გულახდილი საუბრები

ჩემმა ქმარმა დედ-მამის სახლი გამაყიდვინა და პირველ სიყვარულთან ერთად უცხოეთში წავიდა

№37

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.09, 2022 წელი

სინანული
დაკოპირებულია

ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ვიცოდი, რა მექალთანეც იყო ჩემი საქმრო, მაგრამ ისე შემაყვარა თავი, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. რომ დავქორწინდით, არც მაშინ იკლებდა ქალებთან სიარულს და გართობას. ამაზეც თვალებს ვხუჭავდი. ვფიქრობდი, გადაუვლის, დაკაცდება და ოჯახს ჩაუჯდება-მეთქი. თუმცა, ვერც შვილებმა შეცვალა, ვერც დედ-მამის ჩხუბმა და ვერც ჩემმა საყვედურებმა და გაბუტვებმა. რომ დათვრებოდა, სულ პირველი შეყვარებულის სახელს ახსენებდა, ტიროდა, მოთქვამდა, გაიძახოდა: როგორ მიყვარდა და ხელი როგორ მკრა, როგორ გათხოვდაო.

გულში ვფიქრობდი: ამის ხასიათსა და ქალებისადმი დამოკიდებულებას რომ გაიგებდა, მიატოვებდა, გათხოვდებიდა, აბა, რას იზამდა, ჭკვიანი ყოფილა, რომ ჩემსავით სისულელე არ ჩაიდინა-მეთქი. პირველ შვილზე რომ დავორსულდი, გამაფრთხილა: იცოდე, თუ გოგო დაიბადება, ჩემი პირველი შეყვარებულის სახელი უნდა დავარქვაო. გადავრჩი, ბიჭი შემეძინა. მეორედ რომ დავრჩი ფეხმძიმედ, სანამ სქესს გავიგებდით, ისევ აიჩემა, მე უნდა დავარქვა სახელიო და მეორედაც გადამარჩინა ღმერთმა და ისევ ბიჭი დაიბადა. არადა, სიგიჟემდე მინდოდა, გოგო მყოლოდა და ჩემი ქმრის ახირებამ, ეს ოცნებაც ჩაკლა ჩემში. ერთი სიტყვით, მუშაობდა, მაგრამ ნახევარი ხელფასი ქალებში მიდიოდა. თუ დასასვენებლად ვიყავით, გადაეკიდებოდა ვინმე ქალს და ღამეები არ მოდიოდა. მე კიდევ, ვიჯექი ორ შვილთან ერთად და ველოდებოდი, ნაგულავები როდის მობრძანდებოდა. თუ რამეს ვეტყოდი, სიცილით მპასუხობდა: კარგი რა, კაცი ვარ, ხომ არ გტოვებ, გავიგულავე და მოვედი, გადამაყოლე ახლაო. წლები ემატებოდა და ამის მორჯულება არ იქნა. დედამთილ-მამამთილი ბოლო პერიოდში, ძირითადად, სოფელში იყვნენ. მხოლოდ რამდენიმე დღე თუ ჩამოვიდოდნენ და სულ იმას მეუბნებოდნენ: შვილო, გაძლება მოგცეს ღმერთმა, ჩვენი შვილია, მაგრამ ვის ჰგავს არ ვიცით, არ გეგონოს, მას ვიცავთ რამეში, პირიქით, შენ რომ არა, ამას ვერავინ გაუძლებდაო. მე დედისერთა ვარ და ჩემი მშობლები საკმაოდ დიდ ბინაში ცხოვრობდნენ. მეუბნებოდნენ: შვილო, გავყიდით სახლს, ჩვენ პატარა კორპუსის ბინაში გადავალთ, შენ ეს ფული მოიხმარე როგორც გინდაო. წინააღმდეგი ვიყავი. ორი ბიჭი მყავს და ვფიქრობდი, ასი წლის მერე, როცა ჩემი მშობლები აღარ იქნებოდნენ, მერე გავყიდი და ორივე ბიჭს ცალ-ცალკე ვუყიდი ბინას-მეთქი. ეს ჩემმა ქმარმაც იცოდა და ერთი წლის წინ, ატყდა, გინდა თუ არა, უცხოეთში უნდა წავიდე, იქ ჩემი ძმაკაცები არიან და სამუშაოს მიშოვნიან, მათთან ვიცხოვრებ ბინაში, მომბეზრდა აქ კაპიკებზე სამსახურში სიარულიო. ვიფიქრე, გონს მოეგო, ფიქრობს ოჯახზე და ამიტომ უნდა მეტი ფულის შოვნა-მეთქი. არ დამიშლია. ვუთხარი: კი ბატონო, წადი, მაგრამ, იმედია, იქ მაინც ფულს ისევ ქალებში არ დახარჯავ და შენს შვილებს გამოუგზავნი, უკვე დიდები არიან, ბევრი სჭირდებათ, გზაზე უნდა დავაყენოთ-მეთქი. დამეთანხმა: აბა, რა! მაგათთვის მივდივარ, მე რად მინდა რამეო. მოკლედ, იმდენი მელაპარაკა და მარწმუნა, იქ კარგი პირობები მხვდება, ბავშვებს ცხოვრებას ავუწყობ და არც შენ მოგაკლებ რამესო, მშობლების ბინა გამაყიდვინა და იმ ფულით დაიწყო საბუთების გაკეთება. ვიფიქრე, არა უშავს, ჩემებს დროებით ჩემთან გადმოვიყვან, მერე, ფულს რომ გამოაგზავნის, ნელ-ნელა ბიჭებს ცალ-ცალკე ვუყიდი ბინებს და მოვუწყობ-მეთქი. ხუთ თვეში ამერიკაში წაბრძანდა. მე ახლახან გავიგე, ის თავისი პირველი შეყვარებულიც თან წაუყვანია. შემთხვევით ვნახე – ქალბატონმა ჩემს ქმართან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში დადო. ისიც გავიგე, ქმარს გაშორებია და ჩემს ქმართან უკვე დიდი ხანია, დადიოდა. ამერიკაში წაბრძანება და იქ ერთად ყოფნაც ერთად დაგეგმეს. კინაღამ სისხლი ჩამექცა ტვინში. რისთვის გავყიდე მშობლების ბინა, რომ ჩემი ქმრის საყვარელმა იმ ფულით უცხოეთში იგულავოს? არ ვიცი, რა გამიკეთა ამ კაცმა, რომ ასე ვენდე, ასე დავუჯერე და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შევუწყვე ხელი. იმას არ ვდარდობ, რომ ოჯახი არ უნდა და ჩვენგან წავიდა, მხოლოდ იმას ვდარდობ, რომ შვილებს სახლი დავუკარგე, მომავალი მოვუსპე და ახლა, ოროთახიან ბინაში დავრჩით. რამდენიმე წელში ცოლებს რომ მოიყვანენ, როგორ უნდა დავეტიოთ, არ ვიცი. ჩემს ქმარს, ბოდიშით და, სულ ფეხებზე ჰკიდია. მთავარია, მის პირველ სიყვარულთან ერთად თავისუფლება იგემა და რისი ფულის გამომგზავნია.

ნელიკო, 46 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი