გულახდილი საუბრები

გაუთხოვარი მულის გამო პირადი ბედნიერება ვერ შევირგე

№29

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.07, 2021 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

სკოლა დავამთავრე თუ არა, გავთხოვდი. ამის გამო ვერ მოვასწარი სწავლის გაგრძელება და პროფესიის გარეშე დავრჩი. 

სახლში დედამთილი და მული კი მყავდა, მაგრამ არაფერში მეხმარებოდნენ. არც კი უფიქრიათ, შვილების გაზრდასა და სახლის საქმეებში შემშველებოდნენ, რომ მემეცადინა, მოვმზადებულიყავი და უმაღლესში ჩამებარებინა. გათხოვების დღიდან მათი მონა გავხდი და დღემდე ასეა. მართალია, ჩემი ქმარი არ არის ცუდი მეუღლე და არც ცუდი მამა, მაგრამ მისი გაუთხოვარი და ყველაფერში ცხვირს ყოფს, არ გვაცდის, მშვიდად და ჩვენს გემოზე ვიცხოვროთ. რამდენჯერაც დავგეგმეთ, სადმე მხოლოდ ჩვენ ორი წავსულიყავით, იმდენჯერ გაიგიჟა თავი: დედაჩემს სად შეუძლია ბავშვების დატოვება, მე კი თქვენი მოახლე არ ვარ, მათ გამო გამოვიკეტოო. დაადებს თავს და ხან დაქალებთან ზის, ხან ბარში და ხან რესტორანში. არაფერს იკლებს. თუ ჩუმად პრეტენზიას გამოვთქვამ ჩემს ქმართან, მამშვიდებს: არ გინდა კონფლიქტი, ხომ ხედავ, ვერ გათხოვდა, ნერვიულობს და ასე ამიტომ იქცევა, თან, მისი გაზრდილი ვარ და არ მინდა, ჩემგან გული ეტკინოსო.

მოკლედ, ასე გამოდის, ის რომ ვერ გათხოვდა, მე უნდა დავიტანჯო. ამას წინათ მე და ჩემმა ქმარმა ზღვაზე დასასვენებლად წასვლა დავგეგმეთ. დედაჩემს ვთხოვე გამოყოლა. ვიფიქრე, ბავშვებს დედა დაიტოვებს და მე ჩემს ქმართან ერთად შევძლებ სეირნობას, ბარში ჯდომას, გართობას და განმარტოებას-მეთქი. როგორც კი ეს ჩემმა მულმა გაიგო, ეგრევე ჩააკვეტა: დედაჩემის გაყვანა მინდოდა ქალაქგარეთ, აქ ისე ცხელა, ვეღარ სუნთქავს და ბარემ ესეც წაიყვანეთო. ამეშალა ნერვები და სულ გადავიფიქრე. არ დამავიწყდება, ახალი გათხოვილი რომ ვიყავი, დედამისს უშლიდა: ამდენ რამეს ნუ ყიდულობთ, გათამამდება და მერე უფრო მეტს მოითხოვსო. თავად თუ რამეს ახალს იყიდდა, ძველსა და გამონაცვალს მე მომიგდებდა და თუ არ მეცვა, იმაზეც ბუზღუნებდა: ჩემსას არ კადრულობსო. მადლობა ღმერთს, ჩემი ქმარი მშრომელი ბიჭია და არც ჩაცმას მაკლებს და არც დახურვას, მაგრამ ახალგაზრდები ვართ და ჩვენც ხომ გვინდა პირადი ურთიერთობა? სახლშიც კი გვერდიგვერდ ვერ დავმჯდარვართ. ერთი სული მაქვს, დაღამდეს ხოლმე, რომ ქმრის გვერდით დავწვე და ჩავეხუტო. მხოლოდ მაშინ ვგრძნობ სიმყუდროვეს. თუ ჩემი დაქალი ან ნათესავი მოვიდა სტუმრად, ჩემი მული იწყებს ბუზღუნს: „დღეს სახლის დალაგებას ვაპირებდი, ნუ რახან მოხვედით, გადავდებ“, „უი, ფანჯრები უნდა გამეწმინდა და რახან გვესტუმრეთ, გვიან გავწმენდ“, „უი, ჩემს დაქალებს ველოდებოდი და დავურეკავ არ მოვიდნენ, აბა, რა ვქნა“...

მოკლედ, ყველა ჩემიანს შეაძულა მოსვლა. ასეთი ხასიათი აქვს და მე ვეღარ შევცვლი, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა მისი უაზრო გამოხტომები. როცა ჩემს ქმარს ვესაუბრები ან რამეს ერთად ვგეგმავთ, ხშირად მის მზერაში შურიც დამიჭერია. მესმის, მასაც უნდა გვერდით ჰყავდეს საყვარელი ადამიანი, მაგრამ მე დავუშალე? ჩემგან რა უნდა? ვისი შურს, თავისი ძმის? არ ვიცი. წარმომიდგენია, მის ძმას რომ ცოტა მძიმე ხასიათის გოგო მოეყვანა სახლში, რა ჩხუბები იქნებოდა, ალბათ, დაშორდებოდა კიდეც. ყველა ჩემნაირი მომთმენი ხომ არ არის? რომ ჰკითხოთ, მისნაირი დედამიწის ზურგზე არ დაიარება და მახინჯებს, გაუნათლებლებს და იდიოტებს უმართლებთ. ამას ხშირად უსვამს ხაზს და ამით შეურაცხყოფას შეგნებულად მაყენებს თუ შეუგნებლად, აღარც კი ვიცი. ფაქტია, მისი გაუთხოვრობა ჩემი ტანჯვის მიზეზად იქცა და ვერც საკუთარი ბედნიერება ვერ შევირგე.

ნიაკო, 24 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი