გულახდილი საუბრები

დედაჩემის ეგოისტური ხასიათის გამო ცოლ-შვილისგან მიტოვებული, მარტო ვბერდები

№15

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.04, 2023 წელი

ურთიერთობა
დაკოპირებულია

დედისერთა ვიყავი და ჩემი მშობლები, რომ იტყვიან, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ, ხელისგულზე მზრდიდნენ. მამა კარგ თანამდებობაზე მუშაობდა, დედა პედაგოგი იყო და არც ჩაცმა მაკლდა, არც დახურვა და არც რეპეტიტორები. მასწავლებლები სახლში მოდიოდნენ და მამეცადინებდნენ. 

კარგი განათლება მივიღე და საკმაოდ კარგ სამსახურშიც დავიწყე მუშაობა. მოკლედ, მშობლებმა გადასარევი სახლ-კარი და ქონება დამიტოვეს, განათლებაც მომცეს და ყველაფერი მქონდა, რომ დავოჯახებულიყავი და ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით უზრუნველად მეცხოვრა. თანამშრომლის დაბადების დღეზე ერთი გოგონა გავიცანი. უბრალო, მაგრამ ულამაზესი, ძალიან დახვეწილი მანერებით. ისე მომეწონა, გადავირიე. გულში ჩამივარდა და ყველაფერი გავაკეთე, მასთან ახლოს ვყოფილიყავი, თავი შემეყვარებინა და ჩემი მეორე ნახევარი გამხდარიყო. გრძნობები ერთმანეთში გავარკვიეთ და მივხვდით, მზად ვიყავით, ოჯახი შეგვექმნა და ჩვენი გადაწყვეტილება მშობლებს ვუთხარი. ნეტავ, სულ არ მეკითხა. შევატყვე, დიდად არ აღფრთოვანდნენ. ჯერ სიმაღლე დაუწუნეს, დაბალიაო, ცოტა კეხიანი ცხვირი აქვსო.. მერე ის მოიდეს მიზეზად, ჩვენი შესაფერისი ოჯახიდან არ არისო. მოკლედ, ეს პირველი შეწინააღმდეგება იყო, რაც მათ წინაშე ჩავიდინე. არ ვუგდე ყური და ცოლად მოვიყვანე ის, ვინც მე მიყვარდა. თავიდან, თითქოს შეეგუენ ბედს, მაგრამ ხშირად გადაკრული სიტყვებით და საქციელით მტკენდნენ გულს. რომ გაიგეს შვილს ველოდებოდი, ცოტა მოთბნენ. ბავშვი რომ დაიბადა, თითქოს დალაგდა სიტუაცია, შვილიშვილმა ცოტა შემოატრიალა ორივე, თუმცა, დროებით. ბავშვს გულში იხუტებდნენ, გიჟდებოდნენ, მაგრამ ჩემს ცოლს მაინც ამრეზად უყურებდნენ. დედაჩემი ყველაფერში ცხვირს ყოფდა, ყველაფერს უწუნებდა, სამზარეულოს არ აკარებდა, ამბობდა: ამ სახლში დიასახლისი მე ვარ, მოგწონთ თუ არა, ჩემი მომზადებული მიირთვით, ვერ ავიტან ფეხებში სხვა ამებლანდოსო. ჩემი ცოლი ხმას არ იღებდა, თუმცა, სწყინდა ვიღაცას რომ ეძახდა და არა რძალს. არ დამავიწყდება, დედაჩემი ცუდად გახდა, სახლში მხოლოდ ჩემი ცოლი და ბავშვი იყვნენ. ჩემმა ცოლმა სასწრაფო გამოიძახა და რომ უთხრეს, საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, ინფარქტის ნიშნებიაო. ბავშვი მეზობელთან დატოვა, საავადმყოფოში გაჰყვა და გვერდიდან არ მოსცილებია. ერთი წამითაც რომ არ ტოვებდა ჩვილ ბავშვს, ის დღეები დედამისს მიუყვანა, თავად კი დედამთილს ედგა თავზე და ღამეებს უთენებდა. თუმცა დედაჩემი ვერც ამან გატეხა. ნათესავმა რომ უთხრა: ეს რა რძალი გყოლია, ყველამ ვინატროთ ამისთანა გოგოო, დედაჩემს მადლობაც არ დასცდენია. უბრალოდ, ჩაილაპარაკა: აბა, როგორ უნდა, ამხელა ქონებას ვუტოვებ და აღარც მომიაროსო. ერთი სიტყვით, ვერაფრით მოიგო ჩემმა ცოლმა მისი გული. არადა, ზუსტად ვიცი, ყველაფერს გულით უკეთებდა და არც წყენას იმახსოვრებდა. მეორე შვილი რომ გვეყოლა, დედაჩემი იმაზეც აწუწუნდა: ცოტა მოგეცადათ, ერთი ბავშვი გაგეზარდათ და მერე გაგეჩინათ მეორეო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დედაჩემს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობაშიც შემოჰქონდა. საბოლოოდ ჩემმა ცოლმა ვეღარ აიტანა ამდენი საყვედური, შენიშვნა, დაძაბულობა, ნელ-ნელა ის სიყვარულიც სადღაც გაქრა და მიმატოვა. არც ქონება მოუთხოვია და არც ის სამკაულები წაუღია, რაც დედაჩემმა აჩუქა. რასაკვირველია, ვემუდარე, ვთხოვე, მაგრამ აღარ დაბრუნდა. ბავშვების ნახვასა და წამოყვანას არასოდეს მიშლიდა და სულ მეუბნებოდა: შენთან არაფერი მაქვს სასაყვედურო, უბრალოდ, თავად ხვდები რომ ჩვენს ურთიერთობაზე სხვების ჩარევამ იმოქმედა და ფაქტი სახეზეა. მე შენი არაფერი მინდა, ბავშვებს კი, როგორც მამა, რასაც ჩათვლი საჭიროდ, ის გაუკეთე. მათთან ურთიერთობას არასოდეს დაგიშლიო. მართლაც, არ მახსოვს, რაიმე მოეთხოვა ჩემთვის, თუმცა ვცდილობდი, სამივე უზრუნველყოფილი მყოლოდა. რაც ცოლს გავშორდი, დედა შეიცვალა, დატკბა და ცდილობდა, ჩემ მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა. ხშირად მიმეორებდა: არ იდარდო, შვილო, დედა ერთია, მაგისთანას და უკეთესს ასს მოიყვანო. მე კი იმ ასიდან, არცერთი არ მინდოდა, ჩემი შვილების დედა მიყვარდა და დღემდე მიყვარს. წლები რომ გავიდა, ჩემი ცოლი უცხოეთში გათხოვდა და შვილებიც წაიყვანა. დღეს, უკვე ასაკში შესული, გაბზრიალებულ სახლში მარტო ვზივარ. დედ-მამაც გარდამეცვალა, არც სხვა ცოლი მომიყვანია და შვილების მონატრებაში ვათენებ და ვაღამებ. ეს გამიკეთა „კეთილის მოსურნე“ დედამ. მან ჩემს მკლავებში დალია სული. თავად იმქვეყნად მშვიდად წავიდა, მე კი ჯოჯოხეთში დამტოვა.

დავითი, 59 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი