გულახდილი საუბრები

ქმარს რომ დავშორდი და ოჯახურ თანაცხოვრებას თავისუფლება ვარჩიე, დღემდე ვნანობ

№2

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.01, 2021 წელი

გულახდილი საუბრები, ქალი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია


  ისე გავშორდი ქმარს, არ მიფიქრია მომავალში რა მელოდა. უსიყვარულოდ ნამდვილად არ გავთხოვილვარ, მაგრამ ოჯახურ თანაცხოვრებაში ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ და მივიღე გადაწყვეტილება, მისგან წავსულიყავი.

სულ სამი წელი ვიყავით ერთად. რომ გავშორდი, პირველ თვეებში დიდი დოზით ვიგრძენი თავისუფლება და იმდენად მომეწონა, სახლში რომ არავინ მელოდებოდა, არავინ მთხოვდა შარვლისა და პერანგის გაუთოებას, დილით საუზმის მომზადებას, ასე მეგონა, ამოვისუნთქე და ნამდვილი პრინცესული ცხოვრება მოვიწყვე. თუმცა, ნელ-ნელა მივხვდი და გავაცნობიერე, რომ დავაშავე.

თავიდან, შერიგებას რომ მთხოვდა, ამაყი ვიყავი. მერე, როცა მოუკლო რეკვებს და გავიგე, სხვა გოგოს ხვდებოდა, მეწყინა, მეტკინა და დავითრგუნე. ასე მეგონა, მთელი ცხოვრება მე დამელოდებოდა, ჩემს ხვეწნაში გაატარებდა და ჩემ გარდა სხვას არ შეხედავდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მომწონდა, როცა მეხვეწებოდა, შემირიგდიო, თავს ამაყად ვგრძნობდი. ახლა მას ცოლიც ჰყავს, შვილებიც, მე კი მარტო ვარ, მოხუც მშობლებთან ერთად. არ ვიცი, რა დამემართა, რის გამო ვთქვი საყვარელ კაცთან ცხოვრებაზე უარი ან რომელ თავისუფლებას ვითხოვდი, ისედაც არ ვიყავი მისგან შეზღუდული. არ ვიცი...

ფაქტია, ჩემმა სულელურმა საქციელმა ამ ზომამდე მიმიყვანა, ცხოვრების ხალისიც დავკარგე და საშინელ დეპრესიაშიც ამოვყავი თავი. რასაკვირველია, იყვნენ მამაკაცები ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მათთან ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მერე, მბეზრდებოდა, კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს და უსიყვარულოდ ინტიმი არ მსიამოვნებდა. ვხვდებოდი, მამაკაცებში მხოლოდ იმას ვეძებდი, რაც წლების წინ საყვარელ მამაკაცთან დაშორების შემდეგ მაკლდა, მაგრამ ვერავინ შეავსო. ბევრი გულისტკენაც ვიგემე და დამცირებაც.

ვცდილობდი, ყოფილი ქმრის ამბები არ გამეგო, რომ კიდევ უფრო არ მტკენოდა, მაგრამ საერთო ნაცნობები გვყავდა და მათგან მომდიოდა ამბები. ცოლთან ისეთი ცხოვრება ააწყო, რომ ნებისმიერს შეშურდება. ხელის გულზე ატარებს ცოლ-შვილს, არც ჩაცმა აკლიათ და არც აგარაკებზე სიარული. მე კი მოხუც მშობლებს წამალი როგორ ვუყიდო, იმას ვფიქრობ და რომელ ჩაცმა-დახურვაზეა საუბარი. ელემენტარულად, ვცდილობ, ფორმაში ვიყო, რომ საკუთარი თავის დანახვის თავად არ შემეშინდეს. ჩემში სხვა ყველაფერი ჩამკვდარია. ღამეებს ფიქრში ვატარებ. მშობლებს არ ვუჯერებდი, მაგრამ ნუთუ ერთი მეგობარი არ მყავდა, რომ ეთქვა: რატომ ანგრევ ოჯახს, რის გამო ამბობ უარს საყვარელ მამაკაცზე, მომავლის არ გეშინიაო.

არავინ მყავდა ჭკუის დამრიგებელი. მეგონა, სულ ისეთი ცქვიტი, გამხდარი გოგო ვიქნებოდი, სახეზე გადაჭიმული კანით. თვალებთან ნაოჭები რომ გამიჩნდა და ბიჭმა ქალბატონოთი მომმართა, რომელსაც მოჭუტული თვალებით გავხედე, იქ მივხვდი, ასაკში ვარ, დამთავრდა ის პერიოდი, როცა უნდა ვიფლირტავო, ასაკით პატარა ბიჭებს ვუპაჭუნო თვალი და საყვარელი თუ არ მომეწონა, იმ იმედით „დავახვევინო“, რომ სხვასაც ვნახავ.

ასაკი თავისას შვება და რაც წლები გემატება, მით მეტად გინდება ოჯახური სიმყუდროვე და იდილია. ალბათ, შვილი რომ მყოლოდა, სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ამაშიც დავიჩაგრე. ჩემ გარშემო უამრავი ოჯახი ინგრევა და სწორედ, ამიტომ მომინდა ჩემი ამბავი მომეყოლა საჯაროდ: გოგოებო, არ მინდა, მერე ინანოთ ის, რასაც დღეს ვერ აფასებთ. დამიჯერეთ, წლების მერე მიხვდებით, რომ ოჯახური ცხოვრება და ქმრის გვერდში ყოფნა და მისი იმედი, ყველა გართობაზე და თავისუფლებაზე კარგია.
ნანა, 49 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი