გულახდილი საუბრები

იმის გამო, რომ დედობა და შვილის აყვანა მოვინდომე, ქმარი გამშორდა

№23

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.06, 2021 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

რომ გავთხოვდი, უკვე ასაკში ვიყავი. ეს ჩემი პირველი ქორწინება იყო, ჩემი მეუღლისთვის კი – მესამე.

პირველ ორ ცოლთან ქალ-ვაჟი ჰყავდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიჩნდა. ძალიან მიყვარდა მისი შვილები და არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდა, თუმცა, მეც მინდოდა, დედა გავმხდარიყავი და საკუთარი შვილი გამეზარდა. ჩემს მეუღლეს კი ეს ამბავი დიდად არ აწუხებდა. ამბობდა: უამრავი წყვილია უშვილო, თან, შვილები მყავს და მაგაზე შენ არ იდარდოო.

გული მწყდებოდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, ვერ ვეწინააღმდეგებოდი. აზრიც არ ჰქონდა. ჩემს დედამთილს, ინფარქტმა დაარტყა და ლოგინად ჩავარდა. იძულებული გავხდი, სამსახურისთვის თავი დამენებებინა, რომ მწოლიარე ქალისთვის მომევლო. ფაქტობრივად, სახლში გამოვიკეტე, ერთ წამსაც ვერ ვტოვებდი, მეორე ოთახში რომ გავიდოდი, მეძახდა. სულ მის გვერდით უნდა ვმჯდარიყავი. ამ პერიოდში ჩემი მეუღლის შვილები უკვე აღარ მოდიოდნენ. გაიზარდნენ, თავისი სამეგობრო წრე გაიჩინეს და არც ვამტყუნებ. ჩვენთან ჯდომასა და ავადმყოფის ყურებას ერჩივნათ, დრო თავის ტოლებში გაეტარებინათ.

ერთ დღესაც ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა დამირეკა. მისი ზარი არ გამკვირვებია, რადგან ხშირად მირეკავდა, მაგრამ იმ დღეს, იმდენად აღელვებული იყო, ვერ ვიცანი. მოკლედ, მითხრა, ჩემს სოფელში ქალს მერვე შვილი გაუჩნდა, მისი რჩენის თავი არ აქვს და სამშობიაროში დატოვებას აპირებს. მთხოვა, კარგი ბავშვია, ჯანმრთელი და იქნებ იშვილო, მე დაგეხმარებიო.

ავღელდი, დავფაცურდი. ყველაფერი ამომიტრიალდა, წინ დამიდგა ჩემი მომავალიც. ეს ყველაფერი წამში მოხდა. ყოყმანის გარეშე თანხმობა ვუთხარი. საღამოს, ჩემი ქმარი რომ სახლში დაბრუნდა, მაშინვე ეს ამბავი მოვუყევი. ვთხოვე, გვერდით დამდგომოდა, ბავშვი აგვეყვანა და გაგვეზარდა.

გადაირია, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ყვიროდა: რა დროს შვილია, ვერ ხედავ, დედაჩემი ჩავარდნილია, მოვლა სჭირდება, მე მყავს შვილები და თუ ეგრე გინდოდა, სხვას გაჰყოლოდიო. მივხვდი, ჩემს ქმარს, უბრალოდ, მომვლელი და დიასახლისი სჭიდებოდა და არა ცოლი, ამიტომაც მომიყვანა მესამე ცოლად. მეწყინა, მეტკინა, დავითრგუნე. ვიფიქრე, საერთოდ წავალ, მივატოვებ ყველას და ყველაფერს და შვილს ავიყვან, ჩემით გავზრდი და ცხოვრების მიზანსა და მომავალს თავად შევიქმნი-მეთქი. თუმცა, დედამთილის ამ მდგომარეობაში მიტოვება მიჭირდა.

მეორე დღესაც დამირეკა ჩემმა თანამშრომელმა და მითხრა: აყვანის მსურველები გამოჩნდნენ და თუ რამეს ფიქრობ, დროზე მოიფიქრეო. მტკიცეთ გადავწყვიტე, ეს შანსი არ გამეშვა ხელიდან. ჩემს ძმას დავურეკე და რჩევა ვკითხე. მითხრა: შენი გადასაწყვეტია, რას იზამ, თუმცა, ნებისმირ შემთხვევაში, მე შენ გვერდით მიგულეო. ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. კატეგორიულად მოვთხოვე ჩემს ქმარს სოფელში გაყოლა და ბავშვის წამოყვანა. ისევ უარი რომ მივიღე და შეურაცხყოფაც არ დამაკლო, უკან არ დავიხიე და ყველაფერი პირში მივახალე: ეგოისტი ხარ, მხოლოდ მომვლელად გინდივარ, ჩემი გრძნობები და ემოცია ფეხებზე გკიდია, არაადამიანი ყოფილხარ-მეთქი. ერთი კი შემომხედა გაოცებულმა, არ მოელოდა ჩემს ასეთ გაცეცხლებას და დაუფიქრებლად მითხრა: ჩაალაგე შენი ნივთები და წაეთრიე ჩემი სახლიდანო.

ასეც მოვიქეცი. ჩემი ძმა იმ საღამოსვე წამყვა ბავშვის წამოსაყვანად. დღეს უბედნიერესი ქალი ვარ. შვილიც მყავს და დედური სითბო და სიყვარულიც არ მაკლია. როგორც გავიგე, ჩემს ქმარს დედამისისთვის მომვლელი აუყვანია, თუმცა ჩემი წამოსვლიდან სულ რაღაც ორ თვეში გარდაცვლილა. დღეს ზის ოთხ კედელში გამომწყვდეული მარტო და იმედია, ნანობს, რაც ჩაიდინა. მე კი მთელი ცხოვრება ჩემი თანამშრომლის, ჩემი ძმისა და ჩემი შვილის დედის ლოცვაში ვიქნები, ვინც ამხელა ბედნიერება და მომავალი მაჩუქა.

მაია, 48 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი