გულახდილი საუბრები

ხდება თუ არა ქალი გათხოვების შემდეგ ეჭვიანი და როგორ ებრძვის ის ღალატს

№3

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 29.01, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

  ქალების ცხოვრება რამდენიმე რთული ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის გადალახვისას ისინი ფსიქო-ემოციურ სტრესს იღებენ და ნამდვილად არ არის ეს მარტივი. თითქოს ყოველ ჯერზე უწევთ, საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რომ არაფერი შეშლიათ,  რომ სხვანაირად, უბრალოდ, ვერ მოიქცეოდნენ... შეიძლება, მამაკაცებსაც არ ულხინთ, მაგრამ მათ იმის ფუფუნება მაინც აქვთ, რომ ეგოისტები იყვნენ.

დეა (37 წლის): ყველა ქალს საკუთარი ისტორია აქვს და მათი უმრავლესობისთვის ქმრის ღალატი უცხო არ არის. მამაკაცები ძალიან ეგოისტები არიან. მაშინაც კი, როცა ქალი უყვართ. დიახ, ეს ასეა. სიყვარულშიც კი მათ საკუთარი თავი უყვართ. შემედავებით, მაგრამ, თუ კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რა არის რეალობა. მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩამიტარა და ბევრი რამ მასწავლა. მეგონა, ჩემს ქმარს ვუყვარდი, ჩემი გულისთვის ისეთ რაღაცებს აკეთებდა. თავიდან ვაწვალებდი. მიყვარდა, მაგრამ ჩემს გრძნობებს ვმალავდი. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ მისი გრძნობაც ნამდვილი იყო.
– არ იყავით დარწმუნებული მის სიყვარულში? რატომ?
– როგორ გითხრათ. ზოგადად, იმ სტერეოტიპს ვიზიარებდი, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცს თუ უნდა, სიყვარულსაც ოსტატურად თამაშობს. მშვენივრად მოგატყუებს. არ გაუჭირდება, თავი ისეთ რაინდად მოგაჩვენოს, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ამ ყველაფერს რომ ვაცნობიერებდი, ვცდილობდი, ჩემი თაყვანისმცემელი ბოლომდე გამომეცადა, რომ მერე სინანულს არ გავეტანჯე. წელიწად-ნახევარი აჩრდილივით უკან დამდევდა. უსიტყვოდ ხვდებოდა, რა მინდოდა, რა გამიხარდებოდა ან მეწყინებოდა. ისეთი რაღაცებიც გაუკეთებია, მისგან არაფრით რომ არ ველოდი.
– სიურპრიზებს გულისხმობთ?
– დიახ. ყველანაირად მანებივრებდა. არ ვიცი, საიდან მოჰქონდა ასეთი საოცარი იდეები. მარტო ფულს კი არა, დიდ ენერგიას, რესურსს ხარჯავდა. დავრწმუნდი, რომ ვუყვარდი და გადაწყვეტილება მივიღე. ვერ ვიტყვი, რომ შედეგზე არ მიფიქრია. ბედნიერიც ვიყავი. ზოგი ქალი ისე ასრულებს ცხოვრებას, რომ ქორწიებაში ერთი დღეც არ არის ბედნიერი. მე კი ისეთი ვარ, რისიც მჯერა, იმისთვის ბოლომდე ვიბრძვი. უკან არ ვიხევ. მძიმე წუთებში, როცა ჩემს ქმართან ურთიერთობა მეძაბება და მიმწვავდება, სწორედ, იმ ბედნიერ წუთებზე ვფიქრობ, რომლებიც გვქონდა, თან, არც თუ ისე ცოტა.
– გული მაინც გეტკინათ. იმედგაცრუება თავიდან ვერ აიცილეთ?
– ვერა და ეს ძალიან სამწუხაროა. რაც გარდაუვალია, იმას ვერ შევცვლი, ვერც ვერავინ შეცვლის. აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს გათხოვილი და ოჯახის ქალები აღარ მოსწონდა. სრულფასოვან ქალად აღარ მივაჩნდი, ისეთად, რომელიც შეიძლება გინდოდეს, ან გიყვარდეს.
– თქვენთან ილაპარაკა ამაზე?
– სამწუხაროდ, ჩემთან არა. ნეტავი, ასე ყოფილიყო. სხვა ქალთან ილაპარაკა და ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი და გამანადგურებელი, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე. მესიჯები რომ წავიკითხე, მეგონა, გავგიჟდებოდი.
– მესიჯებს სხვა ქალს სწერდა?
– დიახ. იმ წუთშიც და მერეც, ჩემთვის საერთოდ არ ჰქონია მნიშვნელობა, ვინ იყო ის ქალი. საყვარელი იყო თუ, უბრალოდ, „ეჩალიჩებოდა“. არ ვიცი, სწორად გამოვთქვამ აზრს თუ არა, მაგრამ ჩემთვის ღალატი ამაზე მეტი არ არის. უფრო სწორად, ზუსტად ამას აღვიქვამ საშინელ ღალატად, გულს რომ გაგიხეთქავს, ისეთად. მე აღარაფერს ვნიშნავდი ჩემი ქმრისთვის, აღარ ვუნდოდი. სიყვარულზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ინტიმურ წვრილმანებს უზიარებდა ვიღაცას. ჩვენს ცხოვრებაში შემოუშვა და ჩვენს ურთიერთობაში ხელების ფათურის უფლება მისცა. რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, იმასთან იწვა თუ არა. მოკლედ, ჩემი ქმარი ნუგეშს აშკარად სხვა ქალთან ეძებდა. მე არაადამიანური მოთმინებით ვკითხულობდი მათ მიმოწერას და გულს ვიხეთქავდი.
– ქმრისთვის არაფერი გითქვამთ?
– არა, რა თქმა უნდა. რომ მეთქვა, მისგან უნდა წავსულიყავი კიდეც. მე კი საამისოდ მზად არ ვიყავი – მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის მარტო გაზრდა გამიჭირდებოდა.
– ქმართან დაშორებაზე საერთოდ არ გიფიქრიათ?
– მიფიქრია. ვერ მოგატყუებთ. საშინლად განვიცდიდი და ვცდილობდი, ქმრის საქციელისთვის რამე გამართლება მომეძებნა. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გაცივებულიყო ასე იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ჩემ მიმართ განიცდიდა. სხვათა შორის, ჩემი ქმარი მზრუნველობას იჩენდა, დელიკატესები მოჰქონდა, ჩემთვის სამკაულს, ტანსაცმელს ყიდულობდა და ვფიქრობდი, ჩემს მდგომარეობაში ამდენი არ უნდა მენერვიულა. მაგრამ საშინელება იყო, რომ მისი საყვარელი, სასურველი ქალი აღარ ვიყავი.
– რა გამოსავალი იპოვეთ?
– არანაირი გამოსავალი არ მიპოვია. ჩემს სიტუაციაში მარტო ის შევძელი, თავი მენუგეშებინა და გიჟივით მეკითხა მესიჯები. უცებ საოცარი რაღაც მოხდა: იმ ქალმა ჩემ მიმართ მოულოდნელი სოლიდარობა გამოიჩინა თუ ჩემი ქმრის მიმართ არ ჰქონდა სერიოზული ინტერესი, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ქმარი ნამუსზე შეაგდო, მისწერა – შენი ცოლი გიყვარს. უბრალოდ, ახლა ვერ ხვდები ამასო. დააფიქრა და აზრები შეუცვალა. შეიძლება, გათხოვილიც იყო და ცოტა ხნით გაერთო. გმირულად გადავიტანე ჩემი ქმრის ღალატი. გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი მუდმივი მდგომარეობა არ იყო და როგორმე უნდა გამეძლო. იმ ქალმა რომ „დააიგნორა“, ჩემი ქმარი უკეთესობისკენ შეიცვალა. იდეალური ქმარი არ გახდა. მაგრამ არ ვნანობ, რომ მოვითმინე. ღირდა ჩვენი ოჯახის გადარჩენა. თუმცა, ბოლომდე ვერ მოვერიე თავს – მოღალატე ქმრის მიმართ ისეთი სიყვარული აღარ მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი