გულახდილი საუბრები

გერი შვილივით გავზარდე და სახლიდან გამაგდო

№34

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.09, 2022 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

სტუდენტობის პერიოდში, ერთი ბიჭი გადამეკიდა. გასაქანს არ მაძლევდა. ყველგან მხვდებოდა, თან დამყვებოდა, ლექციებზე რომ ვიჯექი, ის გარეთ მელოდებოდა და სახლამდე მაცილებდა. არ მომწონდა და მით უმეტეს, არც მიყვარდა.

არც გათხოვება მინდოდა, მაგრამ აღარ მომეშვა. მართალია, არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ იმდენად შეწუხებული ვიყავი, მეგობრებიც ისე დამცინოდნენ მისი ამდენი ყურადღებისა და მიცილება-მოცილების გამო, რომ გავყევი ცოლად. სულ რაღაც ორი წელი ვიყავით ერთად და მივხვდი, მის გვერდით ძალიან გამიჭირდებოდა მთელი ცხოვრების გატარება. გადაწყვეტილება მივიღე და გავშორდი. ისე განვიცადე და ისე ვინერვიულე, დეპრესიაში ჩავვარდი. ბავშვსაც ვერ ვუვლიდი და რომ არა დედაჩემის მხარში დგომა და დახმარება, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა. გარეთ გასვლის მრცხვენოდა, ასე მეგონა, ყველა დამცინებდა, განათხოვარ ქალს, სხვა თვალით შემომხედავდნენ. ერთი სიტყვით, ქმართან განშორების შემდეგ, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, საკმაოდ მძაფრი ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა. მდგომარეობიდან ფსიქოლოგის დახმარებით გამოვედი. ჩემი მარიკო რომ ბაღში შევიყვანე, იმ პერიოდში, ჩვენს მეზობლად გადმოვიდა მამაკაცი, რომელსაც ცოლი ჰყავდა გარდაცვლილი და ბიჭს, ზუკას, მარტო ზრდიდა. ჩვენს ოჯახს დაუახლოვდა, მისი შვილი მარიკოსთან თამაშობდა და ისე ერთობოდა, სახლში წასვლა აღარ უნდოდა ხოლმე. ბაღშიც ერთ გჯუფში იყვნენ, სკოლაშიც ერთ კლასში მოხვდნენ და ძალიან დამეგობრდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზუკას მამას გავყევი ცოლად. არც ის მიყვარდა, მხოლოდ იმ მიზნით გავთხოვდი, რომ ქმრიანი ქალის სახელი და ოჯახი მქონოდა. თან, ზუკაც ძალიან შემიყვარდა. მე და ჩემს ქმარს საერთო შვილი არ გვეყოლა და ჩვენს შვილებს გადავყევით. ერთმანეთისგან არ ვასხვავებდი მარიკოს და ზუკას. ბავშვმა დედა რომ დამიძახა, ვიტირე. იმ დღის მერე, ასმაგად შემიყვარდა. მოკლედ, გავიდა წლები, მარიკო გათხოვდა, მერე ჩემი მეუღლე უეცრად გარდაიცვალა. საშინელი დღეები დამიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი სიგიჟემდე არ მიყვარდა, უდიდეს პატივს ვცემდი. საწყალი, ძალიან ცდილობდა არაფერი მოეკლო ჩვენთვის და თავისთვის არაფერს იმეტებდა. ძალით ვყიდულობდი ახალ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს, სულ იმას იმეორებდა: თქვენთვის იყიდეთ, მე ძველიც მეყოფაო. ზუკას შეყვარებული ჰყავდა და ვიცოდი, მალე აპირებდა დაოჯახებას. მიხაროდა, ოჯახში რძალი შემოვა, ცოტა გაგვახალისებს, დარდს დაგვავიწყებს-მეთქი. თუმცა, მამის გარდაცვალების მერე, ზუკა ისე იყო შეცვლილი, ვერ ვცნობდი. მარიკოსთანაც შეწყვიტა ურთიერთობა. ვფიქრობდი, თავისი პირადი ცხოვრება აქვს, შეყვარებულია და ჩვენთვის არ სცალია-მეთქი, მაგრამ რას მივხვდებოდი, რა ზრახვებიც ჰქონია. ერთ დღესაც დამისვა და მითხრა: მე ცოლი უნდა მოვიყვანო და მარტო გვინდა ცხოვრებაო. ცოტა კი შევცბი, მაგრამ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ვუპასუხე: შვილო, მე რას გიშლით, ხომ მიცნობ, არ ჩავერევი თქვენს არც ურთიერთობაში და არც საქმეში, ცალკე რომ გახვიდეთ, ბინის ქირის გადახდა გაგიჭირდება-მეთქი. თვალი თვალში გამიყარა და ცივად გამოცრა: რა ბინის ქირა? მე სად უნდა წავიდე? გარკვევით გითხარი, უნდა მოვიყვანო ცოლი და მარტო გვინდა ცხოვრება-მეთქი. ვერაფერი ვუპასუხე, ცრემლი წამომივიდა. ადგა და გავიდა ოთახიდან. იმ საღამოს მარიკოსთან წავედი. მოვუყევი, რაც მოხდა. გადაირია, არ მოელოდა ზუკასგან მსგავს საქციელს. ცხოვრებაში რომ გული არ უტკენია, ერთიანად გამანადგურა. რასაკვირველია, მარიკომ მასთან გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ სიძის სახლში არ წავიდოდი. დავბრუნდი სახლში, დავურეკე ჩემს ძმას, მოსვლა ვთხოვე, ჩავალაგე ჩემი ნივთები და ტანსაცმელი და საცხოვრებლად მასთან გადავედი. მართალია ჩემი ძმა არაფერს მაკლებს და არც მე ვზივარ ხელდაკრეფილი, ოჯახის საქმეებს ყველაფერს მე ვაკეთებ, მარიკოც ხშირად მირეკავს და მოდის, მაგრამ ზუკამ გამანადგურა. შვილივით გაზრდილმა გერმა სახლიდან გამომაგდო და არც კი მოუკითხავს, როგორ ვარ. არ ვიცი, გავბრაზდე მასზე, მეწყინოს თუ მეტკინოს. მართლა შვილივით მიყვარს და როგორ ვუსურვო ცუდი, გულში ბოღმა როგორ ჩავიდო. ჩემი ქმარი რომ ცოცხალი ყოფილიყო, სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ალბათ, ეს იყო ჩემი ბედისწერა.

ნინო, 53 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი