული ადამიანები იშვიათად იცვლებიან, თუმცა, ახლა მირჩევნია და მინდა, რომ ასე არ იყოს.

სალომე, 32 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი