გულახდილი საუბრები

ქმარი გაშორებას მაიძულებს და მიზეზს ვერ ვხვდები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.05, 2022 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ერთ წელზე მეტია, ქმარი მაიძულებს ოფიციალურად გავშორდე, წავიდე მისი სახლიდან და ბავშვიც წავიყვანო. მიზეზს კი ვერ ვხვდები. ხუთი წელია, დაქორწინებული ვართ და მისგან ერთი გადაკრული სიტყვაც კი არ მახსოვს. რომ გავთხოვდი, ორი წელი შვილი არ მიჩნდებოდა და როცა დედამთილმა პრეტენზია გამოთქვა, ჩემ გამო მასაც კი დაუპირისპირდა. 

არ დამავიწყდება მისი სიტყვები: ეს გოგო მიყვარს და იმიტომ მოვიყვანე ცოლად, პირობა არ დაგვიდია, რომ აუცილებლად შვილს გააჩენდა. თუ ღმერთის ნებაა, მოგვცემს, თუ არა და არ მაქვს პრობლემა. ისიც მაკმაყოფილებს და მანიჭებს ბედნიერებას, ჩემ გვერდით რომ არისო. როგორ დავივიწყო მისი ეს სიტყვები? რომ ვთქვა, საყვარელი ჰყავს-მეთქი, ნამდვილად არ მაქვს დადასტურებული ეჭვი. არც მეოჯახეობას დამიწუნებს და ვერც ვინმესთან შეხვედრებში დამდებს ბრალს. მართლა არ ვიცი, რა მოხდა. რომ ვეკითხები: რის გამო გინდა გაშორება და ჩემი წასვლა, მიზეზი მითხარი-მეთქი, არ ამბობს. უბრალოდ, მპასუხობს: ყველაფერს თავისი დრო აქვსო. ზუსტად ვიცი, ის სიყვარული არ განელებია, რაც ჩემ მიმართ ჰქონდა, ბავშვზეც გიჟდება და რა ხდება, ვერ გავიგე. თან, ვერავის ვეუბნები ამ ამბავს. ეს რომ ჩემს ძმას ვუთხრა, ერთმანეთს დაეტაკებიან და არ მინდა უსიამოვნება. თან, ვფიქრობ, თუ ვინმემ ჯადო გაუკეთა, ხომ უნდა შევძულებოდი? ასეც არ არის. აღარ ვიცი, რა წყალში გადავვარდე. ერთი წელია, ვითმენ მის ცივ დამოკიდებულებას. ერთ ოთახშიც აღარ გვძინავს და ინტიმურ ურთიერთობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რომ მითხრას, არ მიყვარხარ და ამის გამო აღარ მინდა შენს გვერდით ცხოვრებაო, დავიხურავ ქუდს და წავალ ჩემებთან, მაგრამ ამასაც არ ამბობს. ერთ საღამოს მარტო ვიყავით, დავუჯექი და მშვიდად საუბარი ვცადე. არცერთ კითხვაზე არ მიპასუხა, უბრალოდ, თავჩაღუნული იჯდა და იმეორებდა: მოვა დრო და გამიგებ. მოკლედ, ვფიქრობ, სხვა ქალში კი არა უფრო საშინელ ამბავს უკავშირდება ეს და ვერ გამირკვევია რა ხდება. ერთი პერიოდი, მისი თვალთვალიც კი დავიწყე, მაგრამ სამსახურისა და მეგობრების გარდა, არსად წასულა და არც ვინმე გოგოს შეხვედრია. ტელეფონიც „გადავქექე“ და ვერცერთი საეჭვო ზარი და შეტყობინება ვერ ვნახე. წაშლა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ხომ შეიძლება ერთი მაინც დარჩენოდა? ფაქტია, ისეთი რამ ხდება მის თავს, რაზედაც საუბარი ჩემთან არ სურს. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ იმიტომ მაიძულებს გაშორებას და სახლიდან წასვლას, რომ მე და ჩემს შვილს საფრთხეს გვარიდებს-მეთქი, მაგრამ ვისგან? ერთადერთი, რაზედაც ეჭვი მაქვს, მამამისის ბიზნესია. ერთი პერიოდი, მამამისს ვიღაცები ემუქრებოდნენს, ბიზნესწილის დათმობას აიძულებდნენ, სადარბაზოსთან ხვდებოდნენ, ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ: ოჯახის წევრებს გაუფრთხილდი, თუ თავი არ გეცოდებაო. მაგრამ ამ ამბავმა დიდი ხანია, ჩაიარა. არც არავინ დაზარალებულა და არც არავინ გახვეულა შარში. იმ ბიზნესის წილი ჩემს ქმარს მემკვიდრეობით ერგო და ისიც მის მეგობარს მიჰყიდა. იქნებ ამის გამო აქვს ვინმეს პრეტენზია და ემუქრება... არ ვიცი. არადა, იმდენად ახლოს იყო ჩემთან, არასოდეს არაფერი დაუმალავს. ყველა ნაბიჯსა და წვრილმანს მიყვებოდა, სამსახურის საქმეებსაც მანდობდა და სახლის ყველა საკითხსაც ერთად, შეთანხმებულად ვწყვეტდით. ერთი წლის წინ კი ჩაიკეტა, გაცივდა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე მკრა ხელი. მინდოდა, ეს ამბავი ჩემი მეგობრისთვის მომეყოლა, იქნებ რამე ერჩია, მაგრამ შემეშინდა, სხვისთვის არ ეთქვა, ჩემი ძმის ყურამდე არ მისულიყო და გავჩუმდი. თუმცა, ეს სიჩუმე და ქმრის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აუტანელი ხდება. არც გაშორება მინდა და არც ასე ცხოვრება და თან, ვერაფერს ვახერხებ. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ისევ გაჩუმება და დიპლომატიური მოქცევა სჯობს, იქნებ გადაწყვეტილება შეცვალოს და მომიყვეს, რა აწუხებს და რის გამო მკრავს ხელს, ადამიანს, რომელიც ზუსტად ვიცი, მისი დიდი სიყვარულია.

მარიამი, 31 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი