გულახდილი საუბრები

დედამთილის მადლიერი ვარ, განათხოვრის სახელი რომ არ დავირქვი და გზას არ ავცდი

№13

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.04, 2021 წელი

სინანული
დაკოპირებულია

საკმაოდ პატარა ასაკში გავთხოვდი. ეს უფრო ვნებაზე აყოლა იყო, ვიდრე სიყვარული. თუმცა, ქმრის ოჯახმა კარგად მიმიღო და დღემდე ჩემი დედამთილის მადლიერი ვარ, ოჯახი რომ შევინარჩუნე და არ დავირქვი განათხოვრის სახელი. რომ არა ის, ალბათ ცხოვრებასაც დავინგრევდი და გზასაც ავცდებოდი. როგორც გითხარით, პატარა ასაკში ვნებას ავყევი და გავთხოვდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. 

ეს ის სიყვარული არ იყო, რომელზეც გოგონები ოცნებობენ. ჩემს შემთხვევაში იყო მხოლოდ სექსი, ყოველგვარი რომანტიკისა და ურთიერთგაგების გარეშე.
ქმარი საკმაოდ ეჭვიანი აღმოჩნდა და თავისუფლება რომ შემეზღუდა, მაშინ მივხვდი, ამ ადამიანის გვერდით დიდხანს ვერ გავძლებდი. შვილის გაჩენამდე მისგან წასვლა მოვინდომე.

დედამთილი იყო ერთადერთი, ვინც გვერდით მედგა და ყველაფერში მხარს მიჭერდა. მისი შვილის ჩუმად მიშვებდა მეგობრებთან და თუ მაგვიანდებოდა, თავად იბრალებდა: მე გავუშვი საყიდლებზე ან რამე საქმეზეო. მოკლედ, არაერთხელ დამაფარა ხელი და მისი დღემდე მადლიერი ვარ. ბევრჯერ გადამარჩინა ქმართან კონფლიქტს და დაშორებას. საკუთარ დედას არ გაუკეთებია იმდენი, რაც მან გამიკეთა.

ზოგადად, დედაჩემი ცოტა ცივი ქალი იყო, მისგან მოფერება და თბილი სიტყვაც კი არ მახსოვს. მკაცრად მზრდიდა. დედამთილი კი ახლაც სულ ჩემს მოფერებასა და განებივრებაშია. ხანდახან მგონია, შვილზე მეტად ვუყვარვარ. არ ვიცი, მისი ასეთი ჩემდამი დამოკიდებულება რითია გამოწვეული, მაგრამ მართლა საოცარი ქალია. შვილიც ისე გამიზარდა, ერთი ღამე არ გამითენებია მის გამო. სულ მეუბნებოდა: შვილო, აუცილებლად მოემზადე და ჩააბარე უმაღლესში, პროფესია და შენი ფული უნდა გქონდეს, ქმარს ხელებში რატომ უნდა უყურო, როდის რამდენ კაპიკს მოგცემსო. თავად მიხდიდა მასწავლებლებთან მომზადების თანხას, გამოცდებზეც თავად მომყვებოდა, პაპანაქება სიცხეში მელოდებოდა, უმაღლესიც დამამთავრებინა და სამსახურიც მიშოვა – ნათესავს სთხოვა დახმარება.

ერთი სიტყვით, მის ამაგს ვერასოდეს გადავიხდი. დღეს რომ წარმატებული ქალი ვარ, ქმარიც მყავს და კარგად აღზრდილი შვილიც, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. რომ არა ის, ალბათ, ქმარს, დიდი ხნის გაშორებული ვიქნებოდი. არავინ იცის, კიდევ გავთხოვდებოდი თუ არა, ან გამიმართლებდა კი პირად ცხოვრებაში? არც პროფესია მექნებოდა და არც კარგი სამსახური.

დროთა განმავლობაში ჩემი ქმარიც გაიზარდა, ერთმანეთს სხვანაირად შევხედეთ და ახლა მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს. სულ აღნიშნავს: დედაჩემის დამსახურებაა ეს ყველაფერი – ჩვენ ბავშვები ვიყავით, ცხოვრების საერთოდ არაფერი გვესმოდა, ის დაგვიდგა გვერდით, შენც დაუჯერე და დღემდე მოვედითო.

მართალია, დედამთილს ძალიან უნდოდა, ბევრი შვილიშვილი ჰყოლოდა, რადგან თავად დედისერთა შვილი გაზარდა და თან, ქმრის გარეშე. ამაში არ დავუჯრე და ახლა, ცოტას ვნანობ. თავად არასოდეს უსაყვედურია, უბრალოდ, აღნიშნავს ხოლმე: ერთი ცოტაა, ნეტა კიდევ გაგეჩინათო. ახლა გვიანია შვილის გაჩენა, მაგრამ ერთი მყავს და ისეთი, ყველა მას რომ შენატრის.

ისე გავხდი 43 წლის, არც სახლი დამილაგებია და არც საჭმელი მომიმზადებია. ყველაფერს დედამთილი მიკეთებდა. ახლა კი, რაც ასაკში შევიდა, რასაკვირველია, მე ვაკეთებ და ვცდილობ, ზედმეტად არ დავტვირთო. მართლა არ ვიცი, მის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი.

ადრე გათხოვილი გოგონები, ვისაც არ გაუმართლა, სიყვარულის ძიებაში, ძირითადად, გზას სცდებიან. ალბათ, მეც ასე მომიწევდა, მაგრამ დედამთილის სახით, ნამდვილი მფარველი ანგელოზი გამომიჩნდა და მისთვის მთელი ცხოვრება ვილოცებ. მინდა, რომ დიდხანს მყავდეს გვერდით.

დედამთილებზე ათას სისულელეს რომ ამბობენ, ნერვები მეშლება. ადამიანობაა მთავარი და დედამთილი იქნები, სიდედრი, დედა თუ დედინაცვალი, ამ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს.

ნინო, 53 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი